კლონირებული მაიმუნი 2 წლის შემდეგ ისევ ცოცხალია
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ მიერ კლონირებული მამრი რეზუს მაიმუნი 2 წლის შემდეგ ისევ ცოცხალია. ეს მოვლენა იმითაა გამორჩეული, რომ ამდენ ხანს აღნიშნული სახეობის არცერთ კლონირებულ პრიმატს უცოცხლია.
კერძოდ, ასეთი ემბრიონების თითქმის ნახევარი საშვილოსნოში გადანერგვიდან დაახლოებით მესამოცე დღეს მოკვდა, სხვებმა კი დაბადებიდან მხოლოდ რამდენიმე საათი, კვირა ან თვე იცოცხლეს. ამის მიზეზად მკვლევრები ჩანასახის განვითარებისას გენური ექსპრესიის პრობლემებს ასახელებენ.
რაც შეეხება გადარჩენილ რეზუსს, მის შესაქმნელად ახალი მეთოდი გამოიყენეს, რომელიც კლონირებული ემბრიონის პლაცენტის ჩამოყალიბების პროცესის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. საქმე ისაა, რომ პლაცენტის გენური ექსპრესია ნაყოფის განვითარებას უნდა მოერგოს და მასთან ერთად შეიცვალოს, მაგრამ კლონირებული მაიმუნების დიდ ნაწილში ასე არ ხდება.
პრობლემა ჩანასახის სომატური უჯრედების გარე შრეშია, ტროფობლასტში, რომელიც მას საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს და პლაცენტის დიდ ნაწილს ქმნის. ამ დაბრკოლების გადასალახად მეცნიერებმა კლონირებული ნაყოფის შიდა შრეები ჩვეულებრივ, არაკლონირებულ, ტროფობლასტში ფრთხილად გადაიტანეს.
კლონირებისთვის სპეციალისტებმა სომატური უჯრედის ბირთვის გადატანის (SCNT) მეთოდს მიმართეს, რომელიც კვერცხუჯრედის ბირთვის დონორი სომატური უჯრედით ჩანაცვლებას გულისხმობს. სწორედ ამ ტექნიკით შეიქმნა ცხვრის პირველი კლონი 1996 წელს. ის სხვა სახეობების შემთხვევაშიც წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ პრიმატებში მისი გამოყენება შედარებით რთული აღმოჩნდა.
პირველი ასეთი კლონირებული მაიმუნები 2018 წელს შეიქმნა და ბოლო წლებში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზარდა, მაგრამ მსგავსი ინდივიდები დიდხანს მაინც ვერ ცოცხლობდნენ. ზემოხსენებული მამრი რეზუსი ამ მხრივ გამონაკლისია.
როგორც ცნობილია, მკვლევართა ცდებისას ყოველ 113 ნაყოფიდან 1 გადარჩა და საშვილოსნოში გადანერგილი 11 ემბრიონიდან მხოლოდ ერთი განვითარდა. მათი თქმით, ეს მაინც იმედის მომცემია, თავად მეთოდი კი კლონირების გარდა ადამიანთა ხელოვნურ განაყოფიერებაშიც შეიძლება, გამოვიყენოთ.
რა თქმა უნდა, იქამდე კიდევ მრავალი ცდა არის ჩასატარებელი, რაც ეთიკურ გამოწვევებთანაცაა დაკავშირებული, რადგან ამ ექსპერიმენტების შედეგად მრავალი ცხოველი იღუპება. შესაბამისად, მეცნიერთა ნაწილი ასეთ ცდებს არ მიესალმება, მაგრამ ეს ჩინეთში სრულიად კანონიერია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები