Current Biology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, მელბურნის, ლა ტრობის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ავსტრალიის ჩანთოსნები შეისწავლეს. მეცნიერებს პატარა ზომის ჩანთოსნების ძილის რეჟიმის გამოკვლევა სურდათ.

კვლევამ აჩვენა, რომ ეს არსებები შეწყვილების სეზონზე რეპროდუქციულ აქტივობებს ძილის საათებს წირავენ.

ანუ, შეკითხვაზე, ძილი თუ სექსი, ეს პატარა ჩანთოსნები ცალსახად სექსს არჩევენ.

ძილის უპრეცედენტო შეზღუდვა

ეს ამ სახის პირველი კვლევაა. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ მამრობითი სქესის antechinus-ები შეწყივლების პერიოდში ძილის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებენ.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ სახეობის მამრები შეწყვილების სეზონზე ძილის პერიოდს ანახევრებენ. ეს ფენომენი ძუძუმწოვრებში ძილის მნიშვნელობის კლასიკურ გაგებას ეჭვქვეშ აყენებს", — აღნიშნა ერიკა ზაიდმა პრესრელიზში.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს უჩვეულო ქცევა კომპრომისია ძილსა და რეპროდუქციას შორის. ეს გამოწვეულია სექსუალური კონკურენციით. სხვა არსებებისგან განსხვავებით, ამ სახეობის მამრებს სამი კვირის განმავლობაში სამი საათით ნაკლები ეძინათ. ეს ცოცხალ ორგანიზმებში ძილის მოთხოვნილების კლასიკურ თეორიასთან წინააღმდეგობაში მოდის.

ერთი შანსი

ამ სახეობის მამრობითი სქესის წარმომადგენლებს უცნაური ცხოვრება აქვთ. მათ შეწყვილების საშუალება ცხოვრებაში ერთხელ ეძლევათ და სულ ერთი წელი ცოცხლობენ. განსხვავებით მამრებისგან, ამ სახეობის მდედრები ორი წელი ცოცხლობენ.

"მამრებს ცხოვრებაში ერთი შანსი ეძლევათ და ეს სამკვირიანი შეჯვარების პერიოდში", — თქვა ჯონ ლესკუმ, კვლევის ავტორმა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ძილისმხრივ გაღებული ეს მსხვერპლი რეპროდუქციულ დიდ კონკურნეციასთანაა დაკავშირებული.

რაც საინტერესოა, კვლევამ აჩვენა, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში მამრები თავს კარგად გრძნობდნენ. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რომ ძილის ნაკლებობა ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.

აღმოჩენები ბადებს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს ეს არსება ძილის შემცირებას. ერიკა ზაიდი აღნიშნავს, რომ ამაში უცნაური არაფერია, რადგან ამ სახეობის მამრები ისედაც მალე კვდებიან, შეწყვილების საშუალება კი მხოლოდ ერთხელ ეძლევათ.

მკვლევრებს აინტერესებთ თუ როგორ ისახება ეს ყველაფერი მამრების ჯანმრთელობაზე შეწყვილების შემდეგ.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამის გასაგებად შემდგომი კვლევებია საჭირო. აღსანიშნავია, რომ შეწყვილების შემდეგ მამრები მალე იხოცებიან და სწორედ ამ "ნაადრევ" სიკვდილსა და უძილობას შორის კავშირს ეძებენ მკვლევრები.

ეს უპრეცედენტო კვლევა ხსნის ახალ გზებს ძილისა და რეპროდუქციულ ქცევებზე.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.