ისტორიაში პირველად, ნიანგებში "უბიწო შობადობა" დაფიქსირდა — მდედრმა ნიანგმა კვერცხები მამრის გარეშე დადო
ნიანგმა, რომელმაც 16 წელი სრულ იზოლაციაში გაატარა, კვერცხები დადო.
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა "უბიწო შობადობის" ფენომენი ნიანგებში დააფიქსირეს — კოსტა-რიკის პარკში 16 წლით იზოლირებულმა მდედრმა კვერცხები დადო. შესაძლოა, მიგნებამ ამ მახასიათებლის ევოლუციურ საწყისებსა და დინოზავრთა რეპროდუქციულ უნარებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.
ამერიკული ნიანგი, იგივე Crocodylus acutus, 2002 წელს დაატყვევეს კოსტა-რიკის რეპტილიების პარკში. ამ დროს იგი 2 წლისა იყო, მომდევნო 16 წელი კი სრულებით იზოლირებულმა გაატარა. 2018 წლის იანვარში მის სამყოფელში 14 კვერცხი იპოვეს.
"უბიწო შობადობა", იგივე ფაკულტატიური პართენოგენეზი, უსქესო გამრავლების ერთ-ერთი ფორმაა. იგი იმ სახეობებში გვხვდება, რომლებიც, ჩვეულებრივ, სქესობრივი გზით მრავლდებიან. ეს ფენომენი არაერთ სახეობაში დაუფიქსირებიათ, თუმცა ნიანგების ქვეწარმავალთა რიგში მსგავსი რამ პირველად შენიშნეს.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა გადაშენების პირას მყოფ სახეობაში "უბიწო შობადობა" დააფიქსირეს
როგორც დადგინდა, ნაპოვნი 14 კვერცხიდან სიცოცხლისუნარიანი მხოლოდ 7 იყო. ზოოპარკის თანამშრომლებმა ინკუბატორში მათი გამოჩეკა სცადეს, თუმცა ვერ შეძლეს, ამიტომ სამი თვის შემდეგ კვერცხები გახსნეს. 6 მათგანის შიგთავსი ძნელად ამოსაცნობი აღმოჩნდა, ერთში კი სრულად ფორმირებული, თუმცა სიცოცხლისუუნარო, ნაყოფი შენიშნეს. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, იგი დედის თითქმის იდენტური იყო.
მკვლევართა გუნდი წერს, რომ კვერცხიდან ნაშიერი ვერ გამოიჩეკა, თუმცა ამგვარად დაბადებული ცხოველები სხვადასხვა ანომალიას ხშირად განიცდიან და გადარჩენას ვერ ახერხებენ. ამასთანავე, შესაძლოა, ფაკულტატიური პართენოგენეზი გადაშენების პირას მყოფ სახეობებში უფრო ხშირი იყოს. შესაბამისად, სავარაუდოდ, ველურ პოპულაციათა კვლევებით მეტ ასეთ შემთხვევას დავაფიქსირებთ.
ნიანგში "უბიწო შობადობის" აღმოჩენა იმასაც ნიშნავს, რომ ფაკულტატიური პართენოგენეზი უკვე ჩიტებშიცაა დაფიქსირებული (დინოზავრების შთამომავლებში) და ნიანგების ქვეწარმავალთა რიგშიც. ეს საერთო ევოლუციურ წარმომავლობაზე შეიძლება მიუთითებდეს. ცნობილია, რომ ჩიტები და ნიანგთა რიგი არქოზავრების (ეს ჯგუფი დინოზავრებსა და პტეროზავრებსაც აერთიანებდა) ცოცხალი წარმომადგენლები არიან.
ნაშრომი ჟურნალში Biology Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები