სულხან-საბა ორბელიანის სამართლის ფაკულტეტი ევროპარლამენტში შემეცნებითი ვიზიტით იმყოფებოდა
საბაუნის სამართლის ფაკულტეტი არა მხოლოდ იურიდიული განათლების, ასევე ახალი გამოცდილებების და მრავალმხრივი ცოდნის მიღების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამ მიზნით, 6-11 ნოემბერს, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით,
უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები და პრაქტიკოსი იურისტები საგანმანათლებლო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ.
დელეგაციას ჰქონდა პრივილეგია, ევროპული მმართველობის გულში შეესწავლა ისეთი საპატიო ინსტიტუტები, როგორებიცაა: ევროპარლამენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ევროპის საბჭო. შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, ჩაღრმავებოდნენ ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკას და მიეღოთ ცოდნა მათი საქმიანობისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ.
საბაუნელების სტუმრობა ევროპარლამენტში სიმბოლური იყო, რადგან ვიზიტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციასა და სულხან-საბა ორბელიანის 365 წლის იუბილეს დაემთხვა.
უნდა აღინიშნოს ისიც, ამ ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები საბაუნის სამართლის ფაკულტეტისთვის უცხო არ არის. უნივერსიტეტი მსგავს პროექტებს წელიწადში რამდენიმეჯერ აორგანიზებს და ამით სტუდენტებს, ლექტორებს და პრაქტიკოსებს თვალსაწიერის გაფართოების უნიკალურ შანსს აძლევს. საინტერესოა ისიც, რომ სტრასბურგში საბაუნის დელეგაციის ვიზიტის რაოდენობა უკვე ოთხს ითვლის, ხოლო სტრასბურგამდე რამდენიმე ვიზიტი შედგა ჰააგასა და ვარშავაში.
სულხან-საბა ორბელიანის სამართლის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი გორაძის თქმით, მსგავსი ვიზიტები ევროპული სტრუქტურების უკეთ გაცნობასა და სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა, მარიამ საბედაშვილმა ასეთ შემეცნებით ტურში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა. მან ხაზი გაუსვა ამ გამოცდილების ტრანსფორმაციულ ხასიათს და აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ აღრმავებენ ცოდნას, ასევე აძლიერებენ კარიერულ მისწრაფებებს.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს ევროპარლამენტში, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ მათი მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საბაუნის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ახალი გამოცემის წარდგენაც გაიმართა. ლადო ჭანტურია 60 საიუბილეო გამოცემაა, რომელიც ევროსასამართლოს მოსამართლეს, პროფესორ ლადო ჭანტურიას მიეძღვნა.
საიუბილეო კრებული, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო სტატიებსა და თარგმანს კერძო სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებების, საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის, სამართლის მეთოდების მიმართულებით, სულხან-საბა ორბელიანის პრორექტორის, პროფესორ დიმიტრი გეგენავას რედაქტორობით გამოიცა.
ღონისძიებას საბაუნის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები დაესწრნენ.
ქართული სამართლის განვითარებაში ლადო ჭანტურიას მიერ გაწეული ღვაწლი ფასდაუდებელია. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნისა და ახალი ქართული სამართლის ფორმირებაში. იგი იყო საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის წევრი. პროფესორი 300-მდე სამეცნიერო კვლევისა და მრავალი მონოგრაფიის ავტორია.
სტუდენტებისთვის ახალი, საინტერესო გამოცდილებების შექმნის მიზნით საბაუნი აგრძელებს ძალისხმევას, შესთავაზოს მათ არა მხოლოდ განათლება, ასევე შექმნას პერსპექტივები.
კომენტარები