მეცნიერებმა უძველესი კანის ნიმუში აღმოაჩინეს — იგი 21 მილიონი წლისაა
მეცნიერებმა განამარხებული კანი აღმოაჩინეს, რომელიც 21 მილიონი წლით თარიღდება. იგი ოკლაჰომაში იპოვეს, კირქვის გამოქვაბულთა სისტემაში. ეს ყველაზე ძველი კანის ნიმუშია, რომელიც კი ოდესმე გვიხილავს.
მიკროსკოპული დათვალიერებით დადგინდა, რომ ნიმუშს ნიანგის ტყავის მსგავსი, ხორკლიანი, ზედაპირი აქვს. სავარაუდოდ, იგი პალეოზური ერის რომელიმე რეპტილიას უნდა ეკუთვნოდეს.
განამარხებული ნიმუში ფრჩხილზე პატარაა და ეპიდერმისის არის — კანის ყველაზე გარე შრის, რომელიც ხმელეთის რეპტილიებს, ჩიტებსა და ძუძუმწოვრებს აქვთ.
მიგნება მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს იმის გასაგებად, თუ რა ევოლუციურ ადაპტაციებს ჰქონდა ადგილი, როდესაც სიცოცხლემ ხმელეთზე გადმოინაცვლა.
"ასეთი ძველი განამარხებული კანის აღმოჩენა განსაკუთრებული შესაძლებლობაა, წარსულს გადავავლოთ თვალი და გავიგოთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ადრე მცხოვრები ზოგიერთი ცხოველის კანი", — განაცხადა ითენ მუნიმ, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა.
მიგნება საკმაოდ უჩვეულოა, რადგან კანი და რბილი ქსოვილები ძალიან იშვიათად განამარხდება. შესაძლოა, ნიმუშის ამდენი ხნით შემონახვა გამოქვაბულთა სისტემის განსხვავებული მახასიათებლებით იყოს განპირობებული.
///
პრესრელიზის თანახმად, ამ ადგილას წვრილი თიხაა, რომელიც ხრწნას ხელს შეუშლიდა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ აქ ნავთობი ჟონავდა და ჟანგბადიც მწირი იყო.
"სავარაუდოდ, ცხოველები ამ გამოქვაბულთა სისტემაში ადრეულ პერმულ პერიოდში ჩაცვივდნენ და ძალიან წვრილი თიხის დანალექებში ჩაეფლნენ, რომელმაც ხრწნა შეაყოვნა", — ახსნა მუნიმ — "თუმცა გადამწყვეტი ისაა, რომ ამ გამოქვაბულთა სისტემაში ამ დროს ნავთობი აქტიურად ჟონავდა და კანის შემონახვა, სავარაუდოდ, ნავთობსა და ფისში არსებული ნახშირწყალბადების ურთიერთქმედებამ გახადა შესაძლებელი".
მკვლევრებს უჭირთ ცხოველის სახეობის დასახელება, რადგან კანის ნიმუშს ჩონჩხის ნარჩენები ნაკლებად აქვს.
ფაქტია, უძველესი ქმნილების კანი დღევანდელი რეპტილიებისას ძალიან ჰგავს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაბამისი სტრუქტურები ხმელეთზე გადარჩენისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეპიდერმისი ხმელეთზე ხერხემლიანების გადარჩენისათვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო. იგი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ბარიერია სხეულის შინაგან პროცესებსა და მკაცრ გარე სამყაროს შორის", — თქვა მუნიმ.
ნაშრომი ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები