ნახეთ: ახალი რუკა მზის სისტემის ყველაზე ვულკანური ობიექტის აქტიურ რეგიონებს გვიჩვენებს
მზის სისტემის ფარგლებში ვულკანურად ყველაზე აქტიურ ობიექტად იო მიიჩნევა, რომელიც იუპიტერის ერთ-ერთი ბუნებრივი თანამგზავრია. ახალი კვლევის მიხედვით, მისი ზედაპირის ქვეშ მაგმის ოკეანეა და ციურ სხეულს თბილი პოლუსები აქვს.
აქამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იოს ასეთი ვულკანიზმი ე.წ. მოქცევით გაცხელებას უკავშირდება. თუ დედამიწის შემთხვევაში მსგავსი პროცესები მთვარისა და მზის გავლენითაა პროვოცირებული, ზემოხსენებული ობიექტის შემთხვევაში მთავარ როლს იუპიტერი ასრულებს. შედეგად იოს ქანები ხახუნს განიცდის და სითბოს გამოყოფს. მის ტემპერატურაზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს, შიდა პროცესები გავაანალიზოთ.
ამის მიუხედავად, აქამდე იოს პოლუსების შესახებ სრული ინფორმაცია არ გვქონდა, ამიტომ ვულკანურად აქტიური რეგიონების გლობალური რუკა არ მოგვეპოვებოდა. ის ავტორებმა NASA-ს კოსმოსურ ზონდ ჯუნოს ახლო ინფრაწითელ მონაცემებზე დაყრდნობით შექმნეს.
"პირველად გვაქვს გამოსახულება, რომელიც იოზე ამჟამად არსებულ ვულკანურ აქტიურობას გვიჩვენებს, რაც მისი ვულკანიზმის გაგებაში უდიდესი ნახტომია", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათ ამ ციურ სხეულზე 266 აქტიური ვულკანური ზონა გამოავლინეს. ასევე, გაირკვა, რომ პოლუსებზე არსებული ვულკანები თითქმის ისეთივეა, როგორიც სხვა არეალებში, მაგრამ ისინი შედარებით ნაკლებ ენერგიას გამოყოფს.
გარდა იმისა, რომ, კომპიუტერული მოდელების მიხედვით, იოს ზედაპირის ქვეშ შესაძლოა, მაგმის გლობალური ოკეანე გვხვდებოდეს, იუპიტერის გავლენით წარმოქმნილი მოქცევითი გაცხელება ზედა მანტიაშია კონცენტრირებული.
რაც შეეხება პოლუსების უჩვეულო სითბოს, არაა გამორიცხული, ის თავად ამ ობიექტის გარკვეულ მახასიათებელს უკავშირდებოდეს, რომელიც მზის ენერგიის პოლუსების მიმდებარედ შენარჩუნებას განაპირობებს. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ეს შესაძლოა, იმიტომ ხდებოდეს, რომ პოლუსების მახლობლად ზედაპირამდე ქვემოდან უფრო მეტი სითბო ამოდის.
საინტერესოა, რომ იოს სამხრეთ პოლუსზე ვულკანები ორჯერ უფრო ენერგიულია, ვიდრე ჩრდილოეთით. ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს იქ არსებული სქელი ქერქითაა გამოწვეული.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები