ნახეთ: ბნელი მატერიის შემსწავლელი ტელესკოპისგან პირველი სურათები მივიღეთ
პირველ ივლისს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესასწავლად ხომალდი ევკლიდე (Euclid) გაუშვა. მის მიერ სატესტო რეჟიმში გადაღებული ფოტოები ზაფხულში უკვე ვიხილეთ, ახლა კი ობსერვატორიამ პირველი სამეცნიერო სურათები გამოგზავნა, რომლებზეც გასაოცარი ნისლეულები და გალაქტიკებია აღბეჭდილი.
წარმოგიდგენთ ევკლიდეს ობიექტივიდან დაფიქსირებულ 5 გამოსახულებას:
1. ცხენის თავის ნისლეული
ეს შთამბეჭდავი ნისლეული, რომელიც მოკაშკაშე ვარსკვლავების ფონზე ჩანს, მოწითალო ცხენის თავს მოგვაგონებს, სწორედ ამიტომ შეურჩიეს მას ასეთი სახელი. ამ ობიექტს მეორენაირად ბერნარ 33-იც ეწოდება და ჩვენგან 1375 სინათლის წლითაა დაშორებული.
ამ ნისლეულში ვარსკვლავების წარმომქმნელი არეალია, სადაც ახალი მნათობების ფორმირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ცხენის თავის ფორმას მტვრისა და აირის მუქი ღრუბლები ქმნის, რომლებსაც ვარსკვლავურ სისტემა სიგმა ორიონის ულტრაიისფერი გამოსხივება უფრო გამოკვეთს.
ცხენის თავის ნისლეული აქამდეც გვინახავს, მაგრამ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპი ევკლიდე პირველია, რომელმაც მისი ასეთი სრული გამოსახულება სულ რაღაც 1 საათში მოიპოვა. ეს ობსერვატორიის ფართო ლინზის დამსახურებაა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მონაცემების მეშვეობით აქამდე უცნობ, იუპიტერის ზომის პლანეტებსა და ახალგაზრდა მნათობებს აღმოაჩენენ.
2. ვარსკვლავთა სფეროსებური შეჯგუფება NGC 6397
დედამიწისგან 7 800 სინათლის წლის მოშორებით, ირმის ნახტომის გალაქტიკაში, ასობით ათასი ვარსკვლავისგან შემდგარი სფეროსებრი შეჯგუფებაა განლაგებული, სახელად NGC 6397. იქ არსებული მნათობები გრავიტაციის გავლენითაა შეკავშირებული.
"ამჟამად ევკლიდეს გარდა სხვა ტელესკოპს არ შეუძლია, რომ მთლიან სფეროსებრ შეჯგუფებას დააკვირდეს და, ამავდროულად, მასში შემავალი მკრთალი ვარსკვლავები სხვა კოსმოსური წყაროების გარე რეგიონებში არსებული კოსმოსური წყაროებისგან გაარჩიოს" — აცხადებს მისიაზე მომუშავე მეცნიერი, დავიდე მასარი.
სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ევკლიდეს დაკვირვებების წყალობით დააფიქსირებენ ვარსკვლავებს, რომლებიც მსგავს შეჯგუფებებს გალაქტიკაში გადაადგილებისას კვეთენ. მათ კვალს ჩვენ ვერ ვამჩნევთ, რისი მიზეზიც, მეცნიერთა აზრით, სფეროსებრი შეჯგუფების გარშემო არსებული ბნელი მატერია შეიძლება იყოს.
3. უწესრიგო ჯუჯა გალაქტიკა NGC 6822
ყველა გალაქტიკა ჩვენს ირმის ნახტომს არ ჰგავს. ამის თვალსაჩინო მაგალითია უწესრიგო (არარეგულარული) ჯუჯა გალაქტიკა NGC 6822, რომელიც მშვილდოსნის თანავარსკვლავედშია განლაგებული. ის ჩვენგან 1.6 მილიონი სინათლის წლის დისტანციაზეა და აქამდეც გადაგვიღია, მათ შორის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით.
ამის მიუხედავად, ევკლიდემ პირველმა შეძლო, რომ ეს გალაქტიკა სრულად დაახლოებით ნახევარ საათში აღებეჭდა. როგორც ადრეულ სამყაროში გაჩენილი მსგავსი სისტემის უმეტესობაში, NGC 6822-შიც მეტალების ნაკლებობაა. არაა გამორიცხული, ევკლიდემ ამის მიზეზსა და, ზოგადად, გალაქტიკების ევოლუციის ბუნდოვან დეტალებს მოჰფინოს ნათელი.
4. სპირალური გალაქტიკა IC 342
სპირალური გალაქტიკა IC 342 ჟირაფის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მას "დამალულ გალაქტიკასაც" უწოდებენ, რადგან ჩვენი მშობლური ირმის ნახტომის დისკოს ფონზე მისი დაფიქსირება მარტივი არაა.
ეს სისტემა ჩვენგან 11 მილიონი სინათლის წლის დისტანციაზეა და ბევრი ობსერვატორიისთვის ძნელად დამზერადია. ამის მიუხედავად, ევკლიდეს ინფრაწითელმა კამერამ გალაქტიკური მტვრის ერთგვარი საბურველი გაარღვია და აქამდე უცნობი სფეროსებრი შეჯგუფებები გადაიღო.
5. პერსევსის შეჯგუფება
"რევოლუცია ასტრონომიაში" — ასე მოიხსენიებს ევროპის კოსმოსური სააგენტო ამ სურათს აღწერაში.
მასზე პერსევსის შეჯგუფებაა ნაჩვენები, რომელიც იმავე სახელწოდების მქონე თანავარსკვლავედშია განლაგებული. იქ ათასობით გალაქტიკაა გაერთიანებული და დედამიწისგან 240 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ფონზე კიდევ 100 000-ზე მეტი გალაქტიკა ელვარებს, რომლებისგანაც დაახლოებით 10 მილიარდი სინათლის წელი გვაშორებს. მრავალი მათგანი ევკლიდემ პირველმა დააფიქსირა.
მეცნიერებმა გამოავლინეს მკრთალი ნათება, რომელიც არა ამ შეჯგუფებიდან, არამედ გალაქტიკათა შეჯახებების შედეგად დატოვებული ვარსკვლავებისგან მოდის. ისინი მშობელ სისტემებს არ დაუბრუნდა, რაც შესაძლოა, იქ ბნელი მატერიის არსებობაზე მიანიშნებდეს.
კომენტარები