ნახეთ: NASA-ს მარსმავალმა წითელი პლანეტის 1 დღე გადაიღო
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Curiosity ნოემბრის დასაწყისში წითელ პლანეტაზე დღის პერიოდი გადაიღო. კერძოდ, მან ორი შავ-თეთრი ვიდეო აღბეჭდა, რაც მისიის 4002-ე დღეს, ანუ სოლს (სოლის საშუალო ხანგრძლივობაა 24 საათი, 39 წუთი და 35 წამი) მოხდა.
ამ დროს მარსი დედამიწასთან მიმართებაში მზის მეორე მხარეს იყო, ამიტომ აპარატის სამეცნიერო კვლევები დროებით შეჩერდა. მსგავსი შემთხვევებისას დედამიწიდან ბრძანებები არ იგზავნება, რადგან შესაძლოა, მზის პლაზმამ სიგნალის ხარვეზი გამოიწვიოს.
სანამ ეს მოხდებოდა, მავალს HazCams-ის სახელით ცნობილი ორი კამერით გარემოს აღბეჭდვის მითითება მისცეს. როგორც წესი, ეს ხელსაწყოები ქვების, ფერდობებისა და პოტენციურად საფრთხის შემცველი სხვა ადგილების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება. ამის მიუხედავად, ხანმოკლე შესვენებისას მათ სხვა დანიშნულება მოუძებნეს.
///
შედეგად ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტაზე გადაღებული 12-საათიანი კადრები მივიღეთ. ისინი 1 მარსული დღის განმავლობაშია აღბეჭდილი, ადგილობრივი დროით დილით 5:30 საათიდან საღამოს 5:30 საათამდე. NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მარსის ზედაპირისა და ცის გარდა Curiosity-ის ჩრდილსაც ვხედავთ, რომელიც ადგილს იცვლის.
მეცნიერებს იმედი ჰქონდათ, რომ მარსის ღრუბლებსა და მტვრის ქარბორბალასაც დააფიქსირებდნენ, მაგრამ მსგავსი მოვლენები კადრებში არ მოხვედრილა.
სამაგიეროდ, ვიდეო შარპის მთის მიმდებარე ტერიტორიას გვიჩვენებს, 5-კილომეტრიანი შემაღლების, რომელიც გეილის კრატერშია განლაგებული. ამ რეგიონს Curiosity 2012 წლიდან იკვლევს.
კომენტარები