ბოლო 40 წელში ბერმუდის მიმდებარედ ოკეანე საგრძნობლად შეიცვალა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბერმუდის კუნძულების მიმდებარედ ატლანტის ოკეანის წყლები ბოლო 40 წლის განმავლობაში დაახლოებით 1°C-ით გათბა, უფრო მარილიანი გახდა, მჟავიანობა 30%-მდე მოემატა და ჟანგბადი 6%-მდე შემცირდა.
ამ არეალს სპეციალისტები 1983 წლიდან აკვირდებიან და იქიდან ნიმუშებს ყოველთვიურად იღებენ, რათა ოკეანის ზედაპირისა და სიღრმის ბიოქიმიური მდგომარეობა შეისწავლონ. ეს პროექტი Bermuda Atlantic Time-series Study (BATS)-ის სახელითაა ცნობილი და მან 2020-იან წლებში 80-იან წლებთან შედარებით დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოავლინა.
დასაწყისში ჩამოთვლილი ფაქტორები, როგორიცაა ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში ტემპერატურის მატება, ჟანგბადის კარგვა, მარილიანობისა და მჟავიანობის გაზრდა, იქაური ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებაზე ახდენს გავლენას. წყლის ბინადრებისთვის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი აუცილებელია. ასევე, მათ ჯანმრთელობას განაპირობებს მჟავიანობაც, რადგან ის, მაგალითად, ნიჟარების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ბერმუდა დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილია და დაახლოებით 200 კუნძულისგან შედგება. მისი სახელი ყველაზე ხშირად "ბერმუდის სამკუთხედის" კონტექსტში ფიგურირებს, არეალის, რომელიც კუნძულების სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ბევრს ჰგონია, რომ იქ ჩვეულებრივზე ბევრად მეტი გემი და საფრენი აპარატი ამოუცნობი მიზეზის გამო დაიკარგა, მაგრამ სტატისტიკური სამეცნიერო კვლევებით ეს არ დასტურდება.
რაც შეეხება იქაური წყლების უკანასკნელ მაჩვენებლებს, რომლებიც სპეციალისტებმა მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად დააფიქსირეს, ისინი კლიმატის ცვლილებაზე მიანიშნებს. ეს ცხადყოფს, როგორი გავლენა აქვს ამ პროცესს ოკეანის ეკოსისტემაზე. მსგავსი რამ არა მხოლოდ ბერმუდის, არამედ ჰავაის, კანარის კუნძულების, ისლანდიისა და ახალი ზელანდიის მიმდებარედაც ხდება.
ავტორები ამბობენ, რომ ეს გვიჩვენებს, რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ და რას უნდა ველოდოთ მომდევნო დეკადებში გლობალური დათბობის პოტენციური გამწვავების პარალელურად.
მათი ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Marine Science გამოქვეყნდა.
კომენტარები