საუკუნის შტორმი შავ ზღვაზე — რა იწვევს სტიქიას და რამდენად საშიში შეიძლება იყოს ის
საქართველოს ზღვისპირეთში სტიქია მძვინვარებს. ძლიერმა შტორმა დააზიანა ქობულეთის, ანაკლიისა და ბათუმის სანაპიროები.
ძლიერმა ტალღებმა დააზიანა სანაპირო ზოლთან არსებული ინფრასტრუქტურაც. წყლით არის დაფარული ქუჩები.
რა ხდება?
საქართველო სტიქიასთან ბრძოლაში მარტო არ არის. უკრაინა, ბულგარეთი რუმინეთი და თურქეთი, ეს იქ ქვეყნებია, რომლებსაც ძლიერი შტორმი უტევს. სინოპტიკოსების თქმით, შავი ზღვა ახლა სტიქიის ზონაა. საუბარია 8 ბალიან შტორმზე. ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი, 10 მეტრიანი ტალღები ყირიმში დაფიქსირდა.
ექსპერტების თქმით, შავ ზღვაში ბოლო ასი წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური შტორმი არ დაფიქსირებულა. შედეგად დაზარალდა შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, პარალიზებულია პორტები და დაიტბორა სანაპიროები.
სტიქიამ მთლიანობაში შავი ზღვის რეგიონში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ენერგიის მიწოდების გარეშე დატოვა.
არის მსხვერპლი ბულგარეთსა და თურქეთში.
შტორმის შესუსტებას ხვალიდან ელოდებიან. მოსალოდნელია, რომ შტორმის სიმძლავრე ხვალ 5 ბალამდე დაეცემა. 29 ნოემბრიდან კი სტიქია უნდა დასრულდეს.
ექსპერტებმა მოვლენა უკვე შერაცხეს როგორც შავი ზღვის "საუკუნის შტორმი".
რა არის შტორმი?
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ შტორმი ძალიან ძლიერი ქარის შედეგია. ასეთ დროს ქარის სიჩქარე მიწის ზედაპირთან 20-მ/წ-ს აღემატება და ზღვაზე დიდ ღელვას იწვევს.
შტორმი ატმოსფეროში მდგომარეობის ცვლილების ნაწილია. შედეგად, ამ მოვლენას ახასიათებს ძლიერი ქარი, ნალექი, ჭექა-ქუხილი და ელვა. შტორმს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ფორმა, მათ შორის ტროპიკული ციკლონები, ქარიშხლები და სხვა.
როდესაც ძლიერი ქარი ოკეანის ზედაპირთან უბერავს, ეს ქმნის ერთგვარ "აშლილობას" და წარმოქმნის დიდ ტალღებს. ასეთ დროს ქარის ენერგია გადადის წყალზე. რაც უფრო დიდია ქარის ენერგია, მით უფრო დიდია ტალღები.
შტორმის გავლენა შემდეგია: ქარიშხლის დროს, ინტენსიური ქარები მეტ ენერგიას გადასცემს ოკეანეს, რაც ქმნის უფრო დიდ და ძლიერ ტალღებს. თავის მხრივ, ქარიშხალმა, რომელიც გამოწვეულია დაბალი ატმოსფერული წნევით და ძლიერი ქარით, შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ტალღის სიმაღლე.
რაც შეეხება თავად ტალღების სიჩქარეს, ასეთი მოვლენების დროს ის დაახლოებით საათში 32-35 კილომეტრია.
სამი ფაქტორი
არსებობს სამი ძირითადი ფაქტორი, რაც პირდაპირ კავშირშია დიდი ტალღების წარმოქმნასთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ რიგში, ეს არის ძლიერი ქარი, თუმცა საჭიროა, რომ ქარი დიდხანს გაგრძელდეს. დაბოლოს, ქარი უნდა ფარავდეს დიდ მანძილს.
თუ ამ სამ ფაქტორთან გვაქვს საქმე, შედეგად აუცილებლად მივიღებთ დიდ ტალღებს, რამაც შეიძლება სანაპირო მნიშვნელოვნად დააზიანოს.
აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში ტალღას შორ მანძილზე გადაადგილება შეუძლია. შედეგად, დიდი ტალღები შეიძლება თავდაპირველი ქარიშხალის წყაროდან ათასობით კილომეტრის დაშორებითაც მოგვევლინოს. მკვლევრებს აღწერილი აქვთ ტალღები, რომელიც ახალი ზელანდიის მახლობლად წარმოიშვა და საბოლოოდ კალიფორნიის სანაპიროებთან აღმოჩნდა.
ისტორიას ბევრი მსგავსი მოვლენა ახსოვს, მაგრამ მათგან ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 2004 წელს, მექსიკის ყურეში ქარიშხლის მიერ გაჩენილი გიგანტური ტალღები იყო. სტიქიამ გარშემო ყველაფერი დააზიანა და ტალღების სიმაღლემ 28 მეტრსაც მიაღწია.
კომენტარები