როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
მიგანიშნებთ, არც ისე უსაფრთხოა, თუმცა რისკების პრევენციას გასწავლით.
ფოტო: NEXT.On.ge / ChatGPT
სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებში ახალი ტრენდია აქტუალური — ადამიანები საკუთარ ფოტოებს დებენ, ოღონდ 80-იანების სტილში არიან გამოწყობილნი. ეს სურათები ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ამის გაკეთება ChatGPT-ს სთხოვეს.
ინსტრუქცია მარტივია: შეგიძლიათ ჩატბოტს უბრალოდ საკუთარი ფოტო მიაწოდოთ და სთხოვოთ დააგენერიროს, როგორი იქნებოდით 80-იან წლებში — მაგალითად, ასე: "დახატე, როგორი ვიქნებოდი 80-იან წლებში".
მსგავსი ინსტრუქციის შესრულებას, გარდა ChatGPT-სა, ხელოვნური ინტელექტის სხვა ჩატბოტებიც შეძლებს, იქნება ეს Claude თუ Gemini.
მანამდე სიფრთხილეც მნიშვნელოვანია
გაითვალისწინეთ, რომ ფოტოს მიწოდებით ხელოვნური ინტელექტის მოდელს საკუთარ მონაცემებს უზიარებთ. თუკი პარამეტრებს შესაბამისად არ დაარეგულირებთ, შესაძლოა, თქვენ მიერ მიწოდებული მონაცემები ჩატბოტების მფლობელმა კომპანიებმა მოდელების საწვრთნელად გამოიყენონ. ყოფილა შემთხვევებიც, როცა ჩატბოტმა მომხმარებლების პირადი ინფორმაცია გაავრცელა.
ამ რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ ჩატბოტებს შეუზღუდოთ თქვენი მონაცემების გამოყენება AI-ს საწვრთნელად. მაგალითად, ChatGPT-ს აპლიკაციის შემთხვევაში ამისათვის პარამეტრებში Data Controls გრაფა უნდა მოძებნოთ; აქ შესვლის შემდეგ Improve model for everyone ფუნქცია გათიშეთ.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ფოტოები მეტამონაცემებსაც შეიცავს, მაგალითად ინფორმაციას გადაღების დროსა და ადგილზე. შესაბამისად, ჩატბოტისთვის ფოტოს მიწოდებით მას ამ დეტალებსაც ვუზიარებთ. ამის პრევენციისთვის შეგიძლიათ, ბოტს ორიგინალი სურათები კი არ მისცეთ, არამედ მათ ეკრანის ანაბეჭდები, ე. წ. სკრინშოტები, გადაუღოთ და ისინი მიაწოდოთ.
მეტამონაცემების გარდა, შეიძლება თავად სურათებმაც გაგვცეს და გამოგვეპაროს, რომ ზედ მგრძნობიარე პირადი ინფორმაციაა დატანილი (მაგალითად, პირადი ნომერი ან ჩვენი საცხოვრებელი მისამართის მიმანიშნებელი აბრა). შესაბამისად, კარგად დააკვირდით ხოლმე, რისი გამჟღავნება გიღირთ.
რთული სათქმელია, რამდენად შეგვიქმნის პრობლემებს AI-სთვის საკუთარი ფოტოების მიწოდება, თუმცა სიფრთხილეს თავი არც უწყინარი გართობისას სტკივა.

კომენტარები