ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებამ, შესაძლოა, ჩვენი ცივილიზაცია გაანადგუროს — როგორ
ორი ნეიტრონული ვარსკვლავის "ცეკვა", შესაძლოა, ჩვენი ცივილიზაციისთვის მომკავდინებელი იყოს. ამგვარი მოვლენა ცნობილია, როგორც "კილონოვა" და საბედნიეროდ, ის ძალზე იშვიათია.
მეცნიერთა შეფასებით, ჩვენი გალაქტიკის 100 მილიარდ ვარსკვლავზე მსგავსი მოვლენა მხოლოდ ათია. მიუხედავად ამისა, ასეთმა შეჯახებამ შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
ამ მომენტამდე, მეცნიერებს სულ რამდენიმე მსგავსი მოვლენა აქვთ დაფიქსირებული და მათგან არცერთი ჩვენს გალაქტიკაში.
კილონოვას ფენომენით ილინოისის უნივერსიტეტის ფიზიკოსი, ჰაილ პერკინსი დაინტერესდა. მისი კვლევა, რომელიც arXiv-ზე გამოქვეყნდა, კილონოვას საფრთხეებს სწავლობს.
კვლევის მიხედვით, თუ ჩვენი პლანეტა ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებისგან წარმოებული გამა-სხივების მიმართ ზუსტ ტრაექტორიაში აღმოჩნდება, ეს კარგი ნამდვილად არ იქნება. ამ შემთხვევაში 300 სინათლის წელიწადით დაშორებული აფეთქებაც კი პლანეტაზე სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
მკვლევრებს აინტერესებდათ როგორ იმოქმედებდა ეს აფეთქება პლანეტებზე. მათი გამოთვლებით, კოსმოსური მოვლენიდან 300 სინათლის წელიწადით დაშორებულ პლანეტას რადიაციისგან გადარჩენის შანსი ძალიან ცოტა აქვს. რაც შეეხება უფრო დაშორებულ პლანეტებს აქ მომაკვდინებელი რადიაციისგან გადარჩენის შანსები მნიშვნელოვნად იზრდება.
მოსალოდნელი არმაგედონი?
კვლევაში აღნიშენულია, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებისგან გაჩენილი კოსმოსური სხივებია. სწორედ ეს სხივები გაანადგურებს დედამიწის ოზონის შრეს, რაც ჩვენს პლანეტას რადიაციის მიმართ დაუცველს გახდის.
ასეთმა სცენარმა შეიძლება დედამიწაზე მასობრივი გადაშენება გამოიწვიოს.
თუმცა, მკვლევრების თქმით, კილონოვას მოვლენა იმდენად იშვიათია, რომ დიდი ალბათობით ჩვენს პლანეტას ასეთი არმაგედონის საფრთხე არ ემუქრება. და მაინც, მსგავსი მოვლენა კოსმოსში ჩვენგან ძალიან შორს რომ მოხდეს, მისი დანახვა ღამის ცაზე შესაძლებელი იქნება.
კომენტარები