რაებია ის ფერადი ფიგურები, რომლებსაც თვალების დახუჭვისას ან სიბნელეში ვხედავთ
ალბათ, უკვე იცით, რეებია ის ჭიების მსგავსი მოლივლივე ფორმები, რომლებსაც კაშკაშა და ერთგვაროვანი ზედაპირების — ცის, თოვლის, თეთრი ეკრანის — ყურებისას ვხედავთ.
იხილეთ: რა არის ის მოლივლივე გამჭვირვალე ფორმები, რომელსაც ზოგჯერ თვალების გახელისას ვხედავთ?
მეორე მხრივ, მსგავს ფიგურებს თვალდახუჭულებიც ვხედავთ ანდა — მაშინ, როდესაც ბნელ ოთახში ვიყურებით. ამ დროს თითქოს ფერები და ფორმები ბრუნავს ანდა სინათლეები ელავსო.
მსგავს ვიზუალურ შეგრძნებებს სხვადასხვა დაავადებაც შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, თუ ისინი მუდმივია და დისკომფორტს იწვევს, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ. მეორე მხრივ, თვალების დახუჭვისას ფერად წერტილებსა თუ ფორმებს თითქმის ყველა ჯანმრთელი ადამიანი ხედავს.
///
ამ ფიგურებს ფოსფენები ეწოდება. ესაა ადამიანის მიერ სინათლის შეგრძნება მაშინ, როდესაც სინათლის წყარო არ არსებობს. ფოსფენების დანახვა თვალების ნორმალური ფუნქციონირების შედეგია.
"ჩვენი თვალები სიბნელეში მუშაობას არ წყვეტს. ამის ნაცვლად ისინი სუსტ შინაგან სიგნალებს წარმოქმნის, რომლებიც სინათლის იმიტაციას აკეთებს. ამ სიგნალებს მუდმივად წარმოქმნის თვალის უკან არსებული უჯრედები", — განმარტავს კატრინ შმიდი, კვინსლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი — "მორევები და ტალღები, რომლებსაც ვხედავთ, ამ უჯრედთა აქტივობის ცვლილებითაა გამოწვეული".
შმიდის ახსნით, წერტილები შეიძლება ფერადი იყოს, რადგან ეს აქტივობა ფერის ამომცნობ უჯრედებშიც შეიმჩნევა. წარმოქმნილი სიგნალები ტვინს გადაეცემა, ეს ორგანო კი შემთხვევით აქტივობას ინტერპრეტაციას უკეთებს — ტვინი ვერ ხვდება, რომ ისინი ნამდვილ სინათლეს არ წარმოუქმნია, ამიტომ გვგონია, რომ ფერად სინათლეებსა და ფორმებს ვხედავთ.
ეს თითქმის ყველა ჯანმრთელ ადამიანში ხდება, თუმცა მაინც შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში თვალის ბადურას პრობლემებზე ან ნევროლოგიურ დარღვევებზე მიანიშნებდეს.
"თუ შეიცვალა ის, რასაც ხედავთ, სინათლე ბევრად უფრო შესამჩნევი გახდა ანდა უფრო დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, ეს ყველაფერი პრობლემებზე მეტყველებდეს", — ამბობს შმიდი.
სხვა მხრივ, ფოსფენებს მეტად მარტივი მიზეზის გამო ვხედავთ ხოლმე: თვალების ზედმეტად მოსრესის ანდა თვალის კაკალზე შემთხვევით (შეგნებულად ამის გაკეთებას არ გირჩევდით) მსუბუქი ზეწოლის შედეგად.
კომენტარები