ნაშიერი გააჩინა ზვიგენმა, რომელსაც 4 წელია, მამრთან შეხება არ ჰქონია
პართენოგენეზის შემთხვევები იზოლირებულ ჩიტებში, ზვიგენებში, ხვლიკებსა და გველებში ფიქსირდება.
Hemiscyllium ocellatum სახეობის მდედრმა ზვიგენმა, რომელსაც 4 წელია, მამრთან შეხება არ ჰქონია, ნაშიერი გააჩინა. ეს ბრუკფილდის ზოოპარკში, ილინოისში, მოხდა. მოვლენა პართენოგენეზის სახელით ცნობილი ბიოლოგიური ფენომენით აიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ზოოპარკი ავრცელებს.
უწყების თანახმად, ნაშიერი 23 აგვისტოს დაიბადა. იგი მამრის მხრიდან ყოველგვარი განაყოფიერების გარეშე ჩაისახა, შემდეგ კი 5-თვიანი საინკუბაციო პერიოდი გაიარა. ამ სახეობის იზოლირებულ ზვიგენში პართენოგენეზი სულ რაღაც მეორედ დაფიქსირდა.
ზოოპარკს ნაშიერის დაბადების შესახებ ინფორმაცია აქამდე არ გაუვრცელებია, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. ზვიგენი უკვე 13-15 სანტიმეტრი სიგრძისაა. მის ხილვას სტუმრები ზოოპარკის "Living Coasts" სექციაში შეძლებენ.
პართენოგენეზი, იგივე "ქალწულებრივი გამრავლება", უსქესო გამრავლების ფორმაა ისეთ სახეობებში, რომლებიც, ჩვეულებრივ, სქესობრივი გზით მრავლდებიან. ეს შედარებით იშვიათი ფენომენია ისეთ კომპლექსურ ხერხემლიანებში, როგორებიც ზვიგენები არიან.
პართენოგენეზის შემთხვევები იზოლირებულ ჩიტებში, ზვიგენებში, ხვლიკებსა და გველებში ფიქსირდება. მეტიც, გასული წლის ივნისში მეცნიერებმა ეს ფენომენი ნიანგებშიც აღრიცხეს ისტორიაში პირველად.
იმ სახეობებში, რომლებსაც პართენოგენეზი ახასიათებთ, მდედრებს შეუძლიათ, გამრავლებისათვის საჭირო სრული გენეტიკური ინფორმაციის მქონე კვერცხები დადონ. მეორე მხრივ, ძუძუმწოვრები, მათ შორის ადამიანები, უსქესოდ ვერ მრავლდებიან, რადგან კონკრეტული გენების მისაღებად სპერმატოზოიდებია საჭირო.
ნაშიერის დედა ბრუკფილდის ზოოპარკში 2019 წელს მოიყვანეს ახალი ინგლისის აკვარიუმიდან, რომელშიც ამ სახეობის ზვიგენებში პირველი პართენოგენეზი დაფიქსირდა. ზვიგენი ამ დროიდან მოყოლებული მამრთან ერთად არ მოუთავსებიათ. მან სქესობრივ სიმწიფეს შარშან მიაღწია 7 წლის ასაკში და ყოველთვიურად 2-4 კვერცხის დადება დაიწყო.
ერთ-ერთი კვერცხი ემბრიონად ისე გადაიქცა, რომ მამრის გენეტიკური მასალით არ განაყოფიერებულა.
პართენოგენეზის შედეგად დაბადებული ზვიგენების ჯანმრთელობა საკმაოდ საფრთხილო საკითხია. მიუხედავად ამისა, ზოოპარკის პოსტის თანახმად, ახალშობილი ამჟამად ჯანმრთელი ჩანს და კარგად იკვებება.
ზოოპარკის გუნდი მოუთმენლად ელის, როდის შეძლებენ სტუმრები ნაშიერის ხილვას.
კომენტარები