დაიჯერებ, თუ პროპაგანდისტული მედია გეტყვის, რომ სამყაროს უცხოპლანეტელი ქვეწარმავლები მართავენ, და მასონები, და საიდუმლო მსოფლიო მთავრობა; აქედან რომელიმე ერთი მაინც, ან ყველა ერთად — 2022 წლის მონაცემებით, ამ და სხვა კონსპირაციული თეორიების სწამს კვლევის ფარგლებში გამოკითხულ რუსეთის ყოველ მესამე მოქალაქეს, რადგან მათ, ამ და სხვა კონსპირაციული თეორიების შესახებ, 9-ჯერ უფრო ხშირად ესაუბრებოდა პროპაგანდისტული მედია 2011 წლიდან, ვიდრე — მანამდე.

მასალაში წარმოდგენილი რუსული კონსპირაციული თეორიები შეიცავს ანტისემიტიზმს, ჰომოფობიას, ისტორიისა და ფაქტების გაყალბების მცდელობას, ადამიანის ჯანდაცვის უფლებების საწინააღმდეგოდ მიმართულ არასამეცნიერო, მავნებლურ მოსაზრებებს.

ეს არის კვლევაზე დამყარებული მონაცემები, ათი ყველაზე პოპულარული კონსპირაციული თეორიის შესახებ, რაზეც 2011-იდან 2017 წლამდე რუსული მედია აქტიურად ავრცელებდა გზავნილებს.

ფოტო: მედიალოგია

  • კვლევა მედიამონიტორინგის რუსულმა ორგანიზაციამ მედიალოგი, გაზეთ ვედომოსტთან ერთად მოამზადა.
  • 7-წლიან პერიოდში, რუსული მედიის 43 000 სხვადასხვა მასალა გააანალიზეს: ტელევიზიებიდან, რადიოგადაცემებიდან, ინტერნეტგამოცემებიდან და ბეჭდური პრესიდან.
  • და გაირკვა, რომ რუსული მედია, აუდიტორიას ამარაგებს ისეთი შეთქმულების თეორიებით, როგორიცაა:
  1. თითქოს, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორეს ოჯახი ბოლშევიკებმა კი არა, ებრაელებმა, რიტუალურად მოკლეს — რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გავრცელებულ ამ ანტისემიტურ კონსპირაციას რუსული პროპაგანდისტული მედიის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს;
  2. მსოფლიოს საიდუმლო მთავრობა მართავს;
  3. აივ/შიდსის არსებობა მითია;
  4. გენმოდიფიცირებული საკვები საშიშია;
  5. სამყაროს უცხოპლანეტელი ქვეწარმავლები მართავენ;
  6. ვაქცინაცია უკიდურესად საშიშია;
  7. ევროპა "გეების სამეფოა", რომლებიც რუსეთში მორალს უთხრიან ძირს;
  8. დედამიწა ბრტყელია;
  9. სამყაროს მასონები მართავენ;
  10. ამერიკელებს არასდროს დაუდგამთ ფეხი მთვარეზე.
  • სტრიქონებს შორის: მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კონსპირაციულ თეორიებს არც ყველა რუსი ენდობა და ზოგადად, არც შეთქმულების თეორიების რწმენის ფენომენია უნიკალური რომელიმე კონკრეტული ეროვნებისა და კულტურისთვის.

თავდაპირველად ავხსნათ, რას ნიშნავს კონსპირაცია

იგივე შეთქმულების თეორიაა. მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოებებში გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია, სადაც:

  • მაღალია უნდობლობა სამთავრობო ინსტიტუტებისა და ინფორმაციის მიმართ;
  • დაბალია კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების დონე;
  • და იქ, სადაც ხელისუფლებები მიზანმიმართულად ცდილობენ, შეთქმულების თეორიები აქციონ დეზინფორმაციული კამპანიების იარაღად რეალური პრობლემების გადასაფარად.

აი, რუსეთის შემთხვევა სწორედ ამ ნიშნითაა განსაკუთრებული, რომ იქ შეთქმულების თეორიების გავრცელება კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი დიდი მედია კორპორაციების მიზანმიმართული ამოცანაა.

რა გავლენა აქვს მას რუსულ საზოგადოებაზე

  • კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალური სახელმწიფო ორგანოა, ამბობს, რომ 2022 წელს, მათ მიერ გამოკითხული რუსი მოსახლეობის 37%, ანუ ყოველი მესამე რუსია შეთქმულების ამა თუ იმ თეორიის მიმდევარი.

მონაცემებში

  • შეთქმულების თეორიის მთავარი მხარდამჭერები არიან 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები (49%),
  • და ისინი, ვინც აქტიურად უყურებენ ტელევიზორს (48%).

რა არის მიზანი?

შეთქმულების თეორიების მედია გაშუქება, ფაქტობრივად, პრობლემებთან გამკლავების ლეგიტიმური მოდელი გახდა, შიდსის პრობლემით დაწყებული — ანტირუსული სანქციებით დასრულებული,

ამბობს ჟურნალისტი ვლადიმერ რუვინსკი, კონსპირაციული თეორიების კვლევის შესახებ.

  • იმის მიუხედავად, რა მიზეზები შეიძლება წააქეზებდეს კრემლისტურ პროპაგანდისტულ მედიას, საზოგადოებაში ჩანერგოს მოსაზრება, თითქოს, შიდსის არსებობა მითია, ეს არ ცვლის მოცემულობას, რომ რუსეთში შიდსის ეპიდემია მძვინვარებს.

კითხვის გაგრძელებამდე ეს ვიდეო ჩართეთ და მოუსმინეთ, რას ამბობს პაველ კალიგინი, რომელიც დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტია.

  • შიდსის საკითხი არის მხოლოდ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმის, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს შეთქმულების თეორიების გავრცელებამ საზოგადოებას.

ამას ხელს უწყობს რუსული მედიის საინფორმაციო პოლიტიკა, რომელშიც სიზუსტე უკანა პლანზეა,

ამბობს რუსეთის კვლევითი უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, დიმიტრი ლეონტიევი, "ვედომოსტისთან" ინტერვიუში, კვლევის შედეგების კომენტირებისას.

  • მედიალოგიის კვლევისას გაანალიზებულ მასალებს შორის, ამ თეორიამ, წლების მანძილზე პოპულარობის ზრდის თვალსაზრისით, მეორე ადგილი დაიკავა და რაკიღა ეს კონსპირაცია ადამიანის სიცოცხლის ხარისხზე პირდაპირ გავლენას ახდენს, შეთქმულების ზიანიც ამ მაგალითზე ავხსნათ.

ჯერ კიდევ ერთი ვიდეო:

  • თოქ-შოუში ვლადიმერ აგეევი ტელემაყურებელს წარუდგინეს, როგორც "უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი-პათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი და დოცენტი",
  • და დაუთმეს ტრიბუნა, გაევრცელებინა მოსაზრება, თითქოს "არანაირი აივ/შიდსი არ არსებობს" და რომ "ეს მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ტყუილია."
  • ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას კრემლის ოფიციალური პროპაგანდისტული მედიარესურსი, Russia Today აკონტროლებს 2009 წლიდან.


რატომ ხდება ეს?

მიზეზი, დიდი ალბათობით, ასეთია:

  • პაველ გალინი, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტი, გაეროს ამ მონაცემებს ეყრდნობა.
  • რუსეთის მთავრობა კი გაეროს ანგარიშს "მორიგ პროპაგანდისტულ პროვოკაციას" უწოდებს და პრობლემის მიღებისა და გადაჭრის ნაცვლად, უგულებელყოფს.
  • საერთაშორისო, თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს კი, რომლებიც რუსეთში მოქალაქეებს აივ/შიდსის საკითხებზე სამედიცინო, თუ საინფორმაციო სერვისებს აწვდიდნენ, უცხოური აგენტების შესახებ კანონის საფუძველზე საქმიანობა აუკრძალეს.
  • საგულისხმოა ის, რომ ამ რუსული კანონის ანალოგიური კანონპროექტის მიღება უნდოდა საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოში, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა 2023 წლის მარტში. მთავრობამ აქციები ორჯერ დაარბია ძალის გამოყენებით, შემდეგ კი, საზოგადოებრივი წნეხის გამო, კანონპროექტი ჩააგდო.

ახლა მივუბრუნდეთ ერთ კითხვას, სტატიის დასაწყისიდან — შეუძლია ერთი შეხედვით თითქოს უწყინარ, მტკიცებულებებისგან დაცლილ თეორიებს, ზიანი მოაყენოს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს?

საუბედუროდ, კი.

ეს არის სვეტლანა სუმინა.

  • 2008 წელს, მას, ისევე, როგორც მის ქმარს აივ-დიაგნოზი დაუდგინეს, მაგრამ წყვილმა დაიჯერა შეთქმულების თეორიის, თითქოს, აივ/შიდსი არ არსებობს, უარი თქვეს მედიკამენტურ მკურნალობაზე და წამლები გადაყარეს.
  • სვეტლანა, ლოს ანჯელეს თაიმსთან საუბრისას ჰყვება, რომ 2016 წელს დაორსულდა და ბავშვის ჯანმრთელობაზე დაფიქრდა, წამლების მიღება დაიწყო და თვეების შემდეგ ჯანმრთელი გოგონა გააჩინა.
  • თუმცა, სამწუხაროდ, მის ქმარს არასდროს შეუცვლია აზრი აივ-შიდსზე, მძიმედ დაავადდა იმუნიტეტის დაქვეითებით გამოწვეული გართულებების გამო და 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

და ამ სურათს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ არის შემთხვევები, როდესაც არაკომპეტენტურობისა და უცოდინარობის გამო, ექიმებიც არწმუნებენ პაციენტებს, არ მიიღონ წამალი, რადგან ის "ტოქსიკურია", — ამბობს დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტი პაველ გალინი.

მითებიდან — კანონებამდე

  • ასე, კონსპირაციული თეორიებით საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას რუსეთში კანონები მოჰყვა, რომლებიც, არსებითად, ჯანსაღი, კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენება პოლიტიკურად.
  • მაგალითად, მას შემდეგ, რაც რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ანტისემიტური შეთქმულების თეორია გაავრცელა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახის მკვლელობასთან დაკავშირებით, კრემლმა მიიღო კანონი ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ.
  • ჰომოფობიურ შეთქმულების თეორიებს კი მიჰყვა კანონი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის შესახებ და ორივე ამ კანონით, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეების აღძვრა დაიწყო.

მასალა შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.