DFRLab-ის კვლევა: კრემლის პროპაგანდისტები სომხეთში ანტისახელმწიფოებრივ განწყობას აღვივებენ
რუსული მედია და პრორუსი ბლოგერები მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაში ბრალს სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და დასავლეთს სდებენ და ანტისახელმწიფოებრივ დემონსტრაციებს ახალისებენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება DFRLab-თან პარტნიორობის ფარგლებში. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა. ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია ღია წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მთელი მსოფლიოს გარშემო.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ათთვიანი უწყვეტი ბლოკადის მერე მთიან ყარაბაღზე შეტევა განახორციელა და სრული კონტროლი მოიპოვა სადავო რეგიონზე, რომელშიც 120,000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა. ყარაბაღის ადგილობრივი მთავრობა ცეცხლის შეწყვეტას 24-საათიანი დაპირისპირების მერე დასთანხმდა. 24 სექტემბერს აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობა მოსახლეობის რუსეთის შუამავლობით ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანმა ლტოლვილებისთვის ლაჩინის დერეფანი გახსნა. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის იძულებით გადაადგილება 100,000-ზე მეტ ადამიანს მოუწია.
რუსეთის სომხეთთან ურთიერთობა უკვე წლებია, რაც უარესდება. ამ პროცესმა პიკს მაშინ მიაღწია, როცა სომხეთმა მთიანი ყარაბაღი დაკარგა. 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის სომხეთს არ დაეხმარა. შედეგად, მან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შემუშავებული ზომების გამრავალფეროვნების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
DFRLab-მა შეისწავლა, თუ როგორ შეაფასეს კრემლის ოფიციალურმა პირებმა და კრემლის კონტროლის ქვეშ მყოფმა მედიამ მთიანი ყარაბაღის სიტუაცია და, უფრო ზოგადად, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები. კრემლის პროპაგანდისტები ავრცელებდნენ სამ ძირითად გზავნილს: (1) ფაშინიანმა აზერბაიჯანს ყარაბაღი "დაუთმო"; (2) დასავლეთს სომხეთის დესტაბილიზაცია უნდა; (3) რუსეთი სამშვიდობო ძალაა. ონლაინგამოცემა მედუზამაც 20 სექტემბრის ანგარიშში მსგავსი ნარატივები მიმოიხილა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსულმა მედიამ მთიანი ყარაბაღის სიტუაციის გაშუქებაზე მითითებები მიიღო. მედუზას თანახმად, ეს მითითებები ორი მთავარი გზავნილის გავრცელებას ეხებოდა: სიტუაციაზე პასუხისმგებლები ფაშინიანი და დასავლეთი არიან; და რუსი სამშვიდობოები ყარაბაღელ სომხებს იცავენ.
გზავნილი 1: ფაშინიანმა აზერბაიჯანს ყარაბაღი დაუთმო
2023 წლის 25 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამტკიცებდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი საშინაო და საგარეო მარცხებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას რუსეთის დადანაშაულებით აპირებდა. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დასავლური ძალები "საერთო ევრაზიული მშვიდობის" დესტაბილიზაციას ისახავდნენ მიზნად და რომ სომხეთის მთავრობა საკუთარი ერის ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებდა. იმავე განცხადების თანახმად, ფაშინიანმა აღიარა აზერბაიჯანის უფლება მთიან ყარაბაღზე, რითაც სამინისტრომ ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი დასავლეთის ზეწოლას იმ "ჯენტლმენური შეთანხმების" ერთგულების ნაცვლად დამორჩილდა, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღის ბედი მომავალ თაობებს უნდა გადაეწყვიტათ.
კრემლის მედიის თანახმად, სიტუაციის დაძაბვის მიზეზი ის იყო, რომ ფაშინიანმა თითქოს ჯერ კიდევ 2020 წელს დაუთმო ყარაბაღი აზერბაიჯანს და რეგიონზე მისი უფლება აღიარა. მაგალითად, რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ, ცარგრადმა, გაავრცელა რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომელშიც ის მაყურებელს "ახსენებდა", რომ მიმდინარე სიტუაციაზე რუსეთი პასუხისმგებელი არ იყო და, სანაცვლოდ, სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სომხეთის პრემიერ-მინისტრს უნდა აეღო.
მსგავსი მტკიცებები კრემლის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც შექმნილ კრიზისში საკუთარი პასუხისმგებლობის მიჩქმალვა და, სანაცვლოდ, ფაშინიანის დადანაშაულებაა. 2023 წლის მაისში ფაშინიანმა გამოხატა მზადყოფნა, ეღიარებინა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა "საერთაშორისო გარანტიებით", რომელიც ყარაბაღელი სომხების უფლებებსა და უსაფრთხოებას დაიცავდა. თუმცა მხარეებს ფორმალური შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ და მოლაპარაკებები შეფერხდა. იქამდე კი, რუსეთის შუამავლობით გაკეთებული 2020 წლის სამმხრივი განცხადება შეიცავდა პირობებს, რომლის თანახმადაც, ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო ძალები ხუთი წლით უნდა განლაგებულიყო. მათი მთავარი მოვალეობა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი გზის, ლაჩინის დერეფნის დაცვა იყო. თუმცა რუსული სამშვიდობოების ადგილზე ყოფნას არ შეუმსუბუქებია მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც 2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანელი თვითგამოცხადებული გარემოსდაცვითი აქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადას მოჰყვა.
გზავნილი 2: დასავლეთს სომხეთის დესტაბილიზაცია უნდა
რუსეთის ოფიციალური პირები და კრემლის მიერ მართული მედია ასევე წინ წევდნენ ნარატივს, რომლის თანახმადაც, დასავლეთს სომხეთის დესტაბილიზაცია სურს. მათი მტკიცებით, ფაშინიანმა დასავლეთთან მეტად დაახლოება და რუსეთთან კავშირების გაწყვეტა არჩია.
19 სექტემბერს დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოქმედმა მოადგილემ, Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა: "მერე [ფაშინიანმა] გადაწყვიტა, თავის უხეირო მარცხზე პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაეკისრებინა. მერე თავისი ქვეყნის ტერიტორიის ერთ ნაწილზე თქვა უარი. მერე გადაწყვიტა, ნატოსთვის მოეწონებინა თავი, მისი ცოლი კი დემონსტრაციულად და ორცხობილებით ხელში ესტუმრა ჩვენს მტრებს. გამოიცანით, რა ბედი ელის მას..." პოსტი სომხეთისა და შეერთებული შტატების საერთო სამხედრო წვრთნებსა და ფაშინიანის ცოლის, ანა ჰაკობიანის ჰუმანიტარული ვიზიტით უკრაინაში ჩასვლას ეხებოდა. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის მედვედევის პოსტს 2.7 მილიონი ნახვა ჰქონდა და გადაზიარებული იყო Telegram-ის 600-ზე მეტ არხზე და ჯგუფში — მათ შორის კრემლის სანქცირებული პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის მიერ მართულ არხზეც.
ამ ნარატივის გავრცელების კიდევ ერთი მაგალითია კომსომოლსკაია პრავდას 19 სექტემბრის სტატია, რომელშიც ვკითხულობთ: "სომხეთის სამხედრო ძალები ამჟამად ამერიკელების გვერდით მანევრირებებით არიან დაკავებული, რის გამოც ყარაბაღში შექმნილ სიტუაციაზე რეაგირების დრო არ რჩებათ". დამატებით, სტატიის ავტორმა გამოცემის Telegram-ის არხზე მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავებაში "ანგლოსაქსებს" დასდო ბრალი და დასავლეთი ახალი კონფლიქტის დაწყებისა და "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა.
კიდევ ერთმა კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ, ოკტაგონმა, განაცხადა, რომ დასავლეთმა სომხეთი უკრაინის გზაზე დააყენა — რასაც თავად "უკრაინიზაციის რელსები" უწოდა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ამჟამად უკრაინაშია შეჭრილი, ამ სიტყვებში მუქარის ამოკითხვა რთული არაა.
იმავე რიტორიკის გაგრძელებად, რუსეთმა ასევე გააფრთხილა ფაშინიანი, არ დაეშვა "დიდი შეცდომები". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი დარწმუნებულია, რომ სომხეთის მმართველობა მიზანმიმართულად ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებას და სომხეთს "დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად" აქცევს.
გზავნილი 3: რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში მშვიდობას უზრუნველყოფენ
მას მერე, რაც ფაშინიანმა რუსეთი, როგორც რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სანდო ძალა, გააკრიტიკა, კრემლის მიერ მართულმა მედიამ მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო როლის მნიშვნელობაზე დაიწყო ხაზის გასმა. "სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" (CSTO) წევრია. ესაა რუსეთის ხელმძღვანელობით მართული, ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან შემდგარი ალიანსი, რომლის მიზანიცაა, თავისი წევრები უცხო ძალების პოტენციური თავდასხმისგან დაიცვას.
სატელევიზიო გამოსვლისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსები "არაეფექტიანი" და "არასაკმარისი" არის. ამ დროს კი კრემლის მედია ავრცელებდა გზავნილს, თითქოს რუსული სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში სომხეთს ეხმარებოდნენ და რომ სწორედ მათმა ადგილზე ყოფნამ შეუშალა ხელი დამატებით სისხლისღვრას. მაგალითად, რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემამ, ვზგლიად, გამოაქვეყნა ინტერვიუ რუს ექსპერტთან, რომლის თანახმადაც, დასავლეთმა ფაშინიანის დემონსტრანტებისგან დასაცავად ერევანში პოლიტიკოსებისა და ექსპერტების "დესანტი" გაგზავნა, მაშინ, როცა რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდნენ სომხებს, რომლებსაც თითქოსდა ფაშინიანმა უღალატა.
მთიან ყარაბაღში განთავსებულ რუს სამშვიდობოებს Telegram-ზეც აქებდნენ. 24 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით, "მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მცხოვრებლები რუს სამშვიდობოებს დახმარებისთვის მადლობა უხდიან". ვიდეო 100,000-ზე მეტჯერ ნახეს. ის ასევე ორიგინალ კონტენტად და განსხვავებული წარწერებით გადაზიარდა Telegram-ის ისეთ სხვა არხებზეც, როგორიცაა RT, Soloviev და ANNA news.
როგორ აქეზებდნენ სომხებს, ჩართულიყვნენ ანტისახელმწიფოებრივ პროტესტში
სომხეთში სახალხო მღელვარების პიკის დროს კრემლის ინტერესების დამცავები Telegram-ზე დეზინფორმაციის გავრცელებითა და მთავრობის დამხობის მოწოდებებით აქეზებდნენ მოსახლეობას. მაგალითად, პრორუსმა ბლოგერმა, მიკა ბადალიანმა 20 სექტემბერს დაწერა, რომ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღიდან წამოსულ ლტოლვილებს სომხეთში არ შეუშვებდა. "სომხების მიერ არცახის [მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება] დათმობის ერთ-ერთი პირობა არცახის მცხოვრებლებისთვის სომხეთის დერეფნის დაკეტვა იყო", — განაცხადა მან.
მომდევნო დღეს ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზად იყო ლტოლვილთა მისაღებად და რუსულ დეზინფორმაციულ რიტორიკას ამ სიტყვებით დაუპირისპირდა: "თუ სამშვიდობოებს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა შეეძლოთ, რატომ არ ქნეს ეს თავდასხმამდე, რათა მთიან ყარაბაღზე შეტევა თავიდან აეცილებინათ? ამაზე ხომ ყველა განგაშის ზარს სცემდა და ჩვენც ვამბობდით, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანული სამხედრო შეიარაღებით იყო გარშემორტყმული. რატომ არ განხორციელდა ეს შუამდგომლობა მაშინ? ეს ის კითხვებია, რომლებიც პასუხებს ითხოვენ". ლტოლვილთა პირველი ნაკადი სომხეთში 24 სექტემბერს შევიდა.
20 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში ბადალიანმა ასევე გამოთქვა აზრი, რომ აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის მოპოვების აღსაკვეთად სომხეთს ომი უნდა დაეწყო. მან დემონსტრანტები მთავრობის წინააღმდეგ წააქეზა: "მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს რესპუბლიკის მოედანზე [ერევნის ცენტრი] არ გამოვა, არა მხოლოდ არცახის დათმობის თანამონაწილე იქნება, არამედ სომხების გენოციდისაც". ხუთი დღის თავზე ბადალიანი ცოტა ხნით დააკავეს იმ სხვა ასობით დემონსტრანტთან ერთად რომლებიც ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ.
ბადალიანის 20 სექტემბრის პოსტმა Telegram-ზე ერთი მილიონი ნახვა დააგროვა და ის 13,000-ზე მეტჯერ გადააზიარეს. პოსტი გააზიარა კრემლის პროპაგანდისტმა და რუსეთის სახელმწიფო მედიის, RT-ის მთავარმა რედაქტორმაც, მარგარიტა სიმონიანმა. იგივე გააკეთა კრემლის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმაც. სომხეთმა სიმონიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
21 სექტემბერს დემონსტრაციები მეტად ძალადობრივი გახდა. მომხმარებელმა, სახელით War Gonzo, X-ზე და Telegram-ის არხზე დემონსტრაციაზე გადაღებული ვიდეო დადო და დაწერა, რომ მიტინგის ორგანიზატორებმა თითქოსდა "კრემლისგან სიგნალი" მიიღეს. პოსტში ასევე ეწერა: "ერევანში მიტინგი ძალას იკრებს. ერევანში გრძელდება მიტინგები, რომლებიც ორგანიზებულია პრორუსული ოპოზიციის მიერ, რომელმაც კრემლისგან სიგნალი მიიღო. ასობით ადამიანი მიემართება ქუჩებში ქალაქის ცენტრისკენ და ანტისახელმწიფოებრივ ლოზუნგებს სკანდირებს".
Telegram-ის არხზე, "მარკოვის ლოგიკა", რომელსაც პუტინის ყოფილი მრჩეველი, სერგეი მარკოვი მართავს, დაიწერა, რომ დემონსტრაციები ერევანში "დუნე" იყო და რომ ოპოზიცია (გაურკვეველია, კონკრეტულად ვინ იგულისხმება) იმის ახსნით უფრო იყო დაინტერესებული, თუ როგორ გახარჯეს რესურსები, ვიდრე — "გამყიდველი ფაშინიანის მოხსნით".
მთიან ყარაბაღზე კრემლის მხარდამჭერმა გზავნილებმა ვერ შეაფერხეს სომხეთი, დაეცვა საკუთარი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. 3 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა "რომის წესდება" მიიღო. Associated Press-ის თანახმად, "ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს და დაამტკიცეს 'რომის წესდება', რომელმაც დააარსა ICC [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო], ვალდებულები არიან, დააკავონ პუტინი", იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების ჩადენაზე ICC-ის მიერ ბრალი აქვს წაყენებული.
კომენტარები