საშვილოსნოს გარეთ 29-კვირიანი ზრდის შემდეგ ჩვილი ცოცხლად დაიბადა
საფრანგეთში იშვიათი სამედიცინო შემთხვევა დაფიქსირდა: ქალმა საავადმყოფოს მუცლის ტკივილის გამო მიაკითხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ექტოპიური, ანუ საშვილოსნოსგარეთა ორსულობის მეორე ტრიმესტრში იყო. ბავშვი დედის მუცლის ღრუში 29 კვირის გატარების შემდეგ ცოცხლად დაიბადა.
ამგვარი ორსულობა ფეხმძიმეთა მხოლოდ 2%-ში მიმდინარეობს, რა დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს გარეთა ქსოვილებს უმაგრდება. ეს ძირითადად ფალოპის მილში ხდება, მაგრამ შემთხვევების დაახლოებით 1%-ში ჩანასახი უშუალოდ მუცლის ღრუში იზრდება.
ექტოპიური ორსულობისას ნაყოფი დედის ორგანიზმში მთლიანი 9 თვის განმავლობაში ვერ ნარჩუნდება და არც მისი საშვილოსნოში იმპლანტაციაა შესაძლებელი. დროული მკურნალობის გარეშე ზოგჯერ ეს მდგომარეობა სისხლდენასა და ინფექციას იწვევს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.
რაც შეეხება უკანასკნელ მაგალითს, ქალს მუცლის ტკივილი სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე 10 დღით ადრე დაეწყო. ექიმებმა ივარაუდეს, რომ ექტოპიურ ორსულობასთან ჰქონდათ საქმე. ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მისი საშვილოსნოს საფარველი გათხელებული იყო, რაც, როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის დროს და ფეხმძიმობისას ხდება.
საშვილოსნოში ჩანასახი არ დაფიქსირდა, სამაგიეროდ აღმოჩნდა, რომ ის მუცლის ღრუში უკვე 23 კვირის განმავლობაში ვითარდებოდა. დამატებითმა მაგნიტურ რეზონანსულმა გამოსახულებებმა აჩვენა, რომ ნაყოფი ნორმალურად იყო ფორმირებული და პლაცენტას უკავშირდებოდა, რომელიც ემბრიონის საჭირო ნივთიერებებით მომარაგებას უზრუნველყოფს. თავად პლაცენტა ქალის ხერხემლის დაბოლოებასთან ახლოს, საშვილოსნოს კედელზე იყო მიმაგრებული.
იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ორსულობა რისკის შემცველია, ექიმებმა ქალი საავადმყოფოში დატოვეს, 6 კვირაში კი ლაპაროტომიის პროცედურა ჩაუტარეს და მუცლიდან ბავშვი ამოიყვანეს. ის მაშინვე ნაადრევად შობილთა განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან ასეთ ჩვილებს სპეციალური ყურადღება და მოვლა სჭირდებათ.
ლაპაროტომიისა და ერთი დამატებითი პროცედურის მეშვეობით ქალის ორგანიზმიდან პლაცენტაცა და სხვა ქსოვილებიც ამოიღეს. საბოლოოდ, ის 25 დღეში გაწერეს, დაახლოებით 1 თვეში კი დედამ ჩვილიც სახლში წაიყვანა.
ავტორები ამბობენ, რომ პაციენტთან კონტაქტი აღარ ჰქონიათ, ამიტომ ბავშვის ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია. მათი ნაშრომი გამოცემაში The New England Journal of Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები