რატომ აქვს წამლებს ასეთი ცუდი გემო?
ზოგიერთ წამალს საკმაოდ მწარე გემო აქვს, ამიტომ მათი მიღება ზოგჯერ არც ისე სასიამოვნოა. ერთი შეხედვით, ეს წვრილმანი პრობლემაა, თუმცა მედიცინაში იგი მკურნალობას ხშირად აფერხებს.
ამერიკულ ქიმიურ საზოგადოებას თუ დავეყრდნობით, წამლებში არსებულ ქიმიურ ნივთიერებათა უმრავლესობა მცენარეული წარმომავლობისაა. სწორედ ამით აიხსნება მწარე გემო.
წამლებს რაც შეიძლება ნაკლები დანამატი უნდა ჰქონდეს, რათა აქტიური კომპონენტის მუშაობას ხელი არ შეუშალოს. აბებისთვის სასიამოვნო არომატის დამატება ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან, შესაძლოა, სარგებელზე მეტი პრობლემა მოიტანოს.
ევოლუციურად მწარე გემო იმიტომ განვითარდა, რომ მომწამვლელი ნივთიერებების ჩაყლაპვისგან დავეცავით — საჭიროზე დიდი დოზით მედიკამენტები მართლაც შეიძლება, ჩვენთვის საზიანო იყოს.
თავისთავად, ყველა მედიკამენტს ცუდი გემო სულაც არა აქვს. მაგალითად, იბუპროფენი შეიძლება ტკბილი იყოს, რადგან, რეალურად, გარშემო შაქრის ფენა აკრავს. დიდი ალბათობით, ეს იმიტომ, რომ იბუპროფენს კუჭის გაღიზიანება შეუძლია, გარსი კი წამლის დაშლას აყოვნებს, სანამ იგი ნაწლავებამდე არ მიაღწევს.
პაციენტებისა და ექიმებისათვის წამლების ცუდი გემო ხშირად ქმნის პრობლემებს. პედიატრთა 90%-ზე მეტმა განაცხადა, რომ სწორედ ეს იყო მკურნალობის დასრულებისათვის უდიდესი ბარიერი. ეს ბავშვებისთვის არის განსაკუთრებით დიდი პრობლემა, რადგან მოზარდობამდე ასაკში უფრო მძაფრია მწარე გემოებისადმი მგრძნობელობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (HIV) ანტირეტროვირუსული წამალი განსაკუთრებით მწარეა. ეს მკურნალობას ართულებს, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში. პრობლემის გადასაჭრელად ზოგიერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ალტერნატიული მედიკამენტებიც (თუნდაც დოლუტეგრავირი) დაამზადა, რომლებსაც სასიამოვნო გემო აქვს და წყალში იხსნება.
ზოგიერთი მეცნიერი ამის მოსაგვარებლად განსხვავებულ გზებს ეძებს. ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკის ფარმაციის სკოლის მკვლევრები "ელექტრული ენიდან" შეგროვილ მონაცემებს იყენებენ, რათა ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემა შექმნან და მისი მეშვეობით წამლების სიმწარე წინასწარ განსაზღვრონ. მათი მიზანია, შედარებით უკეთესი გემოს მქონე წამლები შეიქმნას, რათა პაციენტებმა მკურნალობა არ შეწყვიტონ.
თუ უსიამოვნო გემოს გამო წამლის მიღება გიჭირთ, რამდენიმე მარტივი გამოსავალი არსებობს. შეგიძლიათ, აბი ენის უკანა მხარეს მოათავსოთ და იგი სწრაფად გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით. მეორე ვარიანტია, რომ ცხვირზე თითები მოიჭიროთ — სუნის შეგრძნება აღქმული გემოს 80%-ზეა პასუხისმგებელი და ამით გემოს შეგრძნებასაც შეამცირებთ. შეგიძლიათ ისიც, რომ აბი რაიმე ტკბილით დაფაროთ, თუნდაც თაფლით.
გაითვალისწინეთ, რომ, შესაძლოა, ზოგიერთ მედიკამენტის ამ ფორმებით მიღება სულაც არ იყოს მიზანშეწონილი. შესაბამისად, აღნიშნულ მეთოდებს არ მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული მედიკამენტის მიღების წესებს ეწინააღმდეგება.
კომენტარები