14 წელი 6 წუთში — ნახეთ 4 000 გალაქტიკის დინამიკა გამა გამოსხივებაში
NASA-ს ფერმის კოსმოსური გამა-ტელესკოპის მისიაზე მომუშავე მეცნიერებმა 14 წლის განმავლობაში მოპოვებული მონაცემები 6-წუთიან ვიდეოში აჩქარებულად წარმოგვიდგინეს. კადრებში ირმის ნახტომისა და მის ფონზე არსებული ათასობით გალაქტიკის დინამიკა ჩანს, რომელიც ჩვენი თვალისთვის უხილავია.
ზემოხსენებული ობსერვატორიის მთავარი ხელსაწყო LAT-ია, რომელიც ერთ ჯერზე ცის დაახლოებით 20%-ს აკვირდება, ხოლო მთლიან რეგიონს ყოველ 3 საათში ერთხელ ფარავს. ის 20 მილიონი ელექტრონვოლტიდან 300 გიგაელექტრონვოლტზე მეტი ენერგიის მქონე გამა გამოსხივებას აფიქსირებს. შედარებისთვის, ხილული სინათლის ენერგია მხოლოდ 2-3 ელექტრონვოლტია.
ბოლო 14 წელში ფერმის ტელესკოპმა ამგვარი ემისიის 7000-ზე მეტი წყარო გადაიღო, რომელთაგანაც 4000 აქტიური გალაქტიკაა, დანარჩენი კი პულსარის ტიპის ნეიტრონული ვარსკვლავები და ა.შ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს, მაგრამ მათი სინათლე ჩვენამდე ახლაღა აღწევს.
///
ეს ყველაფერი სწორედ ახალ ვიდეოშია გაერთიანებული, რომელიც 2 განსხვავებულ ხედს გვიჩვენებს. ერთი ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ სიბრტყეს ასახავს, რომელზეც ვარსკვლავთშორის აირთან მნათობთა სხივების ურთიერთქმედებით წარმოქმნილი სიკაშკაშეა აღბეჭდილი. ფონზე შორეული გალაქტიკებია, რომლებიც მეორე ხედში უფრო მკაფიოდ დამზერადია. იქ ირმის ნახტომის სამხრეთ და ჩრდილოეთ "პოლუსს" ვხედავთ.
კადრებში ბლაზარების, ანუ აქტიური გალაქტიკური ბირთვების სინათლეა. ისინი მასიური შავი ხვრელების გამო ძალიან ელვარებს, რადგან დიდძალი გრავიტაციის გავლენით ამ რეგიონებიდან მატერიის სწრაფი ნაკადები იტყორცნება.
ფერმის ტელესკოპის მიერ წლების განმავლობაში დაფიქსირებული დინამიკა ცვლილებებზე მიანიშნებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ პროცესების შესწავლა მნიშვნელოვანია, რაშიც ხმელეთზე განლაგებული ტელესკოპებიც უნდა ჩაერთოს.
რაც შეეხება ფერმის, ის 2008 წელს გაუშვეს, რათა დედამიწის ორბიტიდან გამა გამოსხივებები შეესწავლა. მისიას ეს სახელი ცნობილი ფიზიკოსის, ენრიკო ფერმის, პატივსაცემად უწოდეს.
კომენტარები