10 საინტერესო ფაქტი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის შესახებ
წარსულში ქექვისას შესაძლოა, ბევრ საინტერესო, უცნაურ, სათავგადასავლო, მამოტივირებელ, ან თუნდაც, სახალისო ისტორიას წავაწყდეთ, რომელზეც აქამდე არასდროს გვსმენია. მათ შორის აღმოვაჩენთ ამბებს ადამიანებზე, რომლებმაც როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების კულტურასა და ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, მაგრამ, რატომღაც, მათ შესახებ ბევრმა ჯერ კიდევ არაფერი იცის. ასეთი ფიგურაა თამარ დე ლეტე - ვაჩნაძე, მხატვარი, რომელსაც საფრანგეთსა და ბრაზილიაში კარგად იცნობენ, ქალი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა.
ამ სტატიაში მოგითხრობთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც თამარ დე ლეტეს ცხოვრებას და შემოქმედებით მოღვაწეობას შეეხება. თუმცა, სანამ სიაზე გადავალთ, გეტყვით, რომ 19 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გალერეაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა გაიხსნა, რომელიც 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი და SOLO.
გამოფენაზე წარმოდგენილია თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მიერ შესრულებული თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები.
1. სან-პაულუს თეატრში "ტრისტანი და იზოლდას" საბალეტო წარმოდგენისას ჩიხტიკოპი გამოიყენა
მოგიყვებით ამბავს, რომელიც სან-პაულუს თეატრში ვითარდებოდა, სადაც წარმოშობით ქართველი ხელოვანი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე კოსტიუმების მხატვრად მუშაობდა. თამარმა "ტრისტანი და იზოლდას" საბალეტო წარმოდგენაზე ქართული შტრიხების შეტანა გადაწყვიტა — მთავარი გმირი ქალისთვის ქართული ჩიხტიკოპი გამოიყენა, ხოლო დანარჩენი პერსონაჟები ხორუმის მოცეკვავეების კოსტიუმებით შემოსა.
ეს დასტურია იმისა, რომ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ვაჩნაძეს საქართველოსთან კავშირი არ დაუკარგავს.
2. მხატვარი კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა
1950-იან წლებში მხატვარმა, ცნობილი ფრანგულ მოდის სახლის Dior-ისთვის რამდენიმე ესკიზიც შექმნა. დე ლეტემ ბრაზილიაშივე დაიწყო თანამშრომლობა მოდის სახლთან. მათგან სამი ნახატი არქივსაც შემორჩა.
ფოტო: საქართველოს ბანკი
3. იმდროინდელი პრესა მხატვარზე აქტიურად წერდა
მხატვარი აქტუალური იყო იმდროინდელი პრესისთვის, რომელიც ადასტურებს, რომ თამარ დე ლეტე-ვაჩნაძემ დიდი წვლილი შეიტანა მე-20 საუკუნის ბრაზილიური და დასავლეთევროპული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. საქართველოსთვის კი, ამ ყველაფერთან ერთად, საამაყოა თამარის ნამუშევრებში ინტეგრირებული ქართული იდენტობა.
4. ეთნიკურად მრავალფეროვანი წარმომავლობა
მომავალი მხატვარი და ილუსტრატორი ვაჩნაძეებისა და ჯორჯაძეების შთამომავალი იყო. 1925 წლის 8 ივნისს, ირანის ქალაქ თავრიზში, სიუზი ვაჩნაძისა და უნგრელი პეტრუს ფონ ლეტეს ოჯახში დაიბადა. სიუზი ვაჩნაძის გამზრდელი ბებია, სიუზან იოანესი, ფრანგი გახლდათ, რომელმაც ვანო ჯორჯაძეზე იქორწინა. მათი შვილი, ლელია და სიძე, გიორგი ვაჩნაძე მე-20 საუკუნის დასაწყისში კაზაკებმა მოკლეს. სიუზი კი განქორწინებისა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შვილებთან ერთად გადავიდა საფრანგეთის დედაქალაქში საცხოვრებლად. სწორედ საფრანგეთს უკავშირდება თამარის პირველი წარმატებაც.
ფოტო: საქართველოს ბანკი
5. იყო მოცეკვავე, მოფარიკავე, მოჯირითე...
თამარის შემოქმედებით ნიჭს ფართო გასაქანი პარიზში მიეცა, როცა დედამ ლუბოვ ეგოროვას კლასიკური ცეკვის ჯგუფში შეიყვანა. გარდა ამისა, მომავალი ხელოვანი ხატვას, ჯირითობას და ფარიკაობასაც ეუფლებოდა. თუმცა, მის ძირითად საქმიანობად მაინც ცეკვა რჩებოდა.
6. თამარის მამა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დააპატიმრეს და ბანაკში მოათავსეს
თამარის მამა უნგრელი ოფიცერი პეტრუს ფონ ლეტე გახლდათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დააპატიმრეს და ბანაკში მოათავსეს. პეტრუსმა გათავისუფლება მხოლოდ მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ მოახერხა, საიდანაც ის ბრაზილიაში გაემგზავრა. უნგრელი ოფიცერი ბრაზილიიდან თავის ოჯახს სამხრეთამერიკული ქვეყნით აღფრთოვანების ამბავს ხშირად უყვებოდა. სწორედ ამან გადააწყვეტინა თამარს, 1950-იანების დასაწყისში დედასთან და შვილთან ერთად ბრაზილიაში გამგზავრებულიყო.
7. თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ნოე ჟორდანიას შვილზე იყო დაქორწინებული
დე ლეტე-ვაჩნაძემ პარიზში ყოფნისას ცეკვის დახმარებით გაიცნო მომავალი ქმარი, საფრანგეთის ქართული ანსამბლების პიანისტი, რეჯები, რომელიც ნოე ჟორდანიას შვილი იყო.
8. მრავალმხრივ შემოქმედებითი ვარსკვლავური მოღვაწეობა ბრაზილიაში დაიწყო
თამარი მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა. ის ქმნიდა საბალეტო დადგმებს, წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რითაც აუდიტორიისთვის დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნიდა. თუმცა, ყველაზე დიდ დროს მაინც სან-პაულუს თეატრს უთმობდა, სადაც ათობით წარმოდგენა გააფორმა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თამარი თანამშრომლობდა ბრაზილიურ გამომცემლობებთან და ქმნიდა ილუსტრაციებს შარლ პეროს, ჰანს კრისტიან ანდერსენისა და კიდევ ბევრი სხვა ცნობილი ავტორების წიგნებისთვის. სწორედ ამავე პერიოდში მოაწყო მან ჟერმანო მარიუტისთან ერთად გამოფენაც.
ამგვარად, თამარი იქცა სან-პაულუს ნამდვილ ვარსკვლავად, რომელიც ბრაზიულიური პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდებოდა.
ფოტო: საქართველოს ბანკი
9. ხელოვანისთვის თითოეული ნახატი და პორტრეტი იყო ძიება
საფრანგეთში დე ლეტემ თეატრალური დასებისთვის დეკორაციებისა და კოსტიუმების შექმნა განაგრძო. ამასთან, მოაწყო ნამუშევრების რამდენიმე პერსონალური გამოფენაც. პარიზში მხატვარმა ათობით ტილო შექმნა; ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ამბობდა, რომ "თითოეული ნახატი და პორტრეტი იყო ძიება".
"მათ შესაქმნელად მე დავდივარ სახლში, რათა ჩემს კლიენტებს დრო არ დავაკარგვინო. კვირაში ორჯერ ნახევარი საათით, ეს ყოველთვის შესაძლებელია. მე ვხატავ ბევრ ესკიზს, ანფასს, 3/4-ს, პროფილს. მე ვსაუბრობ ჩემს მოდელთან, ბავშვთან თუ ზრდასრულთან, და ნელ-ნელა ვშთანთქავ მას. იმ მომენტიდან, როდესაც მას მთლიანად ჩემში ვატარებ, ვიწყებ ტილოზე ხატვას", — ამბობდა ის.
10. თამარ დე ლეტე იყო "ქართველი ლტოლვილი"
დედით ქართველი, საზღვარგარეთ დაბადებული და გაზრდილი თამარ დე ლეტე, საქართველოსთან კავშირს ყოველთვის უსვამდა ხაზს როგორც დოკუმენტებში, ასევე ირიბად — თავის ნამუშევრებში.
1983 წელს, როცა თამარს საფრანგეთში ბინადრობის მოწმობა გადასცეს, მხატვარმა საბუთში "საბჭოთა ლტოლვილის" ნაცვლად მოითხოვა, მასში "ქართველი ლტოლვილი" ჩაწერილიყო. ასეც მოხდა.
საგულისხმოა, რომ დე ლეტეს შვილი, ზოლტან ჟორდანია, დედამისს უწოდებდა "უსამშობლოდ დარჩენილს, ერთგულს საკუთარი ფესვებისა".
ფოტო: საქართველოს ბანკი
თუ გსურს, მეტი შეიტყო თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის შემოქმედების შესახებ, 15 დეკემბრის ჩათვლით ეწვიე საქართველოს ეროვნულ გალერეას. აღმოაჩინე ქართველი მხატვრისა და დეკორატორის ნამუშევრები და იმოგზაურე დროსა და სივრცეში მათთან ერთად.
კომენტარები