ნახეთ: ინდური ზონდისგან მზის გასაოცარი სურათები მივიღეთ
მზის შესასწავლად გაშვებულმა პირველმა ინდურმა ზონდმა Aditya-L1 ჩვენი ვარსკვლავის სადებიუტო სურათები გადაიღო და დედამიწაზე გამოგზავნა. კადრები SUIT-ის სახელით ცნობილმა ულტრაიისფერმა კამერამ აღბეჭდა და მათზე მნათობის ზედაპირის მახასიათებლებს ვხედავთ, როგორიც, მაგალითად, უზარმაზარი ლაქებია.
ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის განცხადებით, ეს სამეცნიერო ხელსაწყო 20 ნოემბერს გაააქტიურეს. ამ საქმეში ქვეყნის მასშტაბით არსებული რამდენიმე ინსტიტუტია ჩართული. მათი ძალისხმევით, Aditya-L1-მა მზის მთლიანი დისკო ახლო ულტრაიისფერ ტალღურ სპექტრში დააფიქსირა.
ჩვენი სისტემის ცენტრალური ვარსკვლავი პლაზმის სფეროა, რომელსაც მყარი, კლდოვანი საფარველი არ გააჩნია, როგორც დედამიწას. შესაბამისად, მის ზედაპირად წყალბადისა და ჰელიუმისგან შემდგარ შრეს მოიხსენიებენ, რომელსაც ფოტოსფერო ეწოდება. ის დაახლოებით 100 კილომეტრი სისქისაა და მზის ლაქებს მოიცავს, საიდანაც ამოფრქვევები ხდება ხოლმე. სწორედ იქიდან წამოსული ნაკადები წარმოქმნის გეომაგნიტურ შტორმებსა და პოლარულ ციალს დედამიწაზე ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებისას.
ამგვარი ლაქები, რომელთა ზომაც პლანეტებისას უტოლდება ხოლმე, Aditya-L1-ის ობიექტივშიც მოხვდა. კერძოდ, მანდ 4 მათგანი გადაიღო, რომლებიც მნათობის ეკვატორის მიმდებარედაა განლაგებული. ასევე, გამოსახულებებზე ქრომოსფეროში არსებულ აქტიურ რეგიონსაც ვხედავთ, რომელიც განსაკუთრებულად ცხელია და სიკაშკაშით გამოირჩევა.
ინდოეთმა Aditya-L1 ორ სექტემბერს, შრიჰარიკოტაში მდებარე კოსმოდრომიდან გაუშვა. ამ თვის ბოლოს ან მომდევნო თვის დასაწყისში ის დედამიწიდან 1.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით, დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს, რომელსაც ლაგრანჟის წერტილი ეწოდება. ამ ორბიტაზე ზონდს საშუალება აქვს, მზეს მუდმივად აკვირდებოდეს, მცირე რაოდენობის საწვავი მოიხმაროს და მინიმალური მანევრები შეასრულოს.
ამის შემდეგ აპარატზე არსებული 7-ვე სამეცნიერო ხელსაწყო მუშაობას შეუდგება და მზეზე მიმდინარე პროცესებს გამოიკვლევს, მათ შორის ამოფრქვევებს, რომლებიც "კოსმოსურ ამინდს" განსაზღვრავს. ამ მონაცემების მეშვეობით მეცნიერებს სურთ, რომ კორონული მასის ამოფრქვევების პროგნოზირების გზას მიაგნონ.
კომენტარები