როგორია ტელეკომუნიკაციის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე
ციფრულ ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ტექნოლოგიურ განვითარებაზე იმაზე მეტი რამეა დამოკიდებული, ვიდრე ამას შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ. იმ პირობებში, როცა ნებისმიერი ინდუსტრია თუ სექტორი ციფრულდება, სანდო და ეფექტიანი ტელეკომუნიკაციების მნიშვნელობა ერთიორად იზრდება.
ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურა მოიცავს ქსელებს, ხელსაწყოებსა და სერვისებს, რომლებიც მონაცემების, ხმისა და ვიდეოკომუნიკაციების გადაცემას უზრუნველყოფენ. ყველაზე მარტივ მაგალითს თუ მოვიყვანთ, გამართული ტელეკომუნიკაცია საშუალებას აძლევს ბიზნესებს, რომ ერთმანეთს მარტივად დაუკავშირდნენ და სხვადასხვა სახის კომერციული ჯაჭვი არათუ არ გაწყვიტონ, მეტიც, უფრო ეფექტიანად აამუშაონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის — ამ სტატიაში განვიხილავთ ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც ტელეკომუნიკაციას მოაქვს.
ეკონომიკური სარგებელი განვითარებადი ქვეყნებისთვის
როგორც უკვე ვახსენეთ, ტელეკომუნიკაციას შეუძლია, ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი იყოს. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში ფართოზოლოვანი წვდომის 10%-ით ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.38%-ით ზრდას იწვევს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
- იზრდება ბიზნესის ეფექტიანობა – სანდო კავშირი ბიზნესს აძლევს საშუალებას, პროცესები უფრო მარტივად მართოს, ბაზარზე უფრო სწრაფად ოპერირებდეს და, შესაბამისად, ხარჯებიც მცირდება.
- იზრდება ინოვაციები – მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე წვდომა ახალისებს ინოვაციურ აქტივობებს, იწვევს ახალი ტიპის ბიზნესების, პროდუქტებისა და სერვისების გაჩენას.
- იზრდება წვდომა ბაზარზე – ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურა აკავშირებს ბიზნესს საერთაშორისო ბაზრებთან, ააქტიურებს საერთაშორისო ვაჭრობას და ზრდის ექსპორტის შესაძლებლობას.
- ჩნდება დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა – კოვიდ-19-ის პანდემიამ აჩვენა, რომ ზოგ სექტორში მუშახელი უფრო ეფექტიანია, როცა მას შესაძლებლობა აქვს, დისტანციურად იმუშაოს. გარდა ამისა, განვითარებად ქვეყანაში, სადაც ბიზნესს არ აქვს შესაძლებლობა, ადგილობრივ ბაზარზე ხელი მიუწვდებოდეს კვალიფიციურ კადრებზე, ტელეკომუნიკაციები რეკრუტირების ბაზარს საგრძნობლად გაუფართოებს.
ასევე იხილეთ: პირველად საქართველოში სრულყოფილი 5G — სელფი მობაილის წარმატებული გაშვება თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში
სამუშაო ადგილების შექმნა
ტელეკომუნიკაციების სფეროში ინვესტირება არაერთ სექტორში იწვევს სამუშაო ადგილების ზრდასაც. პირველ რიგში, ადამიანების დიდ რაოდენობას ასაქმებს თავად ტელეკომუნიკაციის სექტორიც სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სამომხმარებლო, ისე ტექნიკურ ნაწილში. დიდია მისი მნიშვნელობა ირიბად სამუშაო ადგილების შექმნის კუთხითაც — ელექტრონული კომერციის, ციფრული სერვისების და სხვა არაერთი "ახალი" ინდუსტრიის ზრდა ტელეკომუნიკაციების განვითარების დამსახურებაა.
ერთი შეხედვით, რთულად წარმოსადგენია, თუმცა დიდია ტელეკომუნიკაციის როლი სასოფლო ეკონომიკაშიც. მცდარია ის აზრი, რომ ტელეკომუნიკაციები მხოლოდ ქალაქის ზრდას ემსახურება. პირიქით, ის სოფელს ურბანულ გარემოსთან უფრო აკავშირებს, ქმნის ონლაინ ბიზნესის, განათლების, სამედიცინო მომსახურების პირობებს, რითაც იქ მცხოვრები ადამიანების რაოდენობის შემცირებას აკავებს. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 5G ტექნოლოგიის განვითარებაც, რომელიც წინამორბედებთან შედარებით, ბევრად დიდ გეოგრაფიულ არეალს დაფარავს და ბევრად მეტ ადამიანს დააკვავშირებს ერთმანეთთან.
განათლებისა და მედიცინის ხელმისაწვდომობის ზრდა
ტელეკომუნიკაციის განვითარებული ინფრასტრუქტურა საგრძნობლად ავითარებს ხარისხიან განათლებასა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის, როგორც უკვე ვახსენეთ, ქალაქიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ პუნქტებშიც. მსგავსი ხელმისაწვდომობა ამცირებს შესაძლებლობათა უთანასწორობას და დადებითად მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად განვითარებულია ესა თუ ის ქვეყანა, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებლობათა განაწილება რეგიონებს შორის განსხვავებულია. განათლება, ისევე როგორც მედიცინა, ურბანულ ცენტრებში მცხოვრები ადამიანებისთვის ბევრად ხელმისაწვდომია. 5G ტექნოლოგიების განვითარება ხელს შეუწყობს ტელეკომ ინდუსტრიას, მნიშვნელოვანი სერვისები ხელმისაწვდომი გახადოს ქვეყნის მასშტაბით, რაც პროცესებში მთელი მოსახლეობის ინტეგრირებას გაამარტივებს.
კომენტარები