ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გასაოცარი ფოტო გადაიღო, რომელზეც სამი მნათობის სისტემაა აღბეჭდილი. მათგან ორი ჩვენს გალაქტიკაში იშვიათია — დღემდე ირმის ნახტომში მხოლოდ 1000-მდე ასეთი ობიექტია აღმოჩენილი. ესაა ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან ცხელი, მასიური და არასტაბილურია.

ამ სისტემას "აპოპი" ეწოდება, ქაოსის ეგვიპტური ღვთაების მსგავსად. მასში არსებულ ვოლფ-რაიეს მნათობებს ძლიერი ვარსკვლავური ქარი ახასიათებს, რის გამოც ორივე მათგანი მატერიას კარგავს. სწორედ ეს აირები წარმოქმნის ნისლეულს, ორი ასეთი ობიექტის თანაარსებობა და გრავიტაციული ურთიერთქმედება კი ღრუბელს შთამბეჭდავ ფორმას აძლევს

მათი ორბიტალური პერიოდი 190 წელია, რაც მსგავსი სისტემისთვის რეკორდული ხანგრძლივობაა; მაშინ, როცა ვარსკვლავებს შორის დისტანცია მცირდება, მათი ქარები, ანუ დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, ერთმანეთს ეჯახება. ამის შედეგად ნახშირბადით მდიდარი, მკვრივი მტვრის სპირალები მიიღება, რაც 25-წლიანი პროცესია (ყოველ ჯერზე). შემდეგ თითოეული მათგანი გარეთა მიმართულებით გავრცელებას იწყებს.

ვების ტელესკოპმა შუა ინფრაწითელი კამერით 4 სპირალური "გარსი" დააფიქსირა, რომლებიც ბოლო 700 წლის განმავლობაში ვარსკვლავთა ამდენივე მიახლოებას შეესაბამება. ის, რომელიც ყველაზე გარეთაა, სხვებს სიკაშკაშით ჩამოუვარდება და ობსერვატორიის ხედვის პერიფერიულ არეალშია.

ახალი მონაცემების მეშვეობით მეცნიერებმა შეძლეს, რომ მნათობთა ორბიტების შესახებ გამოთვლები დაეზუსტებინათ. ამისთვის ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) მიერ შიდა "გარსის" გაფართოების შესახებ მოპოვებული ინფორმაციაც გამოიყენეს. ასევე, გამოავლინეს მესამე ვარსკვლავი, რომელიც დანარჩენ ორზე უფრო მასიურია.

ორივე ვოლფ-რაიეს მასა მზისას 10-20-ჯერ აღემატება, მათ კომპანიონისა კი — 40-50-ჯერ. მისი კვალი ზემოხსენებულ ქარებთან და მტვერთან ურთიერთქმედებაში ჩანს, რადგან სპირალურ ფორმებში სიცარიელეებს ტოვებს.

"ეს სიცარიელეები ყოველ 'გარსში' მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე ადგილასაა და ძაბრის ფორმას მოგვაგონებს", — ამბობენ მეცნიერები.

ფოტო: NASA/ESA/CSA/STScI

სამივე ვარსკვლავს სიცოცხლის დასასრულს აფეთქება ელის, რასაც ზეახალი, ანუ სუპერნოვა, ეწოდება, ვოლფ-რაიეს მნათობებიდან, სავარაუდოდ, გამა გამოსხივება გავრცელდება და მათ ადგილას შეიძლება შავი ხვრელები დარჩეს.

შავი ხვრელების გარშემო ნეიტრონული ვარსკვლავი იმოძრავებს, რომელიც მესამე მნათობის აფეთქებიდან შემორჩება.

მეცნიერთა ორი ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა (1,2).

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.