მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით "ცოცხალი" რობოტები შექმნეს
მასაჩუსეტსის შტატში მედფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მცირე ზომის ბიოლოგიური "რობოტები" ააწყვეს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ, ზოგი მათგანი კი მცირე ზომის "ტვირთის" გადატანასაც ახერხებს. ახალი ორგანიზმის შესაქმნელად მეცნიერებმა აფრიკული დეზებიანი ბაყაყის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს.
კვლევის თანაავტორის თქნით, "ისინი [რობოტები] ცოცხალი, დაპროგრამირებადი ორგანიზმები არიან". სწორედ ამიტომ, ამ სრულად ბიოლოგიურ ორგანიზმებს რობოტებად მოიხსენიებენ და არა ცხოველებად. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კონვენციური რობოტებისგან განსხვავებით, რომლებიც პლასტმასით და მეტალით იწყობიან, ბიოლოგიურ რობოტებს გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება უპირატესობა ჰქონდეთ. მაგალითად, ამ ახლად შექმნილ ორგანიზმებს საკუთარი თავის "შეკეთება", ანუ მკურნალობა შეუძლიათ, რა დროსაც დაზიანებულ ადგილს კი ახალი ქსოვილი ავსებს.
"რა გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ ტექნოლოგიას, ჯერ ბოლომდე არ ვიცით", — ამბობს ვერმონტის უნივერსიტეტის მკლვევარი ჯოშუა ბონგარდი.
ამ რობოტების დიზაინი "ევოლუციური ალგორითმით" არის შექმნილი და ის შემდეგნაირად მუშაობს:
პროგრამაში მეცნიერები უთითებენ ორგანიზმისთვის სასურველ ფუნქციას, მაგალითად, ჰორიზონტალურად გადაადგილებას, პროგრამა კი ქმნის ასეთი გაადგილებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მოდელებს, რომელთაგანაც მეცნიერებს შეუძლიათ მათთვის სასურველი დიზაინი აარჩიონ.
შემდეგ კი სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით უჯრედებს ალგორითმის მიერ მოდელირებულ, ოპტიმალურ ფორმას აძლევენ.
"რობოტები“ მეტწილად დეზებიანი ბაყაყის გულის ქსოვილიდან აღებული უჯრედებისგან არიან შექმნილი, რომლებიც მუდამ იკუმშებიან — ტუმბავენ წყალს, რაც რობოტებს გადაადგილების უნარს აძლევს. რადგან რობოტები მეტწილად დეზებიანი ბაყაყის (Xenopus laevis) უჯრედებისგან არიან შექმნილნი, მეცნიერებმა მათ "ქსენობოტები" დაარქვეს.
"[ქსენობოტები] ძალიან პატარები არიან, ჩვენი მიზანია, რომ ისინი ზომაში გავზარდოთ", — ამბობს ლევინი.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ქსენობოტები მრავალი სამუშაოს შესრულებას შეძლებენ, მაგალითად, გაასუფთავებენ სისხლძარღვებს ან გადაამუშავებენ მიკროპლასტმასს ოკეანეში.
ამჟამად ქსენობოტებს გადაადგილება მხოლოდ წყალში შეუძლიათ, მაგრამ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე ისინი მუშაობას ხმელეთზეც შეძლებენ. მკვლევარები გეგმავენ იგივე ტიპის რობოტები ძუძუმწოვრების უჯრედებისგანაც ააწყონ.
უფრო "რთული" სამუშაოების შესასრულებლად ქსენობოტებს სავარაუდოდ ნერვული სისტემა დასჭირდებათ. ხელოვნურად შექმნილი ნერვული სისტემის მქონე ორგანიზმის არსებობის შესაძლებლობა მრავალ ეთიკურ საკითხს წამოჭრის.
ქსენობოტების გამოყენების ეთიკურობაზე მსჯელობა ჯერ მაინც ძალიან ადრეა. ამ დროისთვის ეს რობოტები მხოლოდ განვითარების დაწყებით სტადიაზე არიან და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბიოლოგიური ორგანიზმები არიან, მათთვის ცოცხალის დაძახება ჯერ ძალიან ადრეა.
კომენტარები