ილუსტრაციებში: როგორი გახდება თბილისი მალე და რა საფრთხეებს ხედავენ ამაში მკვლევრები
რა ხდება: ურბანული კვლევების ცენტრმა (URC) წარადგინა კვლევის მიგნებები, რომელიც მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით — ცირკიდან საქანელამდე: მტკვრის სანაპიროს ურბანული გამოწვევები.
- კვლევის მიზანია, "ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე სამშენებლო ტენდენციების მასშტაბისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ", — ამბობენ ავტორები.
მოკლედ: მათ 16 პრობლემური პროექტი შეისწავლეს თამარ მეფის ხიდიდან — რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის არეალში;
- კვლევა, კომპლექსურად აანალიზებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განაშენიანების ტენდენციებს; კრიტიკულად აფასებს მათ ზეგავლენას ურბანული მემკვიდრეობის, მიწათსარგებლობისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პერსპექტივებიდან.
რა პრობლემებია? ავტორები მიუთითებენ, რომ განაშენიანებისას ხდება კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევა, ასევე, არსებითად ეწინააღმდეგება დედაქალაქის გენერალური გეგმის მწვანე ქალაქის პრინციპებს, რაც ზიანის მომტანია შემდეგი მიმართულებებით: კულტურული მემკვიდრეობა, მიწათსარგებლობა, ტრანსპორტი.
- მიწათსარგებლობა: "საკვლევ არეალში შეთანხმებული და მოაზრებული პროექტების დიდი ნაწილი წინააღმდეგობაშია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ურბანული განვითარების ძირითად პრინციპებთან და მიმართულებებთან", — ამბობენ მკვლევრები.
- კულტურული მემკვიდრეობა: კვლევის ავტორთა შეფასებით, განხილული პროექტების დიდი ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
- "განსაკუთრებით საყურადღებო გავლენა თბილისის ისეთ ორიენტირებზე, როგორებიც არის ლურჯი მონასტერი, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და ცირკის შენობა", — ამბობს კვლევა და განავრცობს, რომ შესწავლილ პროექტებს შორის ხშირია ლანდშაფტში უხეში ჩარევისა და მწვანე სივრცითი პაუზების ამოვსების შემთხვევები. ამის მაგალითად მოჰყავთ სანაპიროზე, ყოფილი რესტორნის, არაგვის არეალში მოაზრებული განაშენიანება.
ასევე, მიუთითებენ, რომ: საქანელას ქუჩის არეალში დაგეგმილი პროექტი სრულიად შლის აღნიშნული ქუჩის კვალს და სისტემური ხასიათი აქვს ქიაჩელის ქუჩასა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული ისტორიულად გაუნაშენიანებელი, მწვანე არეალის ათვისებასაც.
კანონით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ,
- ახალი მშენებლობის დაგეგმვისას ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, მაგრამ მკვლევრები აცხადებენ, რომ ქალაქი არ ხელმძღვანელობს ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმით, "რაც, დაგეგმვის პროცესში, არსებითად ამცირებს თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის შესაძლებლობას."
- ტრანსპორტი: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია, მანქანაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, რამდენიმე წელია სატრანსპორტო რეფორმას ატარებს, ქალაქის მიწათსარგებლობის და განაშენიანების პოლიტიკა დასახულ მიზანს ვერ/არ პასუხობს და რეფორმის წარუმატებლობის მნიშვნელოვან რისკებს წარმოშობს — ამბობს კვლევა — ტრანსპორტის და მიწათსარგებლობის ინტეგრირებული განხილვის ერთადერთი არსებული ინსტრუმენტი, ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასება (ტზშ) გაუმართავია და ვერ პასუხობს გამოწვევებს.
- "ქალაქს არ აქვს გამართული სტრატეგიული სატრანსპორტო მოდელი, რაც აღნიშნული პროგნოზირებისას გამოიყენება", — აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
ბოლო ხაზი: კვლევაში თანდართულია საილუსტრაციო ვიზუალური მასალა, იმის აღსაქმელად, როგორ შეცვლის დაგეგმილი მშენებლობები თბილისის ხედებს.
კომენტარები