მეცნიერები უმნიშვნელოვანეს მიღწევას გვიზიარებენ — მათ სამყაროს გრავიტაციული ტალღების კვალი დააფიქსირეს, რასაც ძალიან დიდხანს ველოდით. ამისთვის ასტრონომებმა პროექტ NANOGrav-ის ფარგლებში სხვადასხვა რადიოტელესკოპი გამოიყენეს, მათ შორის გრინ ბენკის ტელესკოპი და არესიბოს ობსერვატორია.

გრავიტაციული ტალღების არსებობაზე, რაც აინშტაინის ფარდობითობის თეორიასთანაა თანხმობაში, მეცნიერები ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მსჯელობენ. ისინი მასიური ობიექტების შეჯახებისას წარმოიქმნება. ასეთია, მაგალითად, შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები, რომელთა შერწყმის შედეგადაც სამყაროში დრო-სივრცის ერთგვარი პულსაციები ფორმირდება. სწორედ ამაზე მიანიშნებს ახალი აღმოჩენა.

დაფიქსირებული სიგნალი უმძლავრესია, შავი ხვრელების ან ნეიტრონული ვარსკვლავების ტიპური შეჯახების თანმდევზე მილიონჯერ ენერგიული. უკანასკნელი კვლევის თანახმად, ის ზემასიური შავი ხვრელების შერწყმის პროცესს უნდა უკავშირდებოდეს.

"ეს ქოროს ჰგავს, სადაც ზემასიური შავი ხვრელების წყვილები თავიანთ პარტიას სხვადასხვა სიხშირეში ასრულებენ. ესაა ფონური გრავიტაციული ტალღების პირველი დასტური, რითაც სამყაროზე დასაკვირვებლად ახალი ფანჯარა გავხსენით.

გრავიტაციული ტალღების ფონი იმაზე დაახლოებით ორჯერ ხმამაღალია, ვიდრე ველოდით. ის ნამდვილად უმაღლეს ზღვარზეა იმისა, რისი რეპრეზენტაციაც ზემასიური შავი ხვრელების მოდელებს შეუძლია. ეს მხოლოდ დასაწყისია", — აცხადებს იელის უნივერსიტეტის პროფესორი, კიარა მინგარელი.

მეცნიერებმა გრავიტაციულ ტალღებზე დასაკვირვებლად ახალი მეთოდი გამოიყენეს. ისინი არა მაღალი სიხშირის, არამედ ულტრადაბალი სიხშირის სიგნალებზე კონცენტრირდნენ, რომელთაგანაც ზოგიერთის ტალღური სიგრძე შესაძლოა, ათობით სინათლის წლის მანძილზე იყოს გადაჭიმული. ასეთ რამეს დედამიწაზე ექსპერიმენტულად ვერ დავაფიქსირებთ, ამიტომ ასტრონომები პულსარებს აკვირდებოდნენ.

ფოტო: OzGrav

ვარსკვლავთა ეს მკვრივი ნარჩენები რადიოტალღებს გამოყოფს, რომლებიც ჩვენთვის კოსმოსური საათის ფუნქციას ასრულებს. ავტორებმა გააანალიზეს როგორ "ამახინჯებდა" ამ განმეორებად სიგნალებს გრავიტაციული ტალღები 15 წლის განმავლობაში. საერთო ჯამში, მათ 67 პულსარი შეისწავლეს და გრავიტაციული ტალღების კვალსაც მიაგნეს.

მომდევნო ეტაპზე ისინი გეგმავენ, რომ ამ კოსმოსური ფონური ხმაურის წყაროებს მიაკვლიონ და პოტენციურად, სამყაროს აქამდე უცნობი მექანიზმი გამოავლინონ.

მათი ნაშრომები გამოცემებში The Astrophysical Journal Letters and Publications of the Astronomical Society of Australia, The Astrophysical Journal Letters და Research in Astronomy and Astrophysics იქნება ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.