საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მოქალაქეებს თანაბარ უფლებებს ანიჭებს. 2014 წელს, პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიიღო, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ.

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ".

კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების მიუხედავად, უთანასწორობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. ადამიანები საკუთარი იდენტობის გამო, ისევ, ყოველდღიურად აწყდებიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას.

კანონით უზრუნველყოფილი თანასწორობა რომ რეალობად იქცეს, მედიის როლი განუზომლად დიდია. მას აქვს ბერკეტი, იყოს იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც არ, ან ნაკლებად უსმენენ, და მათიც, ვინც პოლიტიკური, თუ სოციალურ-კულტურული წნეხის გამო, მარგინალიზებულია.

მედიას "უხილავი პრობლემების" ნათლად ჩვენება შეუძლია

  • ასე ხდება მაშინ, როდესაც მედიის დღის წესრიგი ისეთ საკითხებსაც მოიცავს, როგორიცაა: სოციალური უთანასწორობა, დისკრიმინაცია, გენდერული უთანასწორობა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები, თუ სხვა. ამით, მედიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საჯარო დისკურსში პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის.

"ჩემი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ჩნდება აჭარის პრობლემები, მათ შორის, მთიანი აჭარის გამოწვევები. მუსლიმი თემი და ადგილობრივთა მოსაზრებები, წინა წლებთან შედარებით, უკეთესად შუქდება", — უთხრა On.ge-ს ნესტან ანანიძემ აჭარიდან. ის ორგანიზაცია სოლიდარობის თემის წარმომადგენელია.

ფოტო: Nestan Ananidze / Facebook

  • "იმისთვის, რომ მედიამ უკეთ შეასრულოს საკუთარი როლი, ხელი შეუწყოს თანასწორობის, სამართლიანობის იდეებისა და ღირებულებების გავრცელებას, მუდმივად ხელი უნდა ეჭიროს საზოგადოების პულსზე. უნდა იცოდეს, რა გამოწვევები და პრობლემები ქმნის უთანასწორობას", — ამბობს ის და დასძენს, რომ ბევრი პრობლემური საკითხი ჯერ კიდევ, ხშირად რჩება ყურადღების მიღმა, განსაკუთრებით — რეგიონებიდან.

ნესტან ანანიძე იმის შესახებაც საუბრობს, რომ საერთო პრობლემების გაშუქება ადამიანებს მეტად აახლოებს, ხელს უწყობს "საზღვრებისა" თუ ბარიერების მოშლას დომინანტურ და არადომინანტურ ჯგუფებს შორის, რადგან ხშირად, მათი პრობლემები და წუხილი საერთოა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ინფრასტრუქტურის, თუ სხვა სახის გამოწვევებისას.

ამ საერთო გამოწვევების შესახებ, ხილვადობის გაზრდით, უფრო მეტი დაახლოების პერსპექტივა ჩნდება, რაც, რა თქმა უნდა, საფუძველია თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობაში.

აღნიშნავს ნესტან ანანიძე.

მისთვის პრობლემურია, რომ ხშირად, მედია უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ მაშინ აშუქებს, როცა რაიმე ტრაგიკული ხდება, მაგალითად კი დმანისელი აითაჯ შახმაროვას მკვლელობა მოჰყავს.

  • 14 წლის აითაჯს, ქორწინების მოტივით, იძულებით აცხოვრებდნენ 27 წლის კაცთან. მან რამდენჯერმე სცადა გაქცევა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას, ის "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ნესტანი ამბობს, რომ აუცილებელია მედია პროაქტიულად აშუქებდეს იმ პრობლემებსა და მიზეზებს, რის გამოც ნაადრევი და იძულებითი ქორწინების შემთხვევები ჯერ კიდევ ხშირია.

მედიის სოციალური გავლენა

  • მედიას აქვს უნარი, პოზიტიურად შეცვალოს დამკვიდრებული სტერეოტიპული ნორმები და ამით ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებას შეუწყოს ხელი.

ეს ჯეიჰუნ მუჰამედალია, მთავარი არხის ჟურნალისტი და ორგანიზაცია წითელი ხიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ფოტო: Jeikhun Muhamedali / Facebook

ჯეიჰუნი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, უმცირესობები ხშირად ჩანდნენ მედიაში და მხოლოდ მაშინ არა, როდესაც საქმე პრობლემებს ეხება.

მაგალითად, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად ქართველებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს უნდა გავაცნოთ ერთმანეთი. ქართველებმა უნდა იცოდნენ, როგორი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ აქ, საქართველოში და აზერბაიჯანელებმა გაიგონ, როგორია ქართველი ხალხი,

გვეუბნება ჯეიჰუნი.

ამისთვის კი, ჯეიჰუნ მუჰამედალის ხედვით, სასურველია, ტელევიზიებში არსებობდეს მულტიკულტურული გადაცემები, სხვადასხვა თემის ყოველდღიური ყოფის, პრობლემების, ტრადიციების, თუ სამზარეულოს შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის, ერთ ქვეყანაში მცხოვრებმა ხალხმა ერთმანეთი უკეთ გაიცნოს.

სილამაზეს მრავალფეროვნება ქმნის — რაც მეტია კულტურა თუ განსხვავებული აზროვნება, მით უფრო ძლიერი და ლამაზია ქვეყანა,

ჯეიჰუნ მუჰამედალი.

ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმასაც, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ნაწილია.

  • "ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ: ერთად, თანასწორად ვიხდით საშემოსავლო, საპენსიო გადასახადებს, თუ სამხედრო ვალდებულებას და შესაბამისად, ცხოვრების განვითარების კუთხითაც, თანასწორები უნდა ვიყოთ. ამგვარი სამოქალაქო აზროვნების ჩამოსაყალიბებლად კი, მედიას განსაკუთრებული როლი აქვს", — ამბობს ის.

იმავეს იზიარებს ნატა ძველიშვილი, რომელიც გამოცემა ინდიგოს დირექტორია.

ნატა ძველიშვილი

ფოტო: Nata Dzvelishvili / Facebook

გვითხრა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, პლატფორმა დაუთმოს არა მხოლოდ თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბარს, არამედ კულტურული მრავალფეროვნებაც აჩვენოს — ის წვლილი, რაც ამა თუ იმ ჯგუფს ქვეყნის ცხოვრებასა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში შეაქვს.

ვცდილობთ გამოჩნდეს, რამდენად დიდი სიმდიდრეა, როცა ამ პატარა ტერიტორიაზე მრავალგვარი ადამიანი ახერხებს თანაცხოვრებას,

ამბობს ნატა ძველიშვილი.

ინდიგოს დირექტორი აღნიშნავს, რომ არაპროფესიონალური გაშუქებით, ამა თუ იმ ჯგუფის საზოგადოებისგან გამოყოფილად წარმოჩენამ, შესაძლოა, მათი მარგინალიზებაც გამოიწვიოს, ისევე, როგორც მათმა "ეგზოტიზებამ", და ამაში მედიას სიფრთხილე მართებს.

მისი დაკვირვებით, ბოლო წლებში, თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების ხარისხი გაუმჯობესებულია, მაგრამ "ეს არ არის საუკეთესო მაჩვენებელი".

მედია და თანასწორობა — გამოწვევები

  • "მედიის გავლენა შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური", — აღნიშნა სახალხო დამცველის მოადგილემ, თამარ გვარამაძემ. მან გვითხრა, რომ ჯერ ისევ არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის მედიასაშუალება დისკრიმინაციულად აშუქებს თანასწორობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

თამარ გვარამაძე

ფოტო: Tamar Gvaramadze / Facebook

მედია არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ღირებული და უცვლელი პარტნიორი, რომელთან ერთადაც, ძალიან არსებითი შედეგების მიღწევა შეგვიძლია,

თამარ გვარამაძე.

ომბუდსმენის მოადგილე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული დაწესებულება, პასუხისმგებელია ცნობიერების დონის ამაღლებაზეც და ამ მიმართულებით, გასული წლებიც განმავლობაში, არაერთი პროექტი განახორციელეს, "მათ შორის, მედიის წარმომადგენლებთან, რათა არ ხდებოდეს დისკრიმინაციული ნარატივის წახალისება".

აღნიშნავს, რომ ცდილობენ, თავი მოუყარონ მედია გაშუქების ნეგატიურ მაგალითებს, შემდეგ კი ასეთი შემთხვევები დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართულ სპეციალურ ანგარიშებში ხვდება.

თანასწორობა და მედია სტანდარტი

  • თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხების მედია-გაშუქებაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს, ხატია ღოღობერიძესაც ვესაუბრეთ.

ხატია ღოღობერიძე

ფოტო: Khatia Ghoghoberidze / Facebook

  • ის ახლად დაფუძნებული ინტერნეტ-გამოცემის, მედია აპრილის ერთ-ერთ დამფუძნებელიც არის. გამოცემის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თანასწორობის საკითხებს ქვიარ-ფემინისტური პერსპექტივიდანაც შეგვახედოს.

რა მედია სტანდარტი უზრუნველყოფს თანასწორობის საკითხების სწორად გაშუქებას, ვკითხეთ მას.

  • ხატია ღოღობერიძე ამბობს, რომ მედია გაშუქებისას, მთავარი პრინციპი უნდა იყოს — "არ ავნო" და ჟურნალისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ცუდი გაშუქებით, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენონ ადამიანებს.
  • მედიის განსაკუთრებულ როლს ის იმაშიც ხედავს, რომ შეუძლია, თავად დააყენოს დღის წესრიგში ესა თუ ის საკითხი.

მედიამ უნდა მისცეს ტრიბუნა ადამიანებს, რომელთა ხმა ყველაზე ნაკლებად ისმის,

ამბობს ხატია.

თანასწორობასთან დაკავშირებულ, პრობლემური გაშუქების საკითხებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ქარტიის მე-7 პრინციპის ფარგლებში განიხილავს.

  • "ამ პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით", — აღნიშნავს ღოღობერიძე.