გაიცანით ანთრობოტები: ადამიანის უჯრედებისგან ბიოლოგიური რობოტები შექმნეს
მკვლევრებმა ადამიანის უჯრედებისგან პაწაწინა რობოტები, მრავალუჯრედიანი "ანთრობოტები", შექმნეს. კვლევის ფარგლებში შენიშნეს, რომ ისინი დამოუკიდებლად გადაადგილდება და დაზიანებული ნეირონების აღდგენას უწყობს ხელს.
ამ ყველაფერს ისინი ჯერჯერობით ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში — პეტრის ჯამში, უფრო ზუსტად — ახერხებს. მიუხედავად ამისა, მათი პოტენციალი საკმაოდ დიდია — შესაძლოა, სამომავლოდ ანთრობოტები ჭრილობების შეხორცებაში, ქსოვილების აღდგენასა და დაავადებების მკურნალობაშიც კი დაგვეხმაროს.
მკვლევართა ნაშრომი ჟურნალში Advanced Science გამოქვეყნდა. იგი წინა კვლევას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა პირველი ბიოლოგიური რობოტები, სახელად "ქსენობოტები", შექმნეს. ამისათვის მათ ბაყაყის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს.
ახალ კვლევაზე მომუშავე ზოგი მეცნიერი სწორედ იმავე გუნდიდან იყო. მკვლევრებმა ამჯერად დაამტკიცეს, რომ მსგავსი რამის გაკეთება ადამიანის ჩვეულებრივი უჯრედებითაც შესაძლებელია.
"ზოგი ფიქრობდა, რომ ქსენობოტთა მახასიათებლებს ის ფაქტი განაპირობებდა, რომ ისინი ემბრიონული და ამფიბიურია", — განაცხადა მაიკლ ლევინმა, კვლევის თანაავტორმა და ტაფტსის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა — "ვფიქრობ, ეს ცოცხალი რაღაცების ბევრად უფრო ზოგადი მახასიათებელია. ვერ ვიაზრებთ, რამდენად ბევრი უნარი აქვს ჩვენივე სხეულის უჯრედებს".
მკვლევრებმა ანთრობოტები ზრდასრული ადამიანის ტრაქეიდან აღებული უჯრედებით შექმნეს. ეს უჯრედები თმის მაგვარი ბოჭკოებით, "წამწამებით", არის დაფარული, რომლებიც სპეციფიკური მოძრაობების შესრულებით უცხო ობიექტებს აშორებს. საგულისხმოა, რომ ამ უჯრედებს ერთმანეთთან შეჯგუფებისა და ორგანოიდების წარმოქმნის უნარიც აქვს.
მკვლევრებმა ამ ხელსაყრელი მახასიათებლებით ისარგებლეს და ბიოლოგიური რობოტები შექმნეს. ლაბორატორიაში მათ უჯრედებს ორგანოიდების ფორმირებისკენ უბიძგეს ისე, რომ "წამწამები" გარეთ ყოფილიყო მიმართული.
დღის განმავლობაში უჯრედთა ჯგუფებმა "წამწამების" გამოყენებით გადაადგილება დაიწყო. ზოგჯერ ისინი სწორ ხაზებზე მოძრაობდა, ზოგჯერ წრეებს ურტყამდა, ზოგჯერ კი სულაც ერთ ადგილას იყო გაჩერებული.
მათი მოძრაობა განსხვავებულია, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ უჯრედებს შეჯგუფება და კონკრეტული სტრუქტურების წარმოქმნის უნარი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიორობოტს შეუძლია, პრაქტიკულად საკუთარი თავი ააწყოს.
"ანთრობოტები თავისით იწყობა ლაბორატორიულ ჭურჭელზე", — განმარტა გიზემ გუმუსკაიამ, კვლევის თანაავტორმა და სინთეზური ბიოლოგიის სპეციალისტმა ტაფტსის უნივერსიტეტში — "განსხვავებით ქსენობოტებისგან, მათთვის ფორმის მისაცემად პინცეტები ან სკალპელები არაა საჭირო და, ნაცვლად ემბრიონული უჯრედებისა, შეგვიძლია ჩამოყალიბებული უჯრედები გამოვიყენოთ — მოხუცებულ პაციენტთა უჯრედებიც კი".
მკურნალობის კუთხით მათი პოტენციალის შესამოწმებლად მეცნიერებმა ადამიანის ნეირონების 2D შრეები გაზარდეს. შემდეგ ისინი ოდნავ გაჭრეს, რათა ჭრილობები გაჩენილიყო. ამის შემდეგ ანთრობოტთა შეჯგუფების შედეგად წარმოქმნილი "სუპერბოტები" ახლოშივე მოათავსეს, ხოლო ესენი კი ნეირონებს მოშუშებაში დაეხმარა. საგულისხმოა, რომ ყოველგვარი გენური ინჟინერიისა თუ დაპროგრამების გარეშე მოხდა.
ჯერჯერობით გაუგებარია, როგორ შეუწყო ხელი ბოტებმა უჯრედების აღდგენას. მეორე მხრივ, მკვლევრები დარწმუნებულები არიან, რომ ინოვაციას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. შესაძლოა, ამის წყალობით სამომავლოდ მოხერხდეს, რომ ექიმებმა თავად პაციენტის უჯრედებით შექმნან ასეთი ბოტები და ამით სხვადასხვა გართულება შეამცირონ, მათ შორის, სხეულის მიერ უცხო ქსოვილის მიუღებლობა.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ანთრობოტები თავისით არ მრავლდება და ლაბორატორიულ პირობებს გარეთ არ შეუძლია არსებობა. შესაბამისად, მკვლევრები ირწმუნებიან, რომ მათი უკონტროლო გამრავლების შანსი არ არსებობს. უსაფრთხოა ბოტების მოშორების პროცესიც: ისინი 60 დღის განმავლობაში ბიოდეგრადაციას განიცდის.
კომენტარები