აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სააგენტოს მიერ წითელი პლანეტის შესასწავლად გაშვებულ მავალ Perseverance-ს 13 დეკემბერს იქ ფუნქციონირების მე-1000 მარსული დღე შეუსრულდა. ამ უკანასკნელს "სოლს" უწოდებენ, რაც დედამიწურ დღე-ღამეზე ოდნავ ხანგრძლივია, კერძოდ 24 საათსა და 37 წუთს გრძელდება.

"სოლები გადის! უკვე მე-1000 მარსული დღე შემისრულდა და ჩემი სამუშაოს დასასრულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა", — ვკითხულობთ NASA-ს მარსმავლის ოფიციალური გვერდის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც აპარატის მოძრავი კადრიც აქვს დართული.

Perseverance მარსზე ვერტმფრენ Ingenuity-სთან ერთად გაგზავნეს. ეს წყვილი 2021 წელს ეზეროს კრატერში დაეშვა, სადაც ძველად ტბა და მდინარის შესართავი იყო. მისიის მიზანი 45-კილომეტრიან ღრმულში სიცოცხლის პოტენციური კვალის მოძებნაა, რადგან ფიქრობენ, რომ იქ წყლის არსებობა ამისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნიდა.

///

ბოლო წლებში მოპოვებული მონაცემებით დადგინდა, რომ ეს კრატერი 4 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, როცა მარსს ასტეროიდი შეეჯახა. Perseverance-მა დაადგინა, რომ ეზეროს ფსკერი ვულკანური ქვებისგან შედგება. შემაღლებებზე ქვიშაქვა და არგილიტის ქანები გვხვდება, რაც კრატერის ფორმირებიდან რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ მდინარის დინებისგან დატოვებულ დანალექზე მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ასე გამოიყურებოდა ეზეროში არსებული ტბა.

ფოტო: NASA

დროთა განმავლობაში ამას ტბა უნდა წარმოექმნა, რომლის სიღრმეც, სავარაუდოდ, 30 მეტრამდე აღწევდა. შესართავის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი ქვაა, რომელიც ეზეროს გარეთ არსებულ არეალს ეკუთვნის, ანუ იქ მდინარის მიერაა ჩატანილი. ასეთი დეტალები სწორედ Perseverance-ის მეშვეობით შევიტყვეთ, რადგან ორბიტიდან მსგავსი ინფორმაციის მოპოვება თითქმის შეუძლებელია.

უნდა ითქვას ისიც, რომ მავალმა მარსზე გრუნტის ნიმუშები შეაგროვა. დედამიწაზე მათ გამოსაგზავნად NASA ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობს, ერთობლივი მისია კი 2030-იან წლებში იგეგმება. ეს მასალა შესაძლოა, სიცოცხლის კვალს ან მასზე რაიმე მინიშნებას შეიცავდეს, ამიტომ მათი ახლოდან შესწავლა უმნიშვნელოვანესია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.