და აი ისიც, კიდევ ერთი წრე მზის გარშემო. ეს მოგზაურობა მეცნიერებისთვის პროდუქტიული, მრავალფეროვანი და დატვირთული გამოდგა.

2023 წელი გამორჩეული იყო კოსმოსური მისიებით, არანაკლებ საყურადღებოა მიღწევები მედიცინაში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ტექნოლოგების მხრივ და სხვა.

როგორც უკვე მიხვდებოდით, ამ სტატიაში მოგიყვებით იმ მთავარ სამეცნიერო მიღწევებსა თუ აღმოჩენებზე, რომლებიც 2023 წელს მოხდა.

კოსმოსი

როგორც კარლ სეიგანი იტყოდა, კოსმოსი ყველაფერია, რაც არის, იყო და იქნება. ამიტომ, მოდით დავიწყოთ კოსმოსით:

Starship:

ფოტო: SpaceX

წელს ბევრი საინტერესო კოსმოსური მისია დაიგეგმა და განხორციელდა. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Starship-ის დებიუტია. დიახ, აპრილში რაკეტა Starship-ის სადებიუტო ფრენა შედგა!

20 აპრილს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი უმძლავრესი რაკეტა Starship ისტორიული უეკიპაჟო მისიის ფარგლებში წარმატებით გაუშვეს! ეს ყველაფერი მარსთან კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს. ამ აპარატით ადამიანები სწორედ წითელ პლანეტაზე გაემგზავრებიან, თუმცა მანამდე იქნება მთვარე.

რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. და მაინც, მისია წარმატებულად ჩაითვალა. თავად ილონ მასკი მსგავსი სცენარისთვის მზად გახლდათ, რადგან განაცხადა, რომ წარმატების შანსი 50-50-ზე იყო.

უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, Starship-ის სამომავლო კოსმოსურ ვოიაჟში პირველი გაჩერება მთვარე იქნება. 2025 წელს მისი დახმარებით მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება. შემდეგი გაჩერება კი მარსი უნდა იყოს. შესაბამისად, ასეთი მძლავრი და მნიშვნელოვანი რაკეტის დებიუტი ნამდვილად წლის მოვლენაა.

ასტეროიდი ბენუ

ფოტო: NASA

24 სექტემბერს იუტის შტატის უდაბნოში კაფსულა დაეშვა, რომელშიც ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები იყო მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ NASA-ს აქამდე მსგავსი მისია არ ჰქონდა განხორციელებული.

მანამდე იყო რთული მისია: 2020 წლის ოქტომბერში კოსმოსური ხომალდი ბენუს ზედაპირზე დაეშვა და დაახლოებით 250 გრამი კლდოვანი მასალა შეაგროვა. ამ მიღწევით NASA-მ პირველად მოახერხა ასტეროიდების ნიმუშის მოპოვება უშუალოდ კოსმოსში. არანაკლებ რთული იყო ბენუზე შეგროვებული გრუნტისა და მტვერის დედამიწაზე დაბრუნება.

რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი?

ფოტო: NAS

ასტეროიდის ხელუხლებელი ფრაგმენტები შეიძლება ფასდაუდებელ ინფორმაციას ინახავდეს. ეს მზის სისტემის ფორმირების გაგებაში შეიძლება დაგვეხმაროს. მკვლევრებმა უკვე გაანალიზეს ნიმუშები და დაასკვნეს, რომ ასტეროიდი სიცოცხლის ძირითად სამშენებლო ბლოკებს შეიცავს.

ნასაში ვარაუდობენ, რომ ბენუს მსგავსმა ასტეროიდებმა დედამიწაზე სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი საშენი ბლოკები "ჩამოიტანეს". კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ დედამიწაზე წყალი სწორედ ასტეროიდებიდან მოხვდა.

გრავიტაციული ტალღები

კოსმოსზე ვსაუბრობთ და რთულია გრავიტაციული ტალღები არ ვახსენოთ.

ფოტო: Aurore Simonnet / NANOGrav Collaboration

29 ივნისს გავიგეთ, რომ მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების კვალი დააფიქსირეს. ამისთვის ასტრონომებმა პროექტ NANOGrav-ის ფარგლებში სხვადასხვა რადიოტელესკოპი გამოიყენეს, მათ შორის გრინ ბენკის ტელესკოპი და არესიბოს ობსერვატორია.

ცნობისთვის, გრავიტაციული ტალღები მასიური ობიექტების შეჯახებისას წარმოიქმნება. ასეთია, მაგალითად, შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები, რომელთა შერწყმის შედეგადაც სამყაროში დრო-სივრცის ერთგვარი პულსაციები ფორმირდება. სწორედ ამაზე მიანიშნებს ახალი აღმოჩენა.

მეცნიერებმა გრავიტაციულ ტალღებზე დასაკვირვებლად ახალი მეთოდი გამოიყენეს. ისინი არა მაღალი სიხშირის, არამედ ულტრადაბალი სიხშირის სიგნალებზე კონცენტრირდნენ, რომელთაგანაც ზოგიერთის ტალღური სიგრძე შესაძლოა, ათობით სინათლის წლის მანძილზე იყოს გადაჭიმული.

აღსანიშნავია, რომ გრავიტაციული ტალღების მეცნიერულ გაგებას მთლიანად სამყაროს აღქმის შეცვლა შეუძლია. ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში თუ რა ხდება შავ ხვრელებში, რა არის ბნელი ენერგია-ბნელი მატერია და რაც მთავარია, რა ხდებოდა სამყაროს გაჩენის მომენტში.

შემდეგი პოდკასტი: გრავიტაციული ტალღები — რისგან შედგება სივრცე-დრო

უძველესი გალაქტიკები

წლის შეჯამება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ხსენების გარეშე არ გამოგვივიდოდა. და აი ისიც, ვების ტელესკოპმა უძველესი გალაქტიკები აღმოაჩინა.

ასტრონომებმა 16 გალაქტიკა შეისწავლეს. მათგან რამდენიმე უძველესი გალაქტიკა იყო, რომელიც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ. მკვლევრების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ უძველეს გალაქტიკებში ქიმიური სიმრავლე შემდგომი გალაქტიკების ერთი მეოთხედია.

გალაქტიკები იმდენად ძველია, რომ ისინი დიდი აფეთქების შემდეგ ძალიან მალე უნდა გაჩენილიყვნენ.

ნეიტრინოს დაფიქსირება

ფოტო: Yuya Makino / IceCube / NSF

2023 წელი ნეიტრინოს დაფიქსირებითაც მნიშვნელოვანია. ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ირმის ნახტომის ცენტრიდან მომავალი მაღალი ენერგიის მქონე ნეიტრინოების ემისია დააფიქსირეს. ეს IceCube ობესრვატორიის გამოყენებით მოხდა.

ნეიტრინოები სუბატომიური ნაწილაკებია, რომელთა აღმოჩენა წარმოუდგენლად რთულია. ამის მიზეზი კი მუხტის ნაკლებობასა და პრაქტიკულად არ არარსებულ მასაშია.

ნეიტრინოს აქვს უნარი შეუმჩნევლად გაიაროს ყოველგვარ მასაში. ამის გამო მას ზედმეტსახელად "მოჩვენება ნაწილაკებიც" კი უწოდეს. ისინი ფაქტიურად უცვლელი რჩება და შორეული კოსმოსური მოვლენების შესასწავლად იდეალურია.

ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვანია ასტრონომიისთვის და ის სამყაროს გასაგებად ახალ სივრცეს აჩენს. ნეიტრინოსა და მატერიას შორის სუსტი ინტერაქციის გამო, ნეიტრინოზე დაკვირვება შავი ხვრელების შესასწავლად უმნიშვნელოვანესია. ამით შეიძლება გავიგოთ ის, თუ რა ხდება შავი ხვრელების ჰორიზონტს მიღმა.

46 000 წლის გაყინული ჭიების გაცოცხლება

ფოტო: Videologia/iStock

ივლისის ბოლოს შევიტყვეთ, რომ მეცნიერებმა 46 000 წლის გაყინული ჭიები გააცოცხლეს. რაც ასევე საინტერესოა, კვლევაში უშუალოდ ჩართული იყო ქართველი მეცნიერი, თეიმურაზ კურცხალია.

ზოგიერთი ასეთი მცირე ზომის არსება იმდენად გამძლეა, რომ მკაცრ პირობებში სასიცოცხლო ფუნქციებს დიდი ხნით ინარჩუნებს, რასაც კრიპტობიოზის მდგომარეობაში ყოფნის გზით ახერხებს.

კრიპტობიოზი სამეცნიერო ფანტასტიკისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. ფანტასტებისთვის ეს ადამიანების ათასობით წლით "დაძინების" საშუალებაა. რეალურ სამყაროში ასეთი ჭიების გენეტიკის გააანალიზებამ ბევრად მეტი შეიძლება გვითხრას კრიპტობიოზზე და ვინ იცის, ოდესმე კრიპტობიოზი ადამიანებისთვისაც შესაძლებელი გახდეს.

მაიმუნის ქიმერა

ფოტო: ფლუორესცენტული მწვანე 3 დღის ასაკის მაიმუნის ქიმერის თვალებსა და თითებზე მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ქსოვილების დიდი ნაწილი დონორი ემბრიონის ღეროვანი უჯრედებისგან წარმოიქმნა. Cao et al., Cell, 2023

ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად გენური ინჟინერია სულ უფრო აქტუალური ხდება. ნოემბერში შევიტყვეთ, რომ ჩინეთში მაიმუნის ქიმერა დაიბადა. მას სხვა ემბრიონის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ მაიმუნის ქიმერა დაიბადა.

მაიმუნს ემბრიონულ ფაზაში სხვა ემბრიონის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ემბრიონები მაიმუნის გენეტიკურად განსხვავებულ სახეობებს ეკუთვნოდა. მაიმუნის ქიმერაში დონორის უჯრედები დიდი რაოდენობით იყო — საშუალოდ 67% 26 სხვადასხვა ტიპის ქსოვილში.

გადანერგილი ღეროვანი უჯრედებისგან წარმოქმნილი იყო ტვინის, გულის, თირკმელების, ღვიძლისა თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის ქსოვილების დიდი ნაწილი.

მეცნიერების თქმით, ამას დიდი გავლენა ექნება ნეირონულ დაავადებებზე მეტის გაგებისა თუ გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენის კუთხით.

მედიცინა

წლის შეჯამება შეუძლებელი იქნებოდა მედიცინის გარეშე. ამ მხრივ 2023 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო.

მთლიანი თვალის გადანერგვა

ფოტო: Nyu Langone Health/Reuters

ისტორიაში პირველად, ქირურგებმა კაცს მთლიანი თვალი გადაუნერგეს. სახის გადანერგვის პროცედურების კუთხით ეს ნამდვილ გარღვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ტრანსპლანტატის მიმღები კაცი დანახვას ახალი თვალიდან.

NYU Langone Health-ის ქირურგებმა დონორს სახის ნაწილი და მთლიანი მარცხენა თვალი, ასევე სისხლის მარაგი და ოპტიკური ნერვი, მოაშორეს, შემდეგ კი ისინი პაციენტს ადაუნერგეს.

ექიმების თქმით, თვალი საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება — იგი სისხლით კარგად მარაგდება, წნევას ინარჩუნებს და ელექტრულ სიგნალებსაც წარმოქმნის.

ექიმებმა აღნიშნეს, რომ სახის გადანერგვა ექსპერიმენტული პროცედურა აღარაა და "მკურნალობის სტანდარტად" უნდა მიიჩნეოდეს, როცა სერიოზულ დასახიჩრებასთან გვაქვს საქმე. თვალის სრულად გადანერგვა კი ამ მხრივ ისტორიული მოვლენაა.

სიმსივნესთან ბრძოლა

ფოტო: peterschreiber.media/iStock

ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში შევიტყვეთ, რომ კიბოს უჯრედების განადგურების სრულიად ახალ გზას მიაგნეს. ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ხელოვნური დნმ-ის გამოყენებით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. ლაბორატორიულ ტესტებში მეთოდმა კარგად იმუშავა. მან გაანადგურა ადამიანის საშვილოსნოს ყელის და მკერდის კიბოს უჯრედები, ასევე ავთვისებიანი მელანომის უჯრედები თაგვებში.

ეს ახალი მიდგომა განსხვავდება კიბოს სამკურნალო საშუალებების ტრადიციული მკურნალობისგან და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ წამლების განვითარების ახალ ეპოქას შექმნის.

ამ მიმართულებით საინტერესო იყო აგვისტოს თვეც. ზაფხულში მეცნიერებმა გამოავლინეს უჯრედები, რომლებსაც გვიანი სტადიის სიმსივნის განადგურება შეუძლია და შეიმუშავეს ახალი ქიმიოთერაპია, რომელმაც ცხოველებში მყარი სიმსივნეები გაანადგურა.

ასევე სასიამოვნო სიახლე იყო დეკემბრის ამბები. წლის ბოლოსთვის გავიგეთ, რომ შეიმუშავეს კიბოს საწინააღმდეგო აბი, რომელმაც დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. Divarasib — ასე ჰქვია ახალ წამალს და მან კვლევებში კარგი შედეგები აჩვენა. კაფსულა სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შეიმუშავეს და მკვლევრების თქმით, მისი შედეგები არსებულ ალტერნატივებს აშკარად აღემატება.

Divarasib-ისა და Cetuximab-ის მეთოდების კომბინირების შემთხვევაში პაციენტების 62%-ს კარგი შედეგები ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ პაციენტებში დაავადება ან მთლიანად აღმოიფხვრა, ან ზომაში შემცირდა.

ეს ყველაფერი ერთად გვაფიქრებინებს, რომ კიბოს დამარცხება შეგვიძლია და ასეთი მომავალი შეიძლება არც ისე შორს იყოს.

ალცჰაიმერთან ბრძოლა

ფოტო: National Institute on Aging, NIH / Flickr

საინტერესო იყო 2023 წელი ალცჰაიმერთან ბრძოლის მხრივაც. გაზაფხულზე გამოჩნდა ახალი პრეპარატი, რომელიც ალცჰაიმერის პროგრესირებას 35%-ით ანელებს.

ალცჰაიმერი ყოველწლიურად ათობით მილიონ ადამიანზე ახდენს გავლენას და მათში კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას იწვევს. კომპანია Eli Lilly-ის ახალი პრეპარატი მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან კლინიკურ ცდაში მან დაავადების პროგრესირება საგრძნობლად შეანელა.

Donanemab-ის სახელით ცნობილმა მედიკამენტმა სიმპტომური ალცჰაიმერის ადრეულ ეტაპზე პაციენტებში კოგნიტიური და ფუნქციური დაღმასვლა 35%-ით შეანელა.

როგორც ცნობილია, კვლევის უკანასკნელ შედეგებზე დაყრდნობით, კომპანია უახლოეს მომავალში აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოში განაცხადს შეიტანს. მისი მხარდაჭერით, Eli Lilly შეეცდება, რომ პრეპარატმა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან შემოწმება გაიაროს და გამოყენების ნებართვისკენ გაუკვალოს გზა.

სანამ Eli Lilly ნებათვას ელოდება, ეს უფლება იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანიმ მიიღო. Eisai-სა და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Biogen-ის მიერ შექმნილი Leqembi ზაფხულში FDA-იმ დაამტკიცა.

FDA-ის პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის წამლების მრჩეველთა კომიტეტმა (PCN) Leqembi 100 მგ/მლ ინექცია დაამტკიცა. ცდებმა აჩვენა, რომ Leqembi-ის კოგნიტური დაქვეითების 27-პროცენტით შემცირება შეეძლო.

ერთია მკურნალობა და მეორე დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. სამხრეთ კორეაში შექმნეს ჭკვიანი ლინზები, რომლებიც ალცჰაიმერს ადრეულ ეტაპზე ავლენს. ლინზა პაციენტის თვალში თავსდება, რათა მან ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური ცვლილებები, ანუ დაავადების ინდიკატორები დააფიქსიროს. ის ტვინის სხვა ნევროლოგიური და დეგენერაციული დარღვევების დიაგნოსტირების საშუალებასაც იძლევა.

სიცოცხლის გახანგრძლივება

ფოტო: scitechdaily

რატომ ვბერდებით? — რამდენიმე საუკუნის წინ, ამ შეკითხვებზე პასუხი იყო, რომ სიბერე ბუნებრივი პროცესია და მას ვერავინ გაექცევა. . . თუმცა, დღეს ბევრი მეცნიერი სიბერეს არა თავისთავად მოცემულობად, არამედ დაავადებად აღიქვამს, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და ოდესღაც დავამარცხოთ კიდევაც.

"ბუნებასთან" ამ ბრძოლაში მეცნიერებს წელს საინტერესო მიღწევები ჰქონდათ.

მაისში ღეროვანი უჯრედების გენმოდიფიცირებით თაგვებს სიცოცხლე გაუხანგრძლივეს. ტაივანის ტაიპეის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ გენზე, რომელიც მოდიფიცირების შემთხვევაში, ავლენდა გასაოცარ ეფექტს თაგვების ხანგრძლივ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. გენეტიკური მოდიფიკაციის საშუალებით, ჯგუფმა თაგვების უჯრედები გაახალგაზრდავა. ეს კარგად აისახა თაგვების მახსოვორბასა და ჯანმრთელობაზე. საბოლოოდ, გენეტიკურმა ცვლილებამ არა მხოლოდ გაზარდა თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ მათი ახალგაზრდობა და სიცოცხლისუნარიანობა უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა.

საინტერესო სიახლე შევიტყვეთ ნოემბერშიც. მეცნიერებმა ვირთხებს ბიოლოგიური ასაკი შეუცვალეს. მკვლევრების თქმით, ვირთხების "ეპიგენეტიკურმა საათმა" 67,4 პროცენტით უკან "გადაიწია". ახალმა მეთოდმა ვირთხების სისხლის, გულისა და ღვიძლის ქსოვილების ეპიგენეტიკური ასაკი გაანახევრა.

წლის ბოლოსკენ კი შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, მალე ძაღლების სიცოცხლის გასახანგრძლივებელი წამალი გვქონდეს. სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვეტერინარული მედიცინის ცენტრმა დაადასტურა, რომ Loyal-ის მონაცემები აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს. ეს ნიშნავს, რომ FDA LOY-001-ის პრეპარატით კმაყოფილია და სულ მალე შეიძლება ის დაჩქარებული გზით დამტკიცდეს.

პირველადი დამტკიცების შემთხვევაში, წამლის გაყიდვა ნებადართული გახდება. კომპანიაში ამბობენ, რომ LOY-001 2026 წლისთვის უნდა დამტკიცდეს და მისი გამოყენება დიდი ზომის ძაღლებზე იქნება შესაძლებელი.

ხელოვნური ინტელექტი

ფოტო: OLIVIER MORIN/AFP/Getty Images

დაბლოს, წლის შეჯამება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ეს ის დარგია, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო ვითარდება და მისი მოქცევა ერთ ქვეთავში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, ამოვარჩიეთ ერთი და ეს Chat gpt 4-ის ჩაშვებაა.

Open AI-ის ჩატბოტმა ChatGPT-იმ ჩაშვებიდან მალევე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. შეიძლება ითქვას, რომ ჩატბოტმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. თუმცა, სისტემა მუდმივად ახლდება და 2023 წლის, 14 მარტს ჩატბოტის შემქმნელებმა ახალი ვერსია — GPT-4 წარადგინეს. განახლებული ვერსია ბევრად მძლავრია და რაც მთავარია, კიდევ უფრო მულტიფუნქციურია.

ასევე: ChatGPT-ის უმძლავრესი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია — რა შეუძლია GPT-4-ს და როგორ გამოვიყენოთ

GPT-4-ის მეშვეობით ჩატბოტი პასუხებს არამხოლოდ წერილობითი თხოვნის, არამედ ფოტოების საპასუხოდაც აგენერირებს. მაგალითისთვის, შეგიძლიათ, მოდელს მაცივრის შიგთავსის ფოტო მიაწოდოთ და რეცეპტების გენერირება სთხოვოთ ანდა სულაც მიმი აჩვენოთ და აახსნევინოთ, რატომაა სასაცილო.

ამას გარდა, GPT-4 "დაუშვებელ შიგთავსს" წინა მოდელთან შედარებით 82%-ით იშვიათად დააგენერირებს. GPT-4 უფრო დიდი ტექსტური მითითებების მიღებას ახერხებს, ვიდრე მისი წინამორბედები — შეუძლია მიიღოს/გასცეს 25 ათასამდე სიტყვა, როცა აქამდე ეს რაოდენობა მხოლოდ სამი ათასი იყო.

შემდეგი პოდკასტი: GPT-4 — განახლებული მოდელის შესაძლებლობები და გამოწვევები

დასასრულ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი, ისევე როგორც ზოგადად მეცნიერება და ტექონოლოგიები კიდევ უფრო ვითარდება. ის თუ რა იქნება შემდეგი ამას უკვე ახალ ბრუნზე, 2024 წელს გავიგებთ.