ნახეთ: NASA-მ ასტეროიდიდან ჩამოტანილი ნიმუშებით სავსე სათავსო გახსნა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში ასტეროიდ ბენუზე შეგროვებული ნიმუშებით სავსე სათავსო გახსნეს, რასაც დიდი ხანი ცდილობდნენ.
საქმე ისაა, რომ მოპოვებული მასალის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მეცნიერებს გარედან ხელთათმანებით უწევდათ მუშაობა და მხოლოდ წინასწარ დაშვებული ხელსაწყოების გამოყენება შეეძლოთ. მათი მეშვეობით კი TAGSAM-ის სახელით ცნობილი მექანიზმის 35 მომჭერიდან 2 ვერ გაიხსნა, ამიტომ სხვა ინსტრუმენტების დამზადება გახდა საჭირო. ისინი მტკიცე, უჟანგავი და არამაგნიტური ქირურგიული ფოლადისგან უნდა გაეკეთებინათ.
ამის გამო კაფსულის გახსნის სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დროებით შეჩერდა. ამ დროის განმავლობაში დამზადდა და გამოიცადა ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც, საბოლოოდ, 11 იანვარს, სათავსოს ხუფი მოხსნეს.
ზედა სურათზე ბენუდან ჩამოტანილი ნიმუშებია ნაჩვენები, რომლებიც დეტალურად ჩანს. ეს კადრი ასტრომასალების მოწინავე გადაღებისა და ვიზუალიზაციის გუნდის წარმომადგენლებმა (AIVA) აღბეჭდეს.
გამოსახულებაზე არსებული ფრაგმენტები ეკუთვნის ასტეროიდს, რომელიც ჩვენი მზის სისტემის ფორმირების დროინდელია და ამ პერიოდის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. მათი გამოკვლევის გზით შესაძლოა, დედამიწისა და მისი მეზობელი პლანეტების ფორმირების შესახებ მეტი შევიტყოთ
ამ ნიმუშებს სპეციალურ ჭურჭელში მოათავსებენ, აწონიან და ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში წაიღებენ. აღსანიშნავია, რომ მოპოვებული მასალის მინიმალურ ზღვრულ ოდენობად 60 გრამი იყო გათვალისწინებული, მაგრამ მხოლოდ კაფსულის ზედა ნაწილიდან 70.3 გრამი ამოიღეს. ახლა ამას უშუალოდ TAGSAM-ში არსებული ფრაგმენტებიც დაემატება.
როგორც ცნობილია, სააგენტო ამ მატერიის 25%-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებას გაუგზავნის, 4%-ს კანადის კოსმოსურ სააგენტოს, 0.5%-ს კი იაპონიას. გრუნტის 70% ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში დარჩება, სადაც მას მეცნიერები შეისწავლიან.
კომენტარები