ფრინველთა სამყარო საკმაოდ გასაოცარი და მრავალფეროვანია. როგორც წესი, მათი უმეტესობა ჰაერში მხოლოდ წინსვლით გადაადგილდება, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ფრენისას პირიქით მოძრაობაც შეუძლიათ.

ეს კოლიბრია — პაწაწინა ფრინველი, რომელიც სილამაზითაც გამოირჩევა, რადგან ყველაზე ფერადოვანი ბუმბულები აქვს. გარეგნობა ერთადერთი რამ სულაც არაა, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის, არამედ მცირე ზომის სხეულის შესაძლებლობებიც. კერძოდ, ისინი ფრთებს წამში 20-80-ჯერ აქნევენ და ისეთ სისწრაფეს აღწევენ, რომ ზოგ საჰაერო გამანადგურებლებზე ჩქარაც კი მოძრაობენ.

კოლიბრების ფრთები განსხვავებულია — სხვებზე უფრო მაგარი და თითქმის სწორი. ფრენის დროს რთული მანევრების გასაკეთებლად ამ არსებებს სახსრებიც ეხმარება, რომლებიც ფრთის ისე დატრიალების საშუალებას იძლევა, რომ ჰაერში 8-იანის ფორმა მოიხაზოს.

ფოტო: Hum

სწორედ ასე ახერხებენ კოლიბრები ფრთების სწრაფად ქნევასა და უკუსვლით ფრენას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. "უკუღმა" გაფართხალება სხვა ფრინველებშიც გვხვდება, მაგრამ ეს დროის ძალიან მცირე მონაკვეთებში ხდება, კოლიბრი კი ამას ბევრად, ბევრად დიდხანს ახერხებს.

კოლიბრების ფრენა მწერებისას მოგვაგონებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ფრინველებს, არსობრივად, ადამიანისნაირი ძვლები აქვთ, მაგრამ მოქნილი სახსრების მეშვეობით გასაოცარი მოძრაობების გაკეთება შეუძლიათ. ამით ისინი ბუზებს უფრო ემსგავსებიან, ვიდრე, მაგალითად, მტრედებს.

ეს უნარი მათ პატარა სივრცეებში "გაძრომის" საშუალებასაც აძლევს. ამისთვის კოლიბრებს ფრთები სხეულთან ახლოს მიაქვთ და ვიწრო გასასვლელში ტყვიასავით მიფრინავენ. ზოგ შემთხვევაში ისინი ღრიჭოში გასაღწევად გვერდულადაც კი გადაადგილდებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.