პრობლემების ჯაჭვი ცარიელ ფურცლებს მიღმა
გამოხატვის თავისუფლება: ცარიელი ფურცლიდან — უხამსობამდე
ეს საქმე ცარიელი ფურცლით იწყება და 2023 წლის 3 ივნისიდან დღემდე, დროის მოკლე პერიოდში, გვაჩვენებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული გამოწვევების წყებას, აქცია "ირაყლიზე" აქტივისტების დაკავებიდან — სასამართლო პროცესამდე, და მას შემდეგაც.
ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელია 2021 წლიდან. ის ერთ-ერთია, ვინც ცარიელი ფურცლით დგომისთვის დააკავეს საქართველოს პარლამენტთან, 2023 წლის ივნისის დასაწყისში.
"აქციის შესახებ სოციალური მედიით შევიტყვეთ მე და ჩემმა კოლეგებმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. გავიგეთ, რომ ადამიანებს პოლიციელები აკავებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული ბანერით ხელში აპროტესტებდნენ ღარიბაშვილის პოლიტიკურ გამონათქვამებს და ამას გამოხატავდნენ მშვიდობიანად, ყოველგვარი ხმაურის, ძალადობის გარეშე", — გვითხრა მან.
მარიკაშვილი განმარტავს, რომ იმ დღეს, აქციაზე მივიდა, ერთი მხრივ, აქტივისტების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, მეორე მხრივ — პროფესიული ვალდებულების გამო, "რადგან წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მანდატია, დაიცვას ადამიანის უფლებები და შეეწინააღმდეგოს ისეთი ფორმების შეზღუდვას, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებებს ლახავს."
თავდაპირველად, განვმარტოთ:
რას ამბობს საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, გამოხატვის თავისუფლების შესახებ
აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო — საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 17.
სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. რაც, მათ შორის, გულისხმობს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას, პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებას —
საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მუხლი 3.
ედუარდ მარიკაშვილს ვთხოვეთ, სწორედ სამართლებრივ დათქმებთან შესაბამისობის მიხედვით განგვეხილა სამი ივნისის პროტესტისას აქციის მონაწილეთა გამოხატვის ორივე ფორმა:
- ერთი, როდესაც დაკავებული დემონსტრანტების ფურცელზე საერთოდ არაფერი ეწერა;
- და მეორე — წარწერა "ირაყლი" სხვა დაკავებული დემონსტრანტების ბანერზე, რაც შესაძლოა, ვინმესთვის აზრის გამოხატვის უსიამოვნო ფორმაც იყოს.
- რაც შეეხება აქტივისტებს, რომლებმაც საჯარო სივრცეში პროტესტი გამოხატეს ბანერზე წარწერით — "ირაყლი", იურისტის თქმით, არსებობს როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვით, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ისეთი ფორმებიც, რაც, შესაძლოა, შეურაცხმყოფელიც კი იყოს ვინმესთვის.
ედუარდ მარიკაშვილი გულისხმობს, მათ შორის, 2015 წლის შემთხვევას, როდესაც პანორამა თბილისის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე, პოლიციამ ნატა ფერაძე და კიდევ ექვსი დემონსტრანტი დააკავა, რადგან ზოგიერთ მათგანს ხელში ეკავა საპროტესტო ბანერი, წარწერით — "პანორამა არა, *ლე".
ოქმების თანახმად, დაკავებულებს ხელში ეკავათ პლაკატები "უხამსი წარწერით, რომელსაც ხმამაღლა სკანდირებდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს."
რატომ არის ეს პრეცედენტი მნიშვნელოვანი — პარალელი წარწერა "ირაყლის" გამო დაკავებულთა საქმესთან:
▪ 2022 წლის 15 დეკემბერს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ნატა ფერაძისა და იმავე აქციაზე დაკავებული სხვა აქტივისტების საქმეზე დარღვევა დაადგინა.
▪ მოსარჩელეები ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების — გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლებების დარღვევაზე მიუთითებდნენ.
▪ სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, "ვულგარული ფრაზების გამოყენება, თავისთავად, არ არის გადამწყვეტი მე-10 მუხლის დარღვევა-არდარღვევაზე მსჯელობისას".
▪ სასამართლოს ინტერპრეტაციით, სიტყვა "*ლე" მოსარჩელეების მიერ გამოყენებული იყო, როგორც "სტილისტური იარაღი მათი მხრიდან პროექტის აშენების შესახებ პროტესტის უკიდურესად მწვავედ გამოსახატავად."
რატომ? იურისტი განმარტავს, რომ:
- გამოხატვის თავისუფლების მთელი იდეა ის არის, დაიცვას უმცირესობაში არსებული, თუ კრიტიკული მოსაზრებები, მათ შორის, ვინმესთვის უხამსი ფორმით გამოხატულიც, რადგან, როგორც წესი, სასიკეთო საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ცვლილებების მოტივით, ზოგჯერ, სწორედ ასეთი ფორმები და შინაარსი იქცევს იმ პოლიტიკოსების ყურადღებასა და რეაქციას, ვისკენაც პროტესტი მიემართება.
- "სხვა შემთხვევაში, თუ უბრალოდ, დადგები აქციაზე და მადლობას გადაუხდიდი მთავრობას, ამას აღარც პროტესტი ჰქვია და ვერც მათი ყურადღების მიპყრობას შეძლებ პრობლემის მიმართ", — ამბობს ის.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს, რომ
- ცარიელი ფურცლების საქმის შემთხვევაში, მოცემულობაა, რომ უხამსად მიჩნეული სიტყვა "ირაყლი", გამოყენებული იყო არა ვინმე კონკრეტული პირისთვის საჯარო სივრცეში შეურაცხყოფისთვის, არამედ კონკრეტული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ინტერესის ჭრილში.
და, რას ნიშნავს უხამსობა, როგორ განმარტავს ამ სიტყვას კანონი?
უხამსობაა განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური ღირებულება,
ან კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს — ვკითხულობთ კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
მარიკაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოების უფლებაა, ჰქონდეს კანონით გარანტირებული შესაძლებლობა, ვინმესთვის მიუღებელი და გარკვეულწილად, უხამსი ფორმითაც დააფიქსიროს საკუთარი აზრი, თუ ხალხის მიერვე არჩეული პოლიტიკოსების ქმედება საზოგადოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
აქცია "ირაყლი" და პოლიცია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ
პროტესტი და აქტივისტების დაკავება — მოკლედ
- 2023 წლის 30 მაისს, ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების სამიტზე მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზად, ნატოს გაფართოება დაასახელა.
- ამას პარლამენტთან ახალგაზრდა აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებდნენ, რომ ღარიბაშვილმა კრემლის ნარატივი გაიმეორა.
- აქციის მესამე დღეს აქტივისტებმა თქვეს, რომ ამ პერიოდში შსს-ს თანამშრომლები უხეშად და გაუმართლებლად ერეოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში.
- არსებობს ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ აქტივისტებთან პოლიცია მივიდა, პლაკატები დაუხია და მათი დაკავება დაიწყო.
- მეორე დღეს პარლამენტთან უფლებადამცველები მივიდნენ და პოლიციამ დააკავა ისინი, ვისაც "ირაყლის" პოსტერი ეჭირა და სხვებიც, ვინც წინა დღეს დაკავებული აქტივისტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, აქციაზე ცარიელი ფურცლით გამოხატა პროტესტი, მათ შორის, ედუარდ მარიკაშვილიც.
რა გადაცდომები აჩვენა პოლიციამ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებისას, ვკითხეთ მარიკაშვილს, როგორც იურისტს. მისი თქმით,
-
პირველი გადაცდომა უკანონო დაკავება იყო, რაც, თავის მხრივ, დანაშაულს წარმოადგენს და ფაქტობრივად, არავინ დაუსჯიათ აქციებზე ადამიანების უკანონო დაკავების გამო.
რას ნიშნავს უკანონო დაკავება: მარტივად თუ განვმარტავთ, ეს ადამიანის უსაფუძვლოდ დაკავებას ნიშნავს, როდესაც სამართალდამცავი მოქალაქეს გამოგონილი საფუძვლით აკავებს, რაც დანაშაულია.
▪ სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ განზრახ უკანონო დაკავება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე.
"ჩემს შემთხვევაში, მიზეზად ჩაწერეს, თითქოს, პოლიციას ვაგინებდი, რაც არ დადასტურდა. პოლიციელი, რომელმაც ჩემზე თქვა, შეიგინაო, ახლოსაც კი არ იყო ჩემი დაკავებისას, სხვებმა დამაკავეს", — გვითხრა მარიკაშვილმა — "სისტემას ახასიათებს პრაქტიკა, როდესაც, ცალკეულ შემთხვევებში, ხელმძღვანელი პირები უკანონოდ აკავებენ მოქალაქეებს და ჰყავთ სხვა პოლიციელები, რომლებსაც გამოგონილი მიზეზით ავსებინებენ ოქმს და შემდეგ, მათ უწევთ ტყუილის თქმა სასამართლოში."
მეორე გადაცდომა, მისი თქმით, ის იყო, რომ პოლიცია ირწმუნებოდა, თითქოს, მარიკაშვილს ცარიელი ფურცელი კი არა, ბანერი ეკავა ხელში წარწერით "ირაყლი" და რომ, თითქოს, იმავე სიტყვას სკანდირებდა, რაც ტყუილია და ამას ვიდეომასალაც მოწმობს.
მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემათა ჯაჭვი
იურისტი, რომელიც ცარიელი ფურცლის საქმის გამო, სამართალდამრღვევად ცნეს, ამ ერთი კონკრეტული საქმის მიხედვით, სისტემურ გამოწვევებზე მიუთითებს: ერთი მხრივ, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მეორე მხრივ — მართლმსაჯულების სტანდარტის დაქვეითებაზე. "შუაში" კი პრობლემების წყებაა.
მარიკაშვილს ვთხოვეთ, ესაუბრა ასეთი ფაქტების შესახებ დაკავების მომენტიდან — სასამართლო პროცესის ჩათვლით. გვითხრა, რომ
დაკავებისას: ადამიანების დაკავება ბანერის გამო, არის ძალიან უხეში ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და პოლიციამ წინასწარ უნდა განსჭვრიტოს, აქვს თუ არა დაკავების კანონიერი საფუძველი. მათ კი, დაკავებისას, სამართალდარღვევად შეაფასეს აქციაზე ბანერებით ხელში დგომა, რაც არსებითად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და არა — სამართლებრივი რეაგირების საბაბი.
საგულისხმოა, რომ კანონით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
დაკავების ვადა: აგვიხსნა, რომ სტანდარტულად, პოლიციას აქვს უფლება, დააკავოს მოქალაქე 24 საათით, და თუ დამატებითი დრო დასჭირდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, შეუძლია, გაახანგრძლივოს კიდევ 24 საათით, რაც, ჯამში, 48 საათია.
- "ჩვენს შემთხვევაში ბოლო წამამდე გაგვიხანგრძლივეს დაკავების ვადა, მაშინ, როდესაც 24 საათის შემდეგ ამის საფუძველი არ არსებობდა და ეს დადასტურდა სასამართლო პროცესზეც. ვიკითხეთ, რა გააკეთეს დამატებით 24 საათში დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და პასუხი იყო — არაფერი; მიმართვაც კი არ გაუკეთებიათ ვიდეომასალების გამოთხოვის მიზნით", — თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის არაეფექტიანობა: მარიკაშვილს ვკითხეთ, მიმართა თუ არა შესაბამის უწყებებს, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.
"აბსოლუტურად ყველას მივმართე: საგამოძიებო სამსახურს, პროკურატურას, პოლიციაშიც გავასაჩივრე დაკავების კანონიერება, თუმცა რეაგირებაზე ყველამ უარი მითხრა, გამოძიება არც პროკურატურამ დაიწყო", — გვპასუხობს იურისტი.
მისი მოსაზრებით, მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ უწყებები ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდნენ, "მერე აღარც დამკავშირებიან, ალბათ, იმ ლოგიკით, რომ თუ სასამართლომ დაგიდასტურა სამართალდარღვევის ჩადენა, შესაბამისად, ნიშნავს, "აქეთ მხარეს" არავის არაფერი დაუშავებიაო".
დავაზუსტეთ, საქმის მიმართ შესაძლო პოლიტიკური მიდგომის არარსებობის შემთხვევაში, რას ამბობს სტანდარტი — შეუძლიათ ზემდგომ ორგანოებს პოლიციელის შესაძლო გადაცდომის ფაქტის შესწავლა, თუ იმავე საქმეზე უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება?
- "კი, შეუძლიათ. ძირითად პრობლემად მიგვაჩნია მოცემულობა, როდესაც სასამართლო არ აფასებს დაკავების კანონიერებას. ამით, სასამართლო ამბობს, რომ მას არ აინტერესებს, დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებები დაკავებისას — განიხილავს მხოლოდ იმას, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდარღვევის ჩადენას, ამის დადგენისას კი პოლიციელების ჩვენებას ეყრდნობა", — გვითხრა მან.
სასამართლოს ხარვეზები: მარიკაშვილის მიხედვით, სასამართლოს ბოლოდროინდელი პოლიტიკაა, გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების გამო; არ იკვლევენ, ჯდება თუ არა კონკრეტული შემთხვევა გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ შინაარსში და აქცია "ირაყლიზე" დაკავებულთა საქმის განხილვაც ამგვარ მიდგომათა რიგშია.
- "სასამართლო არ შესულა დეტალებში. სტანდარტულად, მოსამართლეს ჯერ ის უნდა აეხსნა, რატომ არის შეურაცხმყოფელი სიტყვა "ირაყლი" და რატომ არა, მაგალითად, სიტყვა "ირაჭლი". სასამართლო არ ითვალისწინებს საქმის გარემოების პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ შინაარსს, არ ითვალისწინებს კონტექსტს, არ ითვალისწინებს სიტყვის კონოტაციას და ეს ყველაფერი, კომპლექსურად, აჩვენებს სასამართლოს ზედაპირულ მიდგომას გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საქმის მიმართ", — თქვა იურისტმა.
რეპრესიული ჯარიმები: როდესაც მართლმსაჯულება სანქციად პატიმრობასა და ძალიან მაღალ ჯარიმას იყენებს, მიზანი თვითცენზურაა და ეს, სასამართლოს მხრიდან, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია.
სააპელაციო სასამართლოს ხარვეზები: მარიკაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ საქმე ახლა სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა, "სამწუხაროდ, იმედი ნაკლებად გვაქვს, იქ არსებული გავლენების გამო".
- ამ შემთხვევაში, იურისტი გულისხმობს ლევან მურუსიძის გავლენას. მურუსიძე, ოთხ ქართველ მოსამართლესთან ერთად, 2023 წლის გაზაფხულიდან სანქცირებულია აშშ-ის მიერ, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო.
ედუარდ მარიკაშვილის თქმით, თუ საქმეზე სამართლიანობას საქართველოში ვერ დაადგენენ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
გამოხატვის შემზღუდველი ტენდენციები, სამართლის სახელით
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლითაც ხელისუფლების ეს შტო, არსებითად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, პრობლემის ერთი, თუმცა — მნიშვნელოვანი ნაწილია.
საგულისხმოა, რომ შესაძლოა, სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებების პრაქტიკა აღმოჩნდეს პოლიტიკური ბერკეტი და "ლეგიტიმური" წინაპირობა საპარლამენტო უმრავლესობის ხელში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული სხვა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისკენ.
გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა კანონში შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, რაც, საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვის მიზნით, საპროტესტო კარვის გაშლის აკრძალვას გულისხმობს და ამით ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო 17 ოქტომბერს, პარლამენტში მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე ერთი დღით ადრე.
- "პოლიციამ დიდხანს "ათრია" ეს საკითხი, როგორც პრობლემა, ჭიდაობით სხვადასხვა აქციაზე კარვების გაშლისას, მერე კი ეს "პრობლემა" იმით "გადაჭრეს", რომ მათთვის არასასურველი პოლიტიკური გამოწვევა კანონპროექტად აქციეს და ჩაწერეს, არა მხოლოდ კარვები, კონსტრუქციებიც უნდა აიკრძალოსო, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, აკრძალვა მაგალითად, აქციაზე სცენისა და ეკრანის მოწყობაზეც გავრცელდეს. ფაქტობრივად, ვერც გაიგებ, რას გულისხმობენ კანონში", — გვითხრა მარიკაშვილმა.
გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი პოლიტიკის მაგალითად ასახელებს წელს, სასამართლოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებსაც, რომლითაც სოციალურ ქსელში გინების გამო, რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს — ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და პროტესტს გამოხატავდნენ.
მარიკაშვილი, ამავე კონტექსტში ასახელებს იდეებსა თუ უკვე კანონში არსებულ ცვლილებებს, რომლებიც მმართველი უმრავლესობიდან გამოხატვის თავისუფლებაზე წნეხისკენ არის მიმართული და მაგალითად მოჰყავს სხვადასხვა დეპუტატის მიერ გახმოვანებული წინადადებები, მათ შორის, ე.წ. ფეიქ ნიუსის აკრძალვაზე და უხამსობის რეგულაციაზე. ასევე, უკვე შეტანილი საკანონმდებლო ცვლილება კანონში — მაუწყებლობის შესახებ, რომლითაც სახელმწიფომ მარეგულირებელ კომისიას მედიაზე უფლებამოსილება გაუზარდა.
"ეს ყველაფერი ძალიან დიდი სტრატეგიისა და კამპანიის ნაწილია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ქვეყნებში, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუციები არ არსებობს, სასამართლო არ არის ხელისუფლების სხვა შტოების მაკონტროლებელი, საკონსტიტუციო სასამართლოც სრულად ცენტრალიზებულია ერთი ძალის ქვეშ და ასე შემდეგ, მხოლოდ თავისუფალი სიტყვა რჩება ხელისუფლებას ერთადერთი წინააღმდეგობად, შეიქმნას კომფორტი და აწარმოოს პოლიტიკა ავტორიტარული ნიშნებით", — ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები