8 ნოემბერს ევროკომისიამ მისცა რეკომენდაცია ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ახლა ჯერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებზეა, რომლებმაც, დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებენ, გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება, თუმცა, ამისთვის, საქართველომ ის 9 დათქმა უნდა შეასრულოს, რაც ევროკომისიამ დადებით რეკომენდაციასთან ერთად გაგვაცნო.

9 პირობა განსაზღვრავს სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელ რეფორმებს და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სამართლებრივ საკითხებს მოიცავს.

ევროკავშირისთვის ყველა პუნქტის შესრულებას თანაბარი წონა და მნიშვნელობა აქვს.

რატომ ითხოვს ევროკავშირი რეფორმებს

ევროკავშირი და მართლმსაჯულება
დამოუკიდებელი სასამართლო ევროკავშირში ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რადგან:

  • წევრი ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი, და არა — მმართველი, ან ცალკეული პარტიების ინტერესები.
  • ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის მიზანია, შექმნას სამართლიანი და უსაფრთხო გარემო წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის.
  • შესაბამისად, თუ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა ვიზიარებდეთ საერთო ღირებულებებს და ქვეყანაში სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ვზრუნავდეთ.

მართლმსაჯულების პრობლემები საქართველოში

მართლმსაჯულების სისტემის პროგრესისთვის საჭირო ცვლილებების აუცილებლობაზე ევროკომისია და ვენეციის კომისია მუდმივად მიგვითითებდნენ. საქართველოში, ამ დრომდე გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, პრობლემები მუდმივად იყო.

  • ფუნდამენტურ პრობლემად კი არასათანადო გავლენები რჩება, რაზეც ევროპელი პარტნიორები ღიად საუბრობენ. შტოებს შორის ძალაუფლების განაწილებისა და სისტემის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე იყო საუბარი ევროკომისიის მიერ, 2022 წელს საქართველოსთვის მიცემულ 12 პრიორიტეტშიც, რომელიც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეგვესრულებინა, მაგრამ მათვე, 2023 წლის 8 ნოემბერს თქვეს, რომ 12 პრიორიტეტის დიდი ნაწილი შეუსრულებელია.

რა რეფორმებს გვირჩევს ევროკომისია

ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით, — წერია 9 დათქმის მეექვსე პუნქტში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა

  • ამას საკვანძოს უწოდებს ვენეციის კომისია და მიიჩნევს, რომ კანონში შეტანილი მცირე, ან ტექნიკური ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციას და რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ:

  • აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესის ცვლილება;
  • სასამართლო სისტემაში საბჭოს სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების შეზღუდვა;
  • საბჭოს ძალაუფლების შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს მისი ბოროტად
    გამოყენების რისკი;
  • საბჭოს უფლებამოსილების სხვა ორგანოებს შორის დანაწილება.

როგორ ესმის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია მმართველ პარტიას

23 ნოემბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმის დასრულების მიზნით გაცემულ რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკვე ამზადებენ სამოქმედო გეგმას ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად, თუმცა, მისი თქმით, "აუცილებელია დაზუსტდეს, რა იგულისხმება იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაში."

როგორ ესმით რეკომენდაციის ძირითადი მოთხოვნები სამართლის ექსპერტებს

გია გვილავა

გია გვილავა

ფოტო: ფეისბუქი

დავით ზედელაშვილი

დავით ზედელაშვილი

ფოტო: ug.edu.ge

ინსტიტუციური და პერსონალის რეფორმა — ამ ორ ძირითად რეკომენდაციას გვაძლევენ ევროპული სტრუქტურები, კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის მკვლევრის, დავით ზედელაშვილის თქმით, რომელიც შედარებითი საკონსტიტიციო სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის პერსპექტივებიდან სასამართლო ხელისუფლებას უკვე მრავალ წელია სწავლობს. Gnomon Wise- მა დავით ზედელაშვილის აკადემიური ხელმძღვანელობით წარმოადგინა თეორიულ და შედარებით კვლევაზე დაფუძნებული რეფორმის კონცეფციები, როგორც მოსამართლეების თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების (ვეთინგის), ისე, სასამართლოს ინსტიტუციური რეკონსტრუქციის საკითხებზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში მოქცეული კონსოლიდირებული ძალაუფლების გადაცემა კლანისთვის (ასე მოიხსენიებენ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებულ გავლენიან მოსამართლეებს), ექსპერტების აზრით, მთავარი პრობლემაა.

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე კონტროლი ამ ე.წ. სამოსამართლო კლანს აძლევს შეუზღუდავ, კონსოლიდირებულ, კონცენტრირებულ ძალაუფლებას მთელს სასამართლო შტოზე. ეს კორუმპირებული სამოსამართლო ბიუროკრატიის ელიტა, რომელიც, თავის მხრივ, შეზრდილია ამ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების მქონეებთან, არის საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ერთიანი სქემის ნაწილი."

თქვა ზედელაშვილმა.

მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ფაქტორი რჩება შემაფერხებლად, გატარდეს შინაარსობრივი რეფორმები და მოხდეს სისტემური ცვლილებები, რომლის შედეგად, გავლენებისგან დაცლილ სასამართლოს მივიღებთ.

"როგორც ევროკომისია აღნიშნავს, სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის ელემენტებია, რაც "ძლიერი" მოსამართლეების გავლენას ნიშნავს ყველაფერზე", — ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროექტის მენეჯერი, გია გვილავა, რომელიც სამართლის სპეციალისტია და სხვა პროგრამებთან ერთად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამასაც ხელმძღვანელობს.

ნებისმიერი საკითხი, სამართლო სისტემაში რაც წყდება, დღეს არის გავლენიანი მოსამართლეების ხელში. ამ რეკომენდაციის მიხედვით კი, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, არამოსამართლე წევრების გავლენა გაიზრდება,

გვითხრა მან.

რაც შეეხება მეორე კომპონენტს, პერსონალის რეფორმას, ვეტინგს, ეს თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურას გულისხმობს. ამ პროცესში კი, საერთაშორისო ექსპერტებს, გადამწყვეტი როლი უნდა მიენიჭოთ.

მკვლევრის, დავით ზედელაშვილის თქმით, ამგვარი პროცესი უკვე მიმდინარეობს მოლდოვაში, უკრაინასა და ალბანეთში, სადაც ევროკავშირი ხედავს, რომ არსებობს სასამართლოში სისტემური კორუფციისა და კლიენტელიზმის პრობლემები და პერსონალის რეფორმას განსაზღვრავს ინტეგრაციის ცენტრალურ პირობად.

ეს პრობლემები ცხადად ჩანს საქართველოშიც, სადაც სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს ამერიკამ სანქციები დაუწესა "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო".

რა პრობლემა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

არაფორმალური გავლენების.

2022 წლის 23 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ის გავლენიანი მოსამართლეები აირჩია, რომლებსაც ერთი ვადით უკვე ეკავათ თანამდებობები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კერძოდ — ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

ხოლო იქამდე, 2022 წლის 27 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძე 5-წლიანი უფლებამოსილების ვადით, მეორედ დანიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

მოგვიანებით, 2022 წლის 18 ივლისს კიდევ ერთი გავლენიანი მოსამართლე, ირაკლი ბონდარენკო, რომელიც 4 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

ამავე დღეს, მოსამართლე მამია ფხაკაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მესამე ვადით დაინიშნა.

ოთხივე თავმჯდომარის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეფასებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები თავმჯდომარეების შესახებ, "ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას და სერიოზულ დარტყმას აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას".

2023 წლის მაისში პარლამენტმა შეძლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევა, რასაც 90 ხმაზე მეტი სჭირდებოდა, თუმცა, ფარული კენჭისყრის დროს, რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის მიერ მოწონებულ კანდიდატებს დაუჭირა მხარი. ორი არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური დარჩა, რადგანაც დარჩენილი კანდიდატებიდან საჭირო 90 ხმა ვერცერთმა მოაგროვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევა, ასევე, 90 ხმით, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, 2023 წლის 23 ოქტომბერს მოხერხდა.

მოსამართლეთა მივლინების წესის გადახედვა

მოსამართლის მივლინების წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ არაერთხელ მითითებული რეკომენდაცია ოქტომბრის დასკვნაშიც გაიმეორა. აღნიშნული რეკომენდაციები ითვალისწინებს:

  • მოსამართლის მივლინების/გადაყვანისათვის უფრო ვიწრო კრიტერიუმების განსაზღვრას;
  • მივლინების ვადის შემცირებას;
  • ტერიტორიული შეზღუდვის დაწესებას;
  • შემთხვევითი შერჩევის პრინციპის დაწესებას.

კომისიამ, მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინება, ცალსახად არათანაზომიერ ქმედებად შეაფასა.

"ყველა ის პირი, ვისაც ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა, ამტკიცებდა, რომ 2021 წლის ცვლილებების ნამდვილი მიზანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მოსამართლეთა კონტროლისა და გაჩუმების უფლებამოსილების მინიჭება იყო", — ამბობენ ვენეციის კომისიაში.

როგორ შეიძლება მივლინების გამოყენება სადამსჯელო, ან — წამახალისებელ ინსტრუმენტად, სამართლის ექსპერტი, დავით ზედელაშვილი განმარტავს.

"მივლინების კონტროლის ინსტრუმენტად გამოყენების ძალიან ხანგრძლივი პრაქტიკა გვაქვს. ახლა, შესაძლოა იმდენად ხშირად აღარ ხდება, მაგრამ თავისთავად ის, რომ კლანს ეს ძალაუფლება აქვს, მოსამართლეს არასათანადო სტიმულებს უქმნის. კერძოდ, მოსამართლემ იცის, რომ თუ "კარგად არ მოიქცევა", შეიძლება, კლანმა მივლინებით გაუშვას მისთვის არასასურველ სასამართლოში, ან თუ "კარგად მოიქცევა" და პოლიტიკურ საქმეებზე კლანისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებს — შეიძლება, უცებ მივლინებით მოხვდეს მისთვის სასურველ სასამართლოში.

ეს სტიმულები აძლიერებს ინდივიდუალურ მოსამართლეზე კლანის კონტროლს და მნიშვნელოვანწილად ზღუდავს მოსამართლის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. ბოროტად გამოყენების ასეთი გამოცდილებისა და რესურსის გამო, მე მიმაჩნია რომ მივლინების ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს", — თქვა დავით ზედელაშვილმა.

რა მოლოდინია უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, გადაუჭრელი დარჩა:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის უფრო მკაცრი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესების სტანდარტი, როგორც ასაკობრივ, ასევე გამოცდილების ნაწილში.
  • კონკრეტულად: კომისიის შეფასებით, დადებითია 2023 წლის სექტემბრის ცვლილება, რომლის თანახმად, კანდიდატის მიმართ გამოცდილების 5-წლიანი მოთხოვნა 10-წლიანით შეიცვალა, "თუმცა კანდიდატის ასაკობრივი ზღვარი ისევ დაბალი, 30 წელი რჩება."
  • ამასთან, კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, შემცირდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.

უზენაესი სასამართლოს ხარვეზებზე მოსაზრებებს სამართლის ქართველი ექსპერტებიც გვიზიარებენ.

დავით ზედელაშვილი ამბობს, რომ საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, რადგან ხშირად გამოიყენება კონკრეტული კანონის "სათავისოდ განმარტების" ინსტრუმენტად.

"უზენაესი სასამართლოს ფუნქციაა, უზრუნველყოს, რომ კანონის განმარტებისას რაც შეიძლება ნაკლებ სამართლებრივ შეცდომას უშვებდნენ ქვემდგომი სასამართლოები და სასამართლოს სისტემა ერთგვაროვნად განმარტავდეს კანონს. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა იმის, რომ სხვადასხვა სასამართლო, ერთსა და იმავე გარემოებებში, ერთსა და იმავე სამართლებრივი წესების შემთხვევაში, სხვადასხვა შედეგს დააყენებს", — თქვა მან.

რა უშლის ხელს რეფორმის გატარებას

ექსპერტების აზრით, პოლიტიკური ნება.

"ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება და სასამართლო თანხმდება, რომ მათი ძალაუფლება შეიზღუდოს", — ამბობს გია გვილავა და განავრცობს, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომლის რეკომენდაციასაც ევროკომისია გვაძლევს, მიმართულია მართლმსაჯულების ჯაჭვის ძირეული ცვლილებისკენ, რაც, შესაძლოა, ხელისუფლებისთვის მისაღები არ იყოს:

"ხელისუფლებისთვის სრულად დაქვემდებარებული, კორუმპირებული სასამართლო არის აბსოლუტურად აუცილებელი, რადგან სწორედ სამართლის ბოროტად გამოყენებას ეყრდნობა ეს რეჟიმი და მართლმსაჯულების სისტემამ რომ დაიწყოს მოძრაობა სამართლის უზენაესობის პრინციპებისკენ, მაშინ, ეს რეჟიმი უნდა გარდაიქმნას", — თქვა დავით ზედელაშვილმა.

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.