1998 წელს ალსტში, ბელგიაში, არქეოლოგებმა მე-14 საუკუნის საროსკიპო აღმოაჩინეს. შიგნით 3 თვის ბავშვი იპოვეს დასაფლავებული, რაც ამ პერიოდისთვის იშვიათი მოვლენა იყო. დაახლოებით 20 წლის შემდეგ მეცნიერებმა ნეშტი გამოიკვლიეს, რათა ჩვილის სიკვდილისა და აქ დამარხვის მიზეზები გაეგოთ.

ნაშრომი გამოცემაში Archaeological and Anthropological Sciences გამოქვეყნდა, სადაც დოქტორი მაქსიმ პულენი და მისი კოლეგები მიგნებებს გვიზიარებენ.

შუა საუკუნეების ევროპაში ქალების პროსტიტუცია საკმაოდ გავრცელებული იყო. მიუხედავად ამისა, ისტორიულ ჩანაწერებში ინფორმაცია მხოლოდ საროსკიპოებზე ან მათ მმართველებზე მოიპოვება. აქ მომუშავე ქალებს ხშირად მხოლოდ მაშინ მოიხსენიებდნენ, როცა საქმე აბორტთან ან ახალშობილის მკვლელობასთან გვქონდა.

არქეოლოგიური თვალსაზრისით, ახალშობილის მკვლელობის დამტკიცება რთულია. ზოგიერთი მეთოდი, თუნდაც დახრჩობა ან გაგუდვა, კვალს თითქმის არ ტოვებს. ახალშობილის ნეშტის აღმოჩენისას რთულია ხოლმე იმის დადგენაც, ჰქონდა თუ არა მას კავშირი საროსკიპოსთან.

ალსტში აღმოჩენილი ოროთახიანი შენობა მკვლევრებმა მარტივად ამოიცნეს. შიგნით აბანოები და კერა დახვდათ, ჩანაწერების მიხედვით კი ასეთი შენობა "ნედერსტოვი" იყო — ცნობილი აბანო-საროსკიპო. ცნობილია, რომ აბანოები ხშირად მეორე, საროსკიპოს, ფუნქციასაც ითავსებდა და ეს ნებადართული იყო. ერთ-ერთი ისტორიული დოკუმენტის მიხედვით, ალსტში არსებულ აბანოს 16 საწოლი ჰქონდა; დასახელებული იყო აბანოში მომუშავე ზოგიერთი ქალიც.

ზოგადად, ჩვილებს დაბადებიდან ძალიან მალე ხოცავდნენ. მიუხედავად ამისა, ნედერსტოვში დამარხული ჩვილი 3 თვისა იყო და ახალშობილი არ მოუკლავთ. ამის გამო მკვლევრებმა გადაწყვიტეს, მისი სიკვდილის მიზეზი გაერკვიათ.

სტაბილური იზოტოპების ანალიზით დადგინდა, რომ ბავშვი მოვლილი იყო და, სავარაუდოდ, ძუძუთი რეგულარულად კვებავდნენ. სიკვდილის მიზეზად შიმშილი გამოირიცხა. უძველესი დნმ-ის ანალიზით გამოვლინდა, რომ ბავშვი მამრობითი სქესისა იყო და არც ბაქტერიული დაავადებებისგან მომკვდარა, იქნება ეს ჭირი, კეთრი თუ ტუბერკულოზი.

ვირუსებზე ჩვილის შემოწმება ვერ შეძლეს. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში მამრობითი სქესის ჩვილების სიკვდილიანობა მაღალი იყო (დაახლოებით 30%), რადგან მათ გოგოებთან შედარებით სუსტი იმუნიტეტი ჰქონდათ. მიუხედავად მშობლის მზრუნველობისა, გამორიცხული არ არის, რომ ბავშვი ინფექციის ან დაავადების შედეგად მომკვდარიყო. ჩვილების სიკვდილს ხშირად საროსკიპოებს ან პროსტიტუციას უკავშირებდნენ, ამ შემთხვევაში საქმე მკვლელობასთან არ უნდა გვქონდეს.

მეცნიერებისთვის გაუგებარია, რატომ არ დამარხეს ბავშვი სასაფლაოზე — ასეთი რამ ძალიან იშვიათი იყო, განსაკუთრებით ბელგიაში. ამის ასახსნელად მკვლევრები რამდენიმე ჰიპოთეზას გვთავაზობენ.

სასაფლაოსგან განსხვავებულ ადგილას ზოგჯერ მოუნათლავ ადამიანებს მარხავდნენ, თუმცა ეს ბარიერი არ უნდა ყოფილიყო — საჭიროების შემთხვევაში ჩვილის მონათვლა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. სხვა შესაძლო მიზეზია სიღარიბე, რადგან დაკრძალვა საკმაოდ ძვირი იყო; მიუხედავად ამისა, ბავშვებს ზოგი სასაფლაოზე ფარულადაც მარხავდა.

არსებობს სხვა ჰიპოთეზაც: შუა საუკუნეებში სჯეროდათ, რომ სიკვდილის შემდეგ "სულები" კერასთან ახლოს რჩებოდნენ; დედა შეიძლება ფიქრობდა, რომ ბავშვს კერასთან დამარხვით გაათბობდა და დაიცავდა, პარალელურად კი მის სულს თავისთან ახლოს დაიტოვებდა.

შუა საუკუნის ჩანაწერებში საროსკიპოები და ჩვილები ერთად უმეტესად მაშინ გვხვდება, როცა საქმე აბორტს ან მკვლელობას ეხება. მიუხედავად ამისა, ამ ახალშობილზე ზრუნავდნენ; იგი არა მკვლელობის შედეგად, არამედ, სავარაუდოდ, რაიმე დაავადებისგან მოკვდა.

დოქტორი პულანი კვლევას ახლა ბრიუგეში ატარებს და იმედი აქვს, რომ ალსტს კიდევ ეწვევა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.