თანამედროვე მსოფლიოში ადამიანთა დიდ ნაწილს მჯდომარე ცხოვრების წესი გვაქვს, რისი უარყოფითი შედეგებიც უკვე დიდი ხანია, ცნობილია. ამ დროს ძირითად ყურადღებას ფიზიკურ პრობლემებზე ამახვილებენ, რომელთა შემჩნევაც შედარებით მარტივია, მაგრამ რა ხდება ჩვენს ტვინში?

ახალი კვლევის თანახმად, მოზრდილებში, რომლებიც უკვე ხანდაზმულობაში შედიან, დიდხანს ჯდომა ან წოლა ცენტრალური ნერვული სისტემის ამ ორგანოს დაპატარავებას უკავშირდება. ეს ტვინის იმ არეალებში შეინიშნება, რომლებიც ალცჰაიმერის ჩამოყალიბებასთანაა ასოცირებული. ასევე, ასეთ ადამიანებში კოგნიტიური უნარებიც უარესდება.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 50 და მეტი წლის 404 ინდივიდის მაგალითზე შეისწავლეს, რა კავშირია პასიურ ცხოვრების წესსა და ნეიროდეგენერაციას, ანუ ნერვული უჯრედების განადგურებას, შორის. მონაწილეები ჭკვიან საათს ატარებდნენ, რომელიც მათ აქტიურობას ყოველდღე აკვირდებოდა. ჯდომაში ან წოლაში გატარებული დრო სპეციალისტებმა მომდევნო 7 წლის განმავლობაში გამოკვლეულ კოგნიტიურ მდგომარეობასა და ტვინის გამოსახულებებს შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდ დროს ატარებდა პასიურად მონაწილე, კოგნიტიური უნარების დაქვეითებისა და ნეიროდეგენერაციის მით მეტი შანსი ჰქონდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები მათშიც ფიქსირდებოდა, ვინც კვირაში მინიმუმ 150 წუთი ვარჯიშობდა. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მხოლოდ ვარჯიშით ვერაფერს შეცვლით, თუ დანარჩენ დროს უმოქმედოდ გავატარებთ.

ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც ალცჰაიმერის განვითარების გენეტიკური რისკის წინაშე არიან.

"ალცჰაიმერის რისკის შემცირება მხოლოდ დღეში ერთხელ ვარჯიშით არ მიიღწევა, არამედ ჯდომაში გატარებული დროის მინიმუმამდე დაყვანის მეშვეობით. უმნიშვნელოვანესია იმის შესწავლა, თუ რა გავლენა აქვს ცხოვრების წესის შესახებ გაკეთებულ არჩევანს დაბერების პროცესში ჩვენი ტვინის ჯანმრთელობაზე", — აცხადებენ მეცნიერები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Alzheimer’s & Dementia: The Journal of the Alzheimer’s Association გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.