რუსეთის სახელისუფლებო სარაკეტო კომპანია Energia-მ კოსმოსური ხომალდის ახალი დიზაინი დააპატენტა. ასეთ სისტემას ხელოვნური გრავიტაციის წარმოქმნა შეეძლება, რაც, პოტენციურად, ხანგრძლივი ეკიპაჟიანი მისიების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ადგილობრივი სამთავრობო მედია TASS-ის ინფორმაციით, ახალი არქიტექტურა მოიაზრებს მბრუნავ ხომალდს, რომლის მიერ გენერირებული გრავიტაციული ძალაც 0.5 გ. იქნება. შედარებისთვის, ეს დედამიწაზე არსებულის 50%-ია.

გასაჯაროებულ დოკუმენტში ამგვარი კოსმოსური სადგურის ილუსტრაციებიცაა წარმოდგენილი; სურათებზე ვხედავთ ცენტრალურ ღერძულ მოდულს, რომელზეც სტატიკური და მბრუნავი კომპონენტებია მიბმული. მოდულები ერთმანეთს ჰერმეტულად დალუქული, მოქნილი სტრუქტურებით დაუკავშირდება, ხოლო საცხოვრებლად განკუთვნილი სივრცეები ღერძის გარშემო იმოძრავებს.

ფოტო: RSC Energia

ასე მიიღება გარეთ მიმართული ცენტრიდანული ძალა, რომლითაც ეკიპაჟისთვის გრავიტაციის სიმულაციას შექმნის. ამისთვის თითოეულ წუთში დაახლოებით ხუთი ბრუნი იქნება საჭირო, სტრუქტურის რადიუსი კი 40 მეტრი უნდა იყოს, რათა 0.5 გ. წარმოქმნას. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ზომის კოსმოსური სადგურის ასაშენებლად რამდენიმე მისია იქნება საჭირო.

დოკუმენტში ამგვარ სადგურთან დაკავშირებულ გამოწვევებზეცაა საუბარი. მაგალითად, ასეთია მბრუნავ სტრუქტურასთან სატვირთო ხომალდის მიერთება, რადგან ეს გარკვეულ საფრთხეებთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, ხელოვნური გრავიტაცია ასტრონავტებისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში არსებულ მიკროგრავიტაციაზე უკეთესია, რადგან ეს უკანასკნელი მათ ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს (კუნთების ატროფია, ძვლის სიმკვრივის შემცირება და სხვა).

ჯერჯერობით უცნობია, როდის განხორციელდება აღნიშნული პროექტი. ცნობისთვის, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მისია დასასრულს უახლოვდება (2030), რუსეთი კი იქ დარჩენას 2028 წლამდე აპირებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.