დედამიწის შუაგულში არსებული გარეთა ბირთვი, რომელიც დამდნარი მეტალისგან შედგება, თხელი შრითაა დაფარული. დეკადების განმავლობაში მისი წარმომავლობის შესახებ არაფერი ვიცოდით, ახლა კი მეცნიერებმა პოტენციურ ახსნას მიაგნეს.

მათი კვლევის თანახმად, ეს, არც მეტი, არც ნაკლები, წყალს უკავშირდება, მაგრამ როგორ მოხვდა ის იქ?

რა თქმა უნდა, სითხე ასეთ სიღრმეში უბრალოდ არ ჟონავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ წყალი იქ ტექტონიკური ფილების გადაადგილების წყალობით ხვდება, რა დროსაც 2 900 კილომეტრით დაბლა ჩაედინება. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ამიტომ მის იქ დაგროვებას მილიონობით წელი დასჭირდა. ამან ჩვენი მანტიისა და გარეთა ბირთვის მიჯნა შეცვალა.

იქ არსებული, წყალბადით მდიდარი და სილიკატნაკლული შრე რამდენიმე ასეული კილომეტრი სისქისაა. შედარებისთვის, ბირთვი 6 970 კილომეტრზე ვრცელდება. ფიქრობენ, რომ დამდნარ ლითონთან წყლის ურთიერთქმედებამ კვარცის კრისტალები წარმოქმნა, რომლებმაც მანტიაში გადაინაცვლა. ასევე, მოსალოდნელია, რომ ეს ფენა ნაკლებად მკვრივი იყოს და დაბალი სეისმური სიჩქარე ჰქონდეს.

ფოტო: Nature Geoscience

"წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ დედამიწის ბირთვსა და მანტიას შორის მცირე ოდენობის მატერია მიმოიცვლება. ამის მიუხედავად, ჩვენ მიერ ბოლო დროს მაღალი წნევის პირობებში განხორციელებულმა ექსპერიმენტებმა სხვა რამ აჩვენა. დავადგინეთ, რომ როცა წყალი ბირთვისა და მანტიის მიჯნამდე აღწევს, ის სილიციუმთან შედის რეაქციაში და კვარცს წარმოქმნის.

ეს აღმოჩენა, ძლიერი წნევის პირობებში თხევად რკინაში ნახშირბადისა და წყლის რეაქციით ალმასების ფორმირებაზე დაკვირვებებთან ერთად, ბირთვ-მანტიის უფრო დინამიკურ ურთიერთქმედებაზე მიანიშნებს. აქედან ვვარაუდობთ, რომ მათ შორის მნიშვნელოვანი ოდენობის მატერია მიმოიცვლება", — აცხადებენ ავტორები.

ჯერ კიდევ ბევრი რამაა, რაც ჩვენი პლანეტის შიდა რეგიონების შესახებ არ ვიცით. ამის მიუხედავად, მიწისძვრებისას დაფიქსირებული სეისმური მონაცემების შესწავლა მეტის გაგებაში გვეხმარება, ამიტომ მომავალში დედამიწის სიღრმეში მიმდინარე პროცესებზე უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნება.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.