არსებობს თუ არა დედამიწის მიღმა სიცოცხლე? — საიდან უნდა დავიწყოთ ძიება
ჯერ არ ვიცით, მაგრამ არსებობს საინტერესო მოსაზრებები იმაზე თუ საიდან სჯობს ძიების დაწყება.

ფოტო: NASA
თუ მეცნიერებს ჰკითხავთ, არსებობს თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა, ისინი აუცილებლად გიპასუხებენ: "ჯერ არ ვიცით". იმდენად ბევრი რამ არის ამოუცნობი თავად დედამიწაზეც, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესახებ ჯერ მხოლოდ ვარაუდების გაკეთება შეგვიძლია. ასე რომ, უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ის თუ საიდან უნდა დავიწყოთ უცხოპლანეტელების ძიება, რაზეც უამრავ საინტერესო პასუხს მიიღებთ.
ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმში ჩატარდა გამოფენა სახელწოდებით — "შეიძლება თუ არა არსებობდეს სიცოცხლე დედამიწის მიღმა?" — სადაც ციური სხეულების ციფრული და მინიატიურული მოდელები იყო წარმოდგენილი. იქ მყოფ მეცნიერებს ჟურნალისტებმა სწორედ ამ შეკითხვით მიმართეს და მათგან საინტერესო პასუხები მივიღეთ.
"პირადად მე, ამ მხრივ, ყველაზე მეტ ყურადღებას იუპიტერისა და სატურნის ყინულოვან მთვარეებს ვუთმობ. მათ ზედაპირზე ყინულის ქერქია, მაგრამ უფრო ღრმად — ოკეანეები. ეს ფაქტი სიცოცხლის არსებობის ალბათობას აჩენს", — ამბობს გამოფენის ორგანიზატორი სინეიდ მორანი.
ამ მოსაზრებას ეთანხმება პროფესორი კაროლინ სმიტი. მისი თქმით უცხოპლანეტური სიცოცხლის ძიება სწორედ იუპიტერის ან სატურნის ყინულოვანი მთვარეებიდან უნდა დაიწყოს, ვინაიდან ასეთ ოკეანურ მასაში, ყინულის საფარის ქვეშ, დიდი შანსია თხევადი წყალი იყოს, რაც თავისთავად სიცოცხლისთვის აუცილებელია.
ის აღნიშნავს, რომ დედამიწის ოკეანეების სიღრმეში, სადაც მზის სინათლეც კი ვერ აღწევს, ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იქ რაიმე ცოცხალი არსებობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი სიცოცხლითაა სავსე. იგივე შეიძლება ხდებოდეს ამ ყინულოვან მთვარეებზეც.
ამ მთვარეებს შორის ძირითადად მოიაზრება — იუპიტერის გარშემო: ევროპა, განიმედი, კალისტო, ხოლო სატურნის გარშემო — ენცელადუსი. Cassini-ის მისიის დროს ენცელადუსზე აღმოჩნდა გეიზერები, რომლებიც წყალსა და რთულ ქიმიურ ნაერთებს აფრქვევდა, რაც მას ცალკე ყურადღების ღირს ადგილად აქცევს.
სატურნზე მომდევნო მისიაა Dragonfly — მფრინავი აპარატი, რომელიც მარსის ვერტმფრენს წააგავს. ის შეისწავლის სატურნის მთვარე ტიტანს, სადაც არის წვიმა, მდინარეები და ზღვები. დედამიწის გარდა ეს ერთადერთი ადგილია მზის სისტემაში, სადაც ასეთი პროცესები მიმდინარეობს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ისინი წყლისგან კი არა, მეთანის მსგავსი ნახშირწყალბადებისგან შედგება და შესაძლოა, იქ ჩვენგან განსხვავებული სიცოცხლე არსებობდეს.
სხვა ყინულოვანი მთვარეები მდებარეობს ნეპტუნსა და ურანზე, მაგრამ ჯერჯერობით არ არის გეგმაში ამ მიმართულებებით მისიები. მიუხედავად ამისა, ბევრი მეცნიერის აზრით, ასეთი მისია აუცილებლად საჭიროა.
"მართლაც ვფიქრობ, რომ ურანზე და ნეპტუნზე ორბიტალური მისიები აშკარად აუცილებელია. მილიარდერი რომ ვიყო, ორ მისიას დავაფინანსებდი: ერთს ურანზე და მეორეს ნეპტუნზე", — თქვა პროფესორმა ბრაიან კოქსმა.
გამოფენაზე წარმოდგენილია მეტეორიტების ნიმუშები, რომლებიც მეცნიერებს ეხმარება, გაიგონ, როგორ მოხვდა სიცოცხლისთვის საჭირო მოლეკულები დედამიწაზე. მათ შორის არის მეტეორიტი ვინჩკომბიდან, რომელიც ბრიტანეთში საცხოვრებელი სახლის ეზოში დაეცა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მარსს, რომელიც დღეს მთავარი ობიექტია უცხოპლანეტური სიცოცხლის ძიებაში.
"მარსზე ახლა NASA-ს ორი მისიაა, რომლებსაც სპეციალური დავალება აქვს — ისინი ეძებენ ქიმიურ და ფიზიკურ ნიშნებს, რაც სიცოცხლის არსებობაზე მიუთითებს," — თქვა პროფესორმა სმიტმა.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ESA-ს როზალინდა ფრანკლინის როვერის რეალური ზომის მოდელი, რომელიც 2028 წელს გაფრინდება მარსზე. ეს იქნება პირველი რობოტი, რომელსაც შეეძლება მიწაში 2 მეტრამდე ჩაღრმავება. იმის გამო, რომ მარსის ზედაპირი ძლიერ ულტრაიისფერ გამოსხივებას იღებს, შესაძლებელია სიცოცხლე მის ქვეშ იმალებოდეს.
SETI ინსტიტუტმა ახალი ხელსაწყო შექმნა: LaserSETI, რომელიც ეძებს სხვა ცივილიზაციების ნიშნებს — მაგალითად, ლაზერულ სიგნალებს. დღეს უკვე ვიწყებთ ლაზერების გამოყენებას კოსმოსში კომუნიკაციისთვის, მაგალითად, მარსზე ინტერნეტის მისატანად. მაგრამ იქნებ სხვა ცივილიზაციებმა ეს უკვე დიდი ხანია დაიწყეს?
კომენტარები