შორეული ვარსკვლავის გარშემო ეგზოპლანეტა WASP-69b გადაადგილდება, რომელსაც იუპიტერის მასის 30% აქვს. ის საკუთარ მნათობთან იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ მისი ორბიტული პერიოდი სულ რაღაც 3.9 დღეს გრძელდება. რა თქმა უნდა, ეს მისი ატმოსფეროდან აირების გამოდევნას უწყობს ხელს, რის გამოც ამ ციურ სხეულს კომეტის მსგავსი კუდი აქვს.

WASP-69b-ის აღნიშნული მახასიათებლის შესახებ ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ახალი ინფრაწითელი დაკვირვებების მიხედვით, მისი კუდი იმაზე გრძელია, ვიდრე ვვარაუდობდით. კერძოდ, ის სულ მცირე 580 000 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული და ძირითადად ჰელიუმისგან შედგება. უკანასკნელი მონაცემები მეცნიერებმა კეკის ობსერვატორიის მეშვეობით მოიპოვეს.

"შევძელით მკაფიოდ გვეჩვენებინა, რომ ჰელიუმის კუდი პლანეტის რადიუსს სულ მცირე 7-ჯერ აღემატება", — ამბობენ სპეციალისტები.

ამ ციური სხეულის მშობელი ვარსკვლავი WASP-69-ა. ის მზეზე ნაკლებად მცხუნვარე და მასზე ოდნავ პატარაა. ამის მიუხედავად, ეგზოპლანეტაზე მაინც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს, რადგან დაახლოებით ყოველ მილიარდ წელში ის მისი გავლენით 1 დედამიწის მასას კარგავს. მზის ქართან ურთიერთქმედების ასეთი შედეგი გავრცელებულია და ის მზის სისტემაშიც იჩენს თავს, თუმცა ნაკლები მასშტაბებით.

///

ასტრონომებმა WASP-69b-ის მასის ასეთი დანაკარგი რეალურ დროში შეისწავლეს, რისი შესაძლებლობაც ხშირად ნამდვილად არ ეძლევათ. ეს მათ იმ ფიზიკური მოვლენების უკეთ გაგებაში დაეხმარება, რომლებიც ეგზოპლანეტებზე ახდენს გავლენას.

რაც შეეხება WASP- 69b-ს მას ძალიან მკვრივი და ნისლიანი ატმოსფერო აქვს, რომელიც ნაწილობრივ ღრუბლიანია. აირებს ის სრულად ასე მარტივად ვერ დაკარგავს, რადგან 90 დედამიწის მასა აქვს. ვარსკვლავი მას რამდენიმე მილიარდ წელში სხვაგვარად გაანადგურებს, როცა წითელ გიგანტად გადაიქცევა და ციურ სხეულს პლაზმაში მოაქცევს.

ავტორებმა კვლევის შედეგები ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების 243-ე შეხვედრაზე წარადგინეს. მათი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.