გსმენიათ ღვინის ქვების შესახებ? ეს გახლავთ ღვინის მჟავის, კალიუმის მარილები, რომელიც ტემპერატურის დაცემისას გამოიყოფა და კრისტალების სახით ჭურჭელზე რჩება. სხვადასხვა ფერის ქვები უმეტესწილად ფხვიერი კონსისტენციისაა და შაქარს ან მარილს მოგაგონებთ. თუმცა, ბზინვარე კრისტალებმა ბრილიანტის ასოციაციაც შეიძლება გაგიჩინოთ. სწორედ ამ აზრმა გადააწყვეტინა თამარ აბულაძეს, სამეწარმეო საქმიანობა დაეწყო, ქართული ბრენდი დაეფუძნებინა და ის ევროპული ბაზრისთვის გაეცნო; ამ უკანასკნელის განხორციელებაში კი მას EU4Digital დაეხმარა — ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი, რომელიც ქართველ მეწარმეებს ხელს უწყობს განვითარებაში.

Wine Diamond ("ღვინის ბრილიანტი") — ასე ჰქვია ქართულ ბრენდს, რომელიც თამარმა 2021 წელს დააფუძნა. თუმცა, მეწარმეობის სურვილი ბევრად ადრე, "წინა ცხოვრების" შემდეგ გაჩნდა, როცა თამარმა ერთ-ერთ მსხვილ კორპორაციაში 20-წლიანი კარიერა დაასრულა და თავშესაქცევად ჯერ ნატურალური ქვებისგან დაიწყო სამკაულების დამზადება, მერე კი ღვინის სკოლაში სწავლას შეუდგა. მაშინ შეიტყო ღვინის ქვების შესახებაც და გადაწყვიტა, თავისი ახალი ინტერესები გაეერთიანებინა: რატომ არ შეიძლებოდა, რომ სამკაული ღვინის ქვისგან შეექმნა?

"რა სისულელეა, გამორიცხულია, არ გამოვაო, ასეთი რეაქცია ჰქონდათ მეღვინეებს, როცა ჩემი განზრახვის შესახებ მოვუყევი და ღვინის ქვები ვითხოვე", — იხსენებს თამარი, — "მაშინ ჩემი მთავარი მიზანი გახდა, ისინი დამერწმუნებინა, რომ ჩანაფიქრს შევასრულებდი".

ასე აღმოაჩინა ინოვაციური ქართული ბრენდის დამფუძნებელმა, რომ ღვინის ქვებისგან სამკაულების დამზადების პრაქტიკა მანამდე არ არსებობდა, მისი დასახული მიზნის მიღწევა კი არცთუ ადვილი მისია გახლდათ.

ათასი მცდელობა და პირველი წარმატება

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

ღვინის ქვებისგან სამკაულის შექმნა საკმაოდ რთულია, დიდ ყურადღებასა და დამზადების წესის ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს; სამკაულში მოქცეულმა ღვინის ქვამ არ უნდა დაკარგოს ავთენტიკური სახე, ფერი და სტრუქტურა. ამასთან, ის მიმზიდველი, პრაქტიკული და გამძლე უნდა იყოს, როგორც ნამდვილი სამკაული. სწორედ ამიტომ, თამარს თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად ბევრი მცდელობა დასჭირდა, თუმცა, საბოლოოდ მიაგნო დამზადების ტექნიკას, რომელიც დღეს უკვე მისი ექსკლუზიური და გასაიდუმლოებული საკუთრებაა.

"შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ მაშინ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი თომას ედისონის ისტორია გახდა. მას ხომ ნათურის ასანთებად ათასობით წარუმატებელი მცდელობა დასჭირდა", — ჰყვება Wine Diamond-ის დამფუძნებელი, — "ამასთან, როგორ შეიძლებოდა, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, რამე არ გამომსვლოდა?!".

ასე დაიწყო დიდი და შრომატევადი პროცესი, რომელსაც თამარი დღემდე მარტო უძღვება; მუშაობისთვის მას მხედველობასთან ერთად გონების დაძაბვა და საქმეზე სრული კონცენტრაცია სჭირდება. სწორედ ამიტომ, Wine Diamond-ის პროდუქცია, როგორც წესი, გვიან ღამით, ძლიერი განათების ქვეშ და სრული სიჩუმის ფონზე იქმნება.

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ თამარის ასეთ შემართებას და ენთუზიაზმს მისი ქმარიც სრულად იზიარებდა. როცა სიახლეს ეჭიდები, ოჯახის მხარდაჭერა გადამწყვეტიაო, გვეუბნება უკვე გამოცდილი მეწარმე.

ედისონის ბიოგრაფიით, პარტნიორის სიტყვებითა და თანამედროვე შესაძლებლობებით წახალისებულმა თამარმა მართლაც მიაღწია მიზანს და 2021 წელს ღვინის ქვისგან დამზადებული პირველი სამკაული დაასრულა. ასე დაიბადა ახალი ქართული ბრენდი, რომლის მიზანიც მხოლოდ საიუველირო პროდუქციის წარმოება როდია — Wine Diamond-ის სამკაულებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

"ჩემი ამოცანა იყო, ისეთი სამკაული შემექმნა, რომელიც გაუძლებდა დროს, წლებს", — აღნიშნავს თამარი, — "მსურდა, ამ სამკაულს ოჯახური ტრადიციაც გაეგრძელებინა: მაგალითად, 2020 წლის მოსავლით მიღებული სამკაული ათწლეულების შემდეგ, ბებიას შვილიშვილისთვის გადაეცა. სწორედ ამიტომ, ჩემი ბრენდის სლოგანია უკვდავება ღვინისა".

მეღვინეობის უკვდავი ტრადიცია კი ის ქვაკუთხედია, რომელიც თამარის ბრენდს ქართულ ხასიათს და სულ სხვა სიღრმეს სძენს.

სამკაულში მოქცეული 8000-წლიანი ისტორია

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

უკვე რა ხანია, საქართველო ამაყად ატარებს ღვინის სამშობლოს სახელს. ღვინო ქართული იდენტობის განუყრელი ნაწილია: ქვეყანაში გვაქვს ვაზის 525 ენდემური ჯიში და ღვინის დაყენების უძველესი ტექნიკა, ქვევრი, რომელიც UNESCO-ის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ამ ყველაფრის წარდგენა, განსაკუთრებით უცხოელი მომხმარებლისთვის, Wine Diamond-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. ჩემი ბრენდიც 8000-წლიანი ტრადიციის ნაწილი გახლავთო, ამბობს თამარი.

"ეს ბრენდი ჩემი შექმნილია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ის მხოლოდ მე არ მეკუთვნის. ის ჩემი ქვეყნის საგანძურის ნაწილია".

თამარ აბულაძე, Wine Diamond-ის დამფუძნებელი

საინტერესოა ისიც, რომ ამდენი ათასწლეულის განმავლობაში ღვინის კრისტალებისგან სამკაულის დამზადების იდეა არ გაჩენილა. თუმცა, ამ ინოვაციური იდეის განხორციელებისას თამარი ტრადიციებსაც ეყრდნობა და სამკაულის დასამზადებელ ნედლეულს დიდი რუდუნებით არჩევს.

"გაგონილი გექნებათ, ქართველებს ოდითგან სჩვეოდათ, რომ სხვისი ღვინის დაგემოვნებამდე აუცილებლად კითხულობდნენ, ვისი დაყენებული იყო ის", — ამბობს თამარი ღიმილით, — "ეს ნიშანდობლივია, რადგან ღვინო ცოცხალი ორგანიზმია; ღვინოში გადადის იმ ადამიანის ენერგეტიკა და ემოცია, რომელიც მასზე მუშაობს. სწორედ ამიტომ, ნედლეულს პიროვნული თვისებებით გამორჩეული მეღვინეებისგან ვიღებ".

ეროვნულ საქმესთან მჭიდრო კავშირის ხაზგასასმელად, Wine Diamond-ის ყველა პროდუქტს თან მოჰყვება ერთგვარი პასპორტი, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია როგორც ბრენდზე, ასევე საქართველოს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე. სწორედ ეს აქცევს მას ჩვენი ქვეყნის საუკეთესო "ელჩად" ევროპულ ბაზარზე — იქ, სადაც Wine Diamond ძალიან მალე გამოჩნდება.

ღვინის გზა ევროპული ბაზრისკენ

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

ყველა თანამედროვე ბრენდის მსგავსად, Wine Diamond-ის შემთხვევაშიც მალევე გაჩნდა ექსპორტზე გასვლის სურვილი და საჭიროება. თამარი მანამდე ჩართული იყო ევროკავშირის პროექტში, რომელიც გაცვლით პროგრამასაც მოიცავდა.

"გაცვლითი პროგრამით, ერთი თვის განმავლობაში იტალიაში საქმიანი შეხვედრები გვქონდა პოტენციურ პარტნიორებთან, რამაც დიდი გამოცდილება მომცა, ჩემი ბრენდი კი ძალიან გაზარდა", — იხსენებს თამარი, — "მოგვიანებით, ბრიუსელშიც ვიყავი სპიკერად მიწვეული, როგორც პროექტის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე".

თავდაპირველად, თამარმა ონლაინკომერციისთვის პლატფორმა Etsy შეარჩია, მაგრამ მცდელობა მხოლოდ ანგარიშის შექმნით შემოიფარგლა. თუმცა, ქართველმა მეწარმემ მალევე მეგობრისგან შეიტყო ევროკავშირის პროექტ EU4Digital-ის შესახებ და ელექტრონული კომერციის საკონსულტაციო ცენტრის პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

აი, EU4Digital-ის გამოჩენა კი Wine Diamond-ისთვის ძალიან დროული გამოდგა. ევროკავშირის ამ პროექტის ელექტრონული კომერციის საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც 2021 წლიდან საქმიანობს, აქამდეც არაერთ ქართულ ბრენდს დახმარებია ევროპულ ბაზარზე გასვლაში. თუმცა, რადგან Wine Diamond-ს ჯერჯერობით არ აქვს მაღაზია ფიზიკურ სივრცეში, ონლაინ კომერციის განვითარება მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

"პროგრამის ფარგლებში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა პირადი კონსულტაციები, როცა დარგის ექსპერტებს ვხვდებოდი და უშუალოდ ჩემს ბრენდთან დაკავშირებულ რჩევებს და რეკომენდაციებს ვიღებდი", — აღნიშნავს თამარი.

ქართველი მეწარმე ასევე მადლიერებით იხსენებს თავის მენტორს, ბენჯამინ კობლიკს, რომელსაც თამარისთვის რეკომენდაციების ხუთგვერდიანი ნუსხა გაუგზავნია. ამ რჩევების კვალდაკვალ კი, Wine Diamond მალე სათანადოდ იქნება წარმოდგენილი ევროპულ ბაზარზე.

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

"რადგან მისთვის პრიორიტეტული Etsy გახლდათ, თამარი კონსულტაციებს გადიოდა ექსპერტთან, რომელიც ამ პლატფორმას კარგად იცნობს. მისგან მიიღო რჩევები, რომელ პროდუქტებზე ფოკუსირდეს, როგორ შექმნას მათთვის სათანადო აღწერები და ფოტომასალა", — აღნიშნავს EU4Digital-ის ექსპერტი, ვალერია კუზნიაცოვა, — "ამასთან, თამარმა მიიღო კონსულტაციები ციფრულ მარკეტინგზე. გაიგო, რომ მისი შექმნილი პროდუქტი ძალიან გამორჩეული და უნიკალურია, ამდენად, მომხმარებლისთვის საჭიროა იმის ახსნა, რა არის [Wine Diamond] და რატომ უნდა შეიძინოს იგი".

"გაიგე, რა გაინტერესებს" — რჩევები დამწყებ მეწარმეებს

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

EU4Digital-ის კონსულტაციებიდან დაბრუნებულ თამარს დიდი გეგმები აქვს. ელექტრონული კომერციის განვითარებასთან ერთად, იგი მალე გახსნის პირველ შოურუმს, რომელიც მის ოთხივე ბრენდს გააერთიანებს: Wine Diamond-ის გარდა, აქ წარმოდგენილი იქნება ემოციის, ღვინის ემოციისა და მარილას პროდუქცია. მომხმარებელზე ზრუნვის გარდა კი, თამარს სურს, განსაკუთრებულად გაანებივროს თავისი მომავალი თანამშრომლებიც, ამიტომ აქტიურად მუშაობს მათთვის საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნაზე.

"მსურს, ჩემს თანამშრომლებს ჰქონდეთ განცდა, რომ დიდ საქმეს ემსახურებიან; რომ ის, მაგალითად, მხოლოდ გამყიდველი ან ეტიკეტის დამკვრელი კი არ არის, არამედ აკეთებს საქმეს, რომელიც აქამდე არავის გაუკეთებია", — ამბობს თამარი, — "მინდა, რომ ბედნიერი თანამშრომლები მყავდეს".

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

თანამშრომლების ბედნიერება რომ პრიორიტეტულია, თამარს ესეც "წინა ცხოვრებიდან" ახსოვს. ამბობს, საკუთარი საქმიანობის დაწყებისას, კორპორაციულ სფეროში მიღებული გამოცდილება და შეძენილი კავშირებიც ძალიან გამოსადეგიაო. ამასთან, მას ახალბედა მეწარმეებისთვის სხვა რჩევებიც აქვს.

"პირველ რიგში, დარჩით საკუთარ თავთან მარტო და გაიგეთ, რისი კეთება გაინტერესებთ", — აღნიშნავს თამარი, — "როცა საქმეს შეიყვარებთ, მას მომხმარებელიც აუცილებლად მიიღებს. მეორე რიგში, აუცილებელია სათანადო ცოდნის მიღება, რის საშუალებასაც ევროკავშირის მრავალმხრივი პროექტები იძლევა.

"ამ ყველაფერთან ერთად კი, აუცილებელია, ცოტა ხნით გვერდით არ გაიხედოთ და მხოლოდ წინ, საკუთარ მიზანზე ფოკუსირდეთ. თუ რაღაც არ გამოდის, არ იფიქროთ, რომ იდეაა ცუდი, უბრალოდ, შეიძლება არასწორი გზით უდგებით. შეცვალეთ გზა, დააგროვეთ მეტი ცოდნა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ საქმე".

თამარი ამატებს, საწყის ეტაპზე ყველაზე დიდია საშიშროება, დანებდე, ამის საფუძველი კი შეიძლება ახლობელი ადამიანების გადაკრულად, ქილიკით ნათქვამიც გახდესო. სწორედ ამიტომ, ახალბედა მეწარმეებს უკვე წარმატებული და გამოცდილი ადამიანების ისტორიის გაცნობასაც ურჩევს — თავდაპირველად, ედისონის ბიოგრაფიაც კმარაო, ღიმილით ამატებს.


EU4Digital-ის ინიციატივა, რომლის დახმარებითაც Wine Diamond მალე ექსპორტზე გავა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ელექტრონული ვაჭრობის პროცესის გამარტივებასა და ჰარმონიზაციაში ეხმარება. ეს პროექტი ნაწილია უფრო მასშტაბური პროგრამისა, რომელიც საზღვარგარეთული ელექტრონული ვაჭრობის ხელშესაწყობ აქტივობებს მოიცავს. შედეგად, აღნიშნული ქვეყნები ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის ნაწილად იქცევიან.

"EU4Digital საქართველოში ელექტრონული ვაჭრობის ეკოსისტემის შეფასებაზეც მუშაობს: ეხმარება მას, თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან", — აღნიშნავს ვალერია, — "სულ მალე მზად იქნება ასეულობით გვერდის მოცულობის ანგარიში, სადაც სიღრმისეულად განიხილება, რომელ ნაწილშია საქართველო წარმატებული და რომელშია საჭირო კიდევ ცოტაოდენი მუშაობა. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებსა და რჩევებს, როგორ უნდა მოვიდეს ევროკავშირთან თანხვედრაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი მხარე, სტანდარტები და ელექტრონული კომერციის ეკოსისტემა".

თუკი გსურთ, მეტი გაიგოთ EU4Digital-ზე, მისი ელექტრონული კომერციისა და ელექტრონული ვაჭრობის სხვა მხარდასაჭერ პროგრამებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ უწყობს ინიციატივა ხელს მდგრადი ციფრული ეკონომიკის შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ეწვიეთ პროექტის ვებსაიტს. აქვე გაიგებთ ინფორმაციას მიმდინარე პროგრამებსა და მათში ჩართვის გზებზე.

Wine Diamond-ის ისტორიისა და პროდუქციის გასაცნობად კი ბრენდის ვებსაიტს შეგიძლიათ ეწვიოთ.

სტატია მომზადებულია EU4Digital-ის პროგრამის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ მისი ავტორის პოზიციას.