ნახეთ: ჩინური ზონდის მიერ გადაღებული სურათი მარსზე მტვრის ქარიშხალს გვიჩვენებს
ჩინეთის მიერ მარსზე გაშვებულმა ზონდმა Tianwen-1 2022 წლის იანვარში წითელი პლანეტის ორბიტიდან მის ზედაპირზე მძვინვარე მტვრის ქარიშხალი გადაიღო, რისთვისაც საშუალო გარჩევადობის კამერა MoRIC გამოიყენა.
ეს გასაოცარი კადრი მოყვარულმა ასტრონომმა, ანდრე ლაქმა, მონაცემთა სპეციალური ბაზიდან CLPDS აიღო, დაამუშავა და შედეგად მიღებული გასაოცარი გამოსახულება სოციალურ ქსელში გააზიარა.
ფოტოზე ჩვენი მეზობელი პლანეტის მოწითალო ზედაპირს ვხედავთ, რომელზეც მტვრის უზარმაზარი მასა გადაადგილდება. ეს ტერიტორია ოლიმპის მთის მახლობლად მდებარეობს.
Tianwen-1-ზე დამონტაჟებული MoRIC-მეშვეობით მეცნიერები მარსზე არსებული ქვიშისა და მტვრის იდენტიფიცირებას ცდილობენ. ასევე, მათ შესახებ მონაცემებს აგროვებენ, რაც იქ მიმდინარე მსგავსი პროცესების უკეთ შესწავლაში გვეხმარება.
ამგვარი ქარიშხლების დაფიქსირება არა მხოლოდ ინფორმაციულია, არამედ შთამბეჭდავი ხედების ხილვის შესაძლებლობასაც გვაძლევს. ეს იმის წარმოდგენაში გვეხმარება, თუ როგორია წითელი პლანეტა.
მაგალითად, ლაქმა კიდევ ერთი კადრი დაამუშავა, რომელზეც იგივე შტორმია ასახული, თუმცა ის არაბთა გაერთიანებული საამიროების ზონდის Hope მიერაა აღბეჭდილი. სურათზე მარსი ნამგალა ფორმით მოჩანს, რადგან მისი დიდი ნაწილი ჩრდილშია მოქცეული.
რაც შეეხება Tianwen-1-ს, ის მარსის ორბიტაზე 2020 წლის ივლისში გაუშვეს, დანიშნულების ადგილამდე კი 2021 წლის თებერვალში მიაღწია. მასთან ერთად იქ მავალი Zhurong-იც გაგზავნეს, რომელიც ციურ სხეულზე უსაფრთხოდ დაეშვა.
მისი პირველადი მისია წარმატებით დასრულდა და ფუნქციონირებას ისევ განაგრძობდა, თუმცა 2022 წლის მაისში აპარატი დროებით გათიშეს. სამწუხაროდ, მისი მზის პანელები მტვრით დაიფარა, ამიტომ ენერგია ვეღარ შეივსო და გათიშულ მდგომარეობაში დარჩა.
კომენტარები