ახალი სურათი გვიჩვენებს, რომ იაპონური კოსმოსური აპარატი მთვარეზე თავდაყირა დაეშვა
იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ ახალი სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ მათ მიერ მთვარეზე გაშვებული აპარატი SLIM ციურ სხეულზე თავდაყირა დაეშვა. იმის მიუხედავად, რომ ის დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე "ცხვირით" დაჯდა, ეს მთვარის მისიების ისტორიაში ყველაზე ზუსტი დაშვება იყო.
მთვარის სნაიპერად წოდებული მოდული მის ზედაპირამდე 19 იანვარს უსაფრთხოდ განთავსდა, რითაც იაპონიამ აშშ-ის, ჩინეთის, ინდოეთისა და საბჭოთა კავშირის გვერდით დაიკავა ადგილი, რომლებმაც ეს აქამდე შეძლეს. სამი საათის შემდეგ ის გაითიშა, რადგან მისი მზის პანელები ენერგიას ვერ გამოიმუშავებდა.
კომპანიონი რობოტის Sora-Q მიერ გადაღებული ახალი სურათით უკვე ცხადია, რატომ შეექმნა SLIM-ს ეს პრობლემა. საქმე ისაა, რომ თავდაყირა დაშვების გამო მის პანელებამდე მზის სხივები ვერ აღწევდა.
"მთავარი ძრავის ხარვეზმა აპარატის დაშვების სიმაღლეზე იქონია გავლენა, რის შედეგადაც მზის პანელები ახლა ვერ იტენება. მონაცემები წარმატებით გადმოვწერეთ, ხოლო ფართო დიაპაზონის კამერა იქამდე დავტესტეთ, სანამ ბატარეის დასაზოგად ენერგიით მომარაგებას შევწყვეტდით", — ვკითხულობთ სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
მთვარის სნაიპერი წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე 100 მეტრის რადიუსში უნდა დაშვებულიყო (სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი), რაც მან შეძლო. შედარებისთვის, სხვა მისიების დაშვების ზონა დაახლოებით 10 კილომეტრამდე რადიუსში ვრცელდებოდა, ამიტომ იაპონიის უკანასკნელი მიღწევა მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება Sora-Q-ს, მან SLIM-ისთვის გადაღებული სურათები მეორე კომპანიონ აპარატ LEV-1-ს გაუგზავნა, რომელიც ანტენითა და დამატებითი კამერითაა აღჭურვილი. ეს მონაცემები დედამიწაზე სწორედ LEV-1-ისგან მივიღეთ.
იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ მზისგან მომავალი სინათლის კუთხის ცვლილების შედეგად SLIM მცირედი ენერგიის გამომუშავებას მაინც შეძლებს.
კომენტარები