საჭმლის მომნელებელ სისტემაში სიცოცხლის სრულიად ახალი ფორმა აღმოაჩინეს
ჩვენს შიგნით მცხოვრები მიკრობების შესწავლისას, მკვლევრები ვირუსის მსგავსი ობიექტების სრულიად ახალ კლასს წააწყდნენ.
"ეს გადასარევია. რაც უფრო ღრმად ვიხედებით, მით უფრო მეტ უცნაურობას ვხედავთ", — თქვა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის უჯრედულმა ბიოლოგმა, მარკ პეიფერმა.
გენეტიკური მასალის ამ იდუმალ ნაწილებს არ აქვთ შესამჩნევი თანმიმდევრობა ან თუნდაც სტრუქტურული მსგავსება, რომელიც ცნობილია სხვა ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის.
შესაბამისად, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგი ივან ჟელუდევი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ მათი აღმოჩენა შესაძლოა სულაც არ იყოს ვირუსი. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სრულიად ახალი ჯგუფია.
"ობელისკები რნმ-ების მრავალფეროვან კლასს მოიცავს. ისინი ამდენი ხანი შეუმჩნეველი იყვნენ", — წერენ მკვლევრები ნაშრომში.
სიცოცხლის ამ ფორმას ეს სახელი (ობელისკები) უაღრესად სიმეტრიული, ღეროს მსგავსი სტრუქტურების გამო დაერქვა. ობელისკების გენეტიკური თანმიმდევრობა მხოლოდ 1 000 სიმბოლოს (ნუკლეოტიდების) მოიცავს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის იმის მიზეზი თუ რატომ ვერ შენიშნეს აქამდე ისინი.
კვლევაში ჟელუდევმა და მისმა ჯგუფმა აქამდე გამოქვეყნებული გენეტიკური თანმიმდევრობების 5,4 მილიონი მონაცემთა ნაკრები გააანალიზეს. შედეგად გამოავლინეს თითქმის 30 000 განსხვავებული ობელისკი. ისინი გამოჩდნენ ადამიანის მიკრობიომების დაახლოებით 10-პროცენტში.
ერთ შემთხვევაში ობელისკები პაციენტის ორალური ნიმუშების 50-პროცენტში აღმოჩნდა. უფრო მეტიც, სხვადასხვა ტიპის ობელისკები, როგორც ჩანს, გვხვდება ჩვენი სხეულის სხვადასხვა უბნებში.
"ეს ნიშნავს, რომ ობელსიკებს ადამიანის მიკრობიომში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. სავარაუდოა, რომ ისინი ბაქტერიებშიც ფართოდაა გავრცელებული", — აღნიშნულია კვლევაში.
თუმცა, ჟელუდევმა და მისმა გუნდმა ვერ დაადგინეს ობელისკების რაიმე გავლენა მათ ბაქტერიულ მასპინძლებზე. მკვლევრებმა ჯერ ისიც არ იციან თუ როგორ ვრცელდებიან ისინი უჯრედებს შორის.
"ეს ელემენტები, შესაძლოა, არ იყოს ვირუსული ბუნების და უფრო დაკავშირებული იყოს რნმ-ის პლაზმიდებთან", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის ნახვა bioRxiv-ზე შეგიძლიათ.
კომენტარები