იუპიტერი ადრე იმაზე ორჯერ დიდი იყო, ვიდრე ახლაა — კვლევა

ფოტო: NASA Science
იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა, რომლის ძლიერმა გრავიტაციამაც დედამიწისა და აქ არსებული დანარჩენი ციური სხეულების ორბიტებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ახალი კვლევის თანახმად, ეს ამ აირის გიგანტის მაქსიმალური ზომა სულაც არაა, რადგან განვითარების ადრეულ ეტაპზე ის ორჯერ დიდი იყო და ბევრად ძლიერი მაგნიტური ველი ჰქონდა. ეს ინფორმაცია არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს წარსულის გამოკვლევაში გვეხმარება.
ასტრონომებმა იუპიტერის ორი პატარა ბუნებრივი თანამგზავრი შეისწავლეს: ამალთეა და თებე. თითოეული მათგანი პლანეტასთან ახლოს მოძრაობს და ოდნავ დახრილი ორბიტა აქვს. სწორედ ეს გააანალიზეს სპეციალისტებმა იუპიტერის პირვანდელი ზომის გამოსათვლელად. დადგინდა, რომ მისი რადიუსი ახლანდელს ორჯერ აღემატებოდა, მოცულობა კი იმხელა იყო, რომ 2000-ზე მეტ დედამიწას დაიტევდა. გაირკვა ისიც, რომ ციური სხეულის მაგნიტური ველი ამჟამინდელისას სიძლიერით 50-ჯერ აჭარბებდა.
"გასაოცარია, რომ 4.5 მილიარდი წლის შემდეგაც საკმარისი მტკიცებულებებია შემორჩენილი იმისთვის, რომ იუპიტერის ადრეული არსებობის დროინდელი ფიზიკური მახასიათებლები გამოვავლინოთ", — აცხადებენ მეცნიერები.
მათ ყურადღება თებესა და ამალთეას ორბიტულ დინამიკაზე, ასევე პლანეტის იმპულსის მომენტის შენახვაზე გაამახვილეს, რადგან ეს ორივე ფაქტორი პირდაპირ გაზომვადია. ეს ინფორმაციას გვაწვდის მზის სისტემის ევოლუციის იმ პერიოდზე, როცა ვარსკვლავის გარშემო ნისლეული აორთქლდა, ციური სხეულების წარმოსაქმნელად აუცილებელი მატერია გაქრა და პირველად ფორმირებული კოსმოსური "არქიტექტურა" დარჩა.
ახალი კვლევის შედეგები იმაზეც მიანიშნებს, რომ იუპიტერი და მისი მსგავსი პლანეტები ვარსკვლავების გარშემო ბირთვის აკრეციის სახელით ცნობილი მოდელის მიხედვით ყალიბდება. ესაა პროცესი, რომლის დროსაც კლდოვანი და ყინულოვანი ბირთვის გარშემო აირი მიიზიდება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები