ნახეთ: როგორია ცხოველთა თვალით დანახული სამყარო
მეცნიერება კამერის ახალი სისტემა კომპიუტერულ პროგრამასთან გააერთიანეს, რათა შეძლებისდაგვარად ეჩვენებინათ, როგორ ხედავს სამყაროს სხვადასხვა ცხოველი. შედეგად მიღებული კადრების მიხედვით, ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ ფერს ბევრად მკვეთრად აღიქვამს, ზოგი კი — მკრთალად ან სულ სხვა ტონალობაში.
ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში ყვავილზე მჯდომი პეპელა Protographium marcellus-ია წარმოდგენილი, როგორსაც მას მეთაფლია ფუტკარი (Apis mellifera) დაინახავდა და პირიქით:
სპეციალისტებმა სულ 12 ვიდეო გამოაქვეყნეს, რომლებშიც ფრინველების, ცხოველებისა თუ მწერების სავარაუდო მხედველობაა ნაჩვენები. ამისთვის მათ ჯერ ბუნების ჩვეულებრივი ვიდეოები გადაიღეს, შემდეგ კი სათანადო პროგრამის მეშვეობით სხვადასხვა სახეობის მიერ აღქმადი ფერები გამოკვეთეს. ამ მეთოდის სიზუსტე 92%-ია.
"დიდი ხანია, აღგვაფრთოვანებს, თუ როგორ ხედავენ ცხოველები სამყაროს. სენსორულ ეკოლოგიაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგია იმის გაგების საშუალებას გვაძლევს, თუ როგორ გამოჩნდება სხვადასხვა სტატიკური გამოსახულება ცხოველთა თვალში. ამის მიუხედავად, მათი მნიშვნელოვანი ქმედებები ხშირად მოძრავ სხეულებს ეფუძნება.
ჩვენ წარმოგიდგენთ პროგრამულ და ტექნიკურ ხელსაწყოებს ეკოლოგებისა და რეჟისორებისთვის, რომლებსაც ცხოველთა მიერ აღქმული ფერების მოძრაობაში გადაღება შეუძლიათ", — აცხადებენ მკვლევრები.
მაგალითად, ქვემოთ ნაჩვენებია, როგორ ხედავს ფარშევანგის ბუმბულს თავად ეს ფრინველი, ადამიანი, ფუტკარი და ძაღლი:
ასეთი განსხვავება თვალში არსებული ფოტორეცეპტორებისა და ტვინის ნეირონული სტრუქტურის დამსახურებაა, რომელიც ამა თუ იმ სახეობაში ერთი და იგივე არაა. კერძოდ, ძაღლების თვალების სტრუქტურა იმ ადამიანებისას ჰგავს, რომლებიც მწვანე და წითელ ფერებს ვერ აღიქვამენ. მწერები კი ულტრაიისფერ სინათლეს კარგად ხედავენ.
მსგავსი სხვაობის წარმოდგენა აქამდე უძრავ გამოსახულებებში იყო შესაძლებელი, რისთვისაც, მაგალითად, სპექტროფოტომეტრიას მიმართავენ, თუმცა ამას დიდი დრო სჭირდება. მეორე მეთოდი მულტისპექტრული ფოტოგრაფიაა, რომელიც სივრცობრივი ინფორმაციის შეგროვებას ამარტივებს, მაგრამ მხოლოდ უძრავ ობიექტებზე მუშაობს.
ამ დაბრკოლების გადასალახად მეცნიერებმა ახალი სისტემა შექმნეს, რისთვისაც Sony a6400-ის ტიპის კამერები გამოიყენეს. ისინი ისე მომართეს, რომ წითელი, მწვანე, ლურჯი და ულტრაიისფერი სინათლე ერთდროულად აღბეჭდილიყო. შემდეგ ეს აპარატურა სამგანზომილებიანი პრინტერის მიერ დაბეჭდილ სტრუქტურაზე მიამაგრეს, რომელიც სხვადასხვა ფოტოგრაფიულ ხელსაწყოს აერთიანებს.
გადაღებული კადრები პროგრამით video2vision დამუშავდა, რაც ცხოველთა ფოტორეცეპტორების შესახებ ჩვენ ცოდნას დააფუძნეს, რათა მათ მხედველობასთან მაქსიმალურად მიმსგავსებული გამოსახულებები მიეღოთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები