ზვიგენებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრს უკვე ორჯერ შემოუარეს — აი, როგორ
დედამიწაზე მიმდინარე ევოლუციის პროცესი შეგვიძლია კოსმოსურ მოძრაობებს შევუსაბამოთ. თუ ამა თუ იმ ცხოველის არსებობას ამგვარად გავაანალიზებთ, ბევრ საინტერესო და სახალისო ფაქტს აღმოვაჩენთ. მაგალითად, იმდენი ხანია ჩვენს პლანეტაზე ზვიგენები ბინადრობენ, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრს უკვე ორჯერ შემოუარეს.
საქმე ისაა, რომ როგორც დედამიწა გადაადგილდება მზის გარშემო, ისე უვლის გარს მთლიანი ჩვენი სისტემა გალაქტიკის ცენტრს, რომლისგანაც 28 000 სინათლის წელი გვაშორებს. მოძრაობის სიჩქარე საათში 828 000 კილომეტრია.
ეს ნიშნავს, რომ მზის სისტემას ირმის ნახტომის ბირთვის ირგვლივ ორბიტაზე გადასაადგილებლად დაახლოებით 230 მილიონი წელი სჭირდება (225-250 მილიონი წელი), რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ზვიგენები ჩვენს პლანეტაზე უკვე დაახლოებით 450 მილიონი წელია, არსებობენ. ამის გათვალისწინებით, გამოდის, რომ მათ გალაქტიკას ორჯერ შემოუარეს.
ფაქტობრივად, ზვიგენების ასაკი 2 გალაქტიკური წელია. ეს ძალიან დიდი დროა. იმდენად დიდი, რომ ზემოხსენებული არსებების ევოლუცია ხეებისასაც კი უსწრებს, რადგან ეს მცენარეები დაახლოებით 390 მილიონი წლის წინ გაჩნდა. ადრინდელი პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ზვიგენები ყველა მასობრივ გადაშენებას გადაურჩნენ, რაც მათი მრავალფეროვნების დამსახურებაა.
"ეს, ნაწილობრივ, იმის წყალობით მოხდა, რომ ზვიგენები წყლის სხვადასხვა დონეებში ბინადრობენ: ოკეანის ღრმა და ბნელი კუნჭულებით დაწყებული, წყალმარჩხი ზღვებითა და მდინარეთა სისტემებით დამთავრებული.
ისინი მრავალი სახის საკვებს ჭამენ, როგორიცაა პლანქტონები, თევზები, სელაპები და ვეშაპები. ამგვარი მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ ზვიგენებს ოკეანური პირობების ცვლილებისას გადარჩენის მეტი შანსი აქვთ", — აცხადებენ მეცნიერები.
კომენტარები