ცნობიერება, შესაძლოა, დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ვითარდება — კვლევა
საუბარია მუცლად ყოფნის ბოლო სტადიაზე.
ცნობიერების განსაზღვრას ადამიანი დიდი ხანია ცდილობს. მასზე ფილოსოფოსები და მეცნიერები ოდითგანვე ფიქრობენ. ცნობიერი ყველას გვაქვს, მაგრამ როდის ჩნდება ის და როგორ ვითარდება ბოლომდე არ გვესმის.
და აი ახლა, ამაში უკეთ გასარკვევად ნეირომეცნიერები და ფილოსოფოსები გაერთიანდნენ.
მე-20 საუკუნეში მიაჩნდათ, რომ ცნობიერება დაბადებიდან რამდენიმე თვეში ვითარდებოდა. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, ცნობიერება შეიძლება ორსულობის ბოლო თვეშიც ჩნდება.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ საუბარია ორსულობის ბოლო სტადიაზე. მათ თავიანთი ნაშრომი Trends in Cognitive Sciences-ში გამოაქვეყნეს.
"ჩვილად ყოფნის პერიოდი არავის ამახსოვრდება, ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ ცნობიერება შედარებით გვიან ჩნდება", — თქვა ტიმ ბეინმა, მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
მკვლევრების თქმით, ცნობიერება კონკრეტულ მომენტში ვერ "ჩაისახება" და ის ნელ-ნელა, ეტაპობრივად იჩენს თავს. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ფენომენი ეტაპობრივად ვითარდება და მისი დასაწყისი ორსულობის ბოლო სტადიასთანაა დაკავშირებული.
კვლევის ფარგლებში ცნობიერება ოთხ ძირითად ეტაპად დაყვეს: ფუნქციური კავშირი, ფრონტალური ტვინის ქსელები, მულტისენსორული ინტეგრაცია და აღქმის ნერვული მარკერები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთხი მარკერი შესაძლოა სხვადასხვა დროს ყალიბედება — მაგალითად, მულტისენსორული ინტეგრაცია, ბოლო ასპექტში ვლინდება — ის მაინც აჩვენებს დინამიურ პროცესს, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ცნობიერება შეიძლება წარმოიშვას.
"კვლევამ გვიჩვენა, რომ ახალშობილებს სენსორული და განვითარებული კოგნიტური რეაქციების თანმიმდევრულ ცნობიერ გამოცდილებაში ინტეგრირება შეუძლიათ. ამით ისინი სხვების ქმედებებს ხვდებიან და შესაბამის პასუხს ამუშავებენ", — თქვა ლორინა ნაჩიმ, დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ფსიქოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა.
მკვლევრების თქმით, საწყის ეტაპზე საქმე ცნობიერების მხოლოდ მცირე ნაწილთან გვაქვს. მიუხედავად ამისა, დაკვირვებები აჩვენებს, რომ ის ახალშობილებში უკვე არსებობს.
მეცნიერები ჩვილების ტვინს fMRI ტექნოლოგიის გამოყენებით აკვირდებოდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ამ მხრივ მეტს გავიგებთ.
შესაბამისად, ფუნდამენტურ შეკითხვაზე პასუხი სრულად ჯერ კიდევ არ გვაქვს და დებატები კიდევ გრძელდება. მიუხედავად ამისა, ფაქტია, მეცნიერება სულ უფრო უახლოვდება პასუხს და ოდესღაც შეიძლება ზუსტად ვიცოდეთ თუ რას ნიშნავს იყო ცნობიერი არსება.
კომენტარები