უკვე შეგეძლებათ, ჩატბოტ ChatGPT-ს საკუთარი ვერსია შექმნათ — "არანაირი კოდირება არაა საჭირო"
განახლების ფარგლებში მომხმარებლებს უკვე შეეძლებათ, ChatGPT-ს საკუთარი ვერსია შექმნან, რომელიც მათივე საჭიროებებზე იქნება მორგებული. სერვისით სარგებლობას მხოლოდ ჩატბოტის ფასიანი ვერსიის მქონენი შეძლებენ. სიახლის შესახებ OpenAI-მ, ჩატბოტის შემქმნელმა კომპანიამ, გვამცნო ბლოგპოსტით.
OpenAI-ს განცხადებით, მიზანზე მორგებული AI (ხელოვნური ინტელექტი) "მოქნილობისთვის შეიქმნა". მისი მეშვეობით ხალხს შეეძლება, ნებისმიერი რამ შექმნას, AI-ზე მომუშავე დამგეგმავი იქნება ეს თუ ხმით კონტროლირებადი დიჯეი.
"საბოლოოდ კომპიუტერს უბრალოდ ეტყვით, რა გჭირდებათ, და იგი ყველა ამ საქმეს თქვენ მაგივრად შეასრულებს", — განაცხადა სემ ალტმენმა, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დეველოპერთა კონფერენციაზე.
ChatGPT-ს სხვადასხვა ვერსიას კომპანია GPT-ებს უწოდებს. ბლოგპოსტის თანახმად, "ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი GPT შექმნას — არანაირი კოდირება არაა საჭირო".
მომხმარებლებს შეეძლებათ, AI ჩატბოტის თავიანთივე უნიკალური ვერსიები სპეციალურ ბაზარზე, სახელად GPT Store-ზე გამოაქვეყნონ. აქედან სხვა მომხმარებლები ბოტს გადმოიწერენ და გამოიყენებენ. GPT Store ამ თვეში ჩაეშვება.
საცდელი GPT-ები უკვე ხელმისაწვდომია ChatGPT Plus-ისა და Enterprise-ის მომხმარებლებისთვის. OpenAI გეგმავს, რომ სამომავლოდ ისინი მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.
მათთვის, ვინც ჩატბოტის ფასიანი ვერსიით სარგებლობს, ახალი ფუნქციის გამოცდა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
საგულისხმოა, რომ ეს სერვისი AI ჩატბოტს სხვა შესაძლებლობების კვალდაკვალ ემატება. უნდა აღინიშნოს, რომ ChatGPT Plus-ის საწვრთნელი მონაცემების ბაზა უკვე 2023 წლის აპრილამდე გაფართოვდა.
"ნამდვილად გვჯერა, რომ თანდათანობით მუდმივი სრულყოფა საუკეთესო გზაა AI-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ", — განაცხადა ალტმენმა — "ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მომავლისკენ სიფრთხილით წავიდეთ".
OpenAI-ს დირექტორმა იმაზეც ისაუბრა, რომ ChatGPT-ს ამჟამად კვირაში 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის ორი მილიონი დეველოპერია.
განახლებები ნაწილობრივ ტექნოლოგიური კომპანიების კონკურენციის შედეგია. ChatGPT-ის გაშვების შემდეგ საკუთარი AI ჩატბოტები Google-მა და ფეისბუკის მშობელმა კომპანია Meta-მაც შექმნეს. უახლოეს წარსულში AI ჩატბოტი, სახელად Grok, უკვე ილონ მასკმაც წარადგინა.
ასევე იხილეთ: ილონ მასკმა ახალი ჩატბოტი წარადგინა
კომენტარები