რამდენი ეთნიკურად სომეხი დარჩა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, კაპიტულაციის შემდეგ
მას შემდეგ, რაც სექტემბერში მთიანმა ყარაბაღმა კაპიტულაცია გამოაცხადა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ხანკანდიში (სტეპანაკერტი). ეს, 35 წლის შემდეგ, აზერბაიჯანის ლიდერის პირველი ვიზიტია ხანკანდიში.
კვირას [15 ოქტომბერს], ალიევი ასევე ესტუმრა აღდარას (მარტაკერტი), ხოჯალის და ასგარანს (ასკერანი).
ფოტოებზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ჩანს, როგორ სეირნობს ალიევი ქალაქის ქუჩებში და ასევე, როგორ აღმართა დროშა რეგიონის საპრეზიდენტო სასახლის წინ, საიდანაც მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული "ანტიტერორისტული ოპერაცია" — 19-20 სექტემბერს განხორციელებული შეტევა მთიან ყარაბაღზე, "გარდაუვალი იყო".
"დღეს სრულიად დარწმუნებული ვამბობ, რომ სომხები არ აპირებდნენ მიწის არცერთი სანტიმეტრის დაბრუნებას ჩვენთვის. ამ საკითხის მედიატორებს, უბრალოდ, სურდათ კონფლიქტის გაყინვა", — აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც, მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციის შემდეგ, 100 ათასზე მეტმა სომეხმა რეგიონი დატოვა და თავი სომხეთს შეაფარა.
ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი სომეხი რჩება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, თუმცა ყარაბაღელი პოლიტიკის ანალიტიკოსი, რომელიც ამჟამად ერევანში ცხოვრობს, წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ რეგიონში, ამჟამად, მხოლოდ 50-მდე სომეხი რჩება.
გაეროს მისია, რომელიც მას შემდეგ, რაც სომეხი მოსახლეობა იძულებული გახდა, სომხეთში წასულიყო, ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე დასაკვირვებლად მთიან ყარაბაღში გაიგზავნა, აცხადებს, რომ რეგიონში 50-დან 100-მდე სომეხი რჩება.
ვიზიტის ფარგლებში, ალიევი რეგიონის სამთავრობო ადმინისტრაციის შენობებს ესტუმრა.
"იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც ამ შენობებში მაღალ სკამებზე იჯდა, ამჟამად ბაქოს ციხეებში ზის. იყო დრო, როცა ისინი გვემუქრებოდნენ, რომ მათი ტანკები ბაქოში შემოვიდოდნენ და თავად კი იქ ჩაის დალევდნენ. ისინი მართალი აღმოჩნდნენ — მათი ტანკები ახლა სამხედრო ალაფის გამოფენაზეა, თავად კი ციხეში სვამენ ჩაის”, — თქვა ალიევმა.
მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციის შემდეგ 8 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს, მათგან სამი ყოფილი პრეზიდენტია, ერთი კი - მთიანი ყარაბაღის პარლამენტის სპიკერი.
"სამი ჯამბაზი, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტს ეძახდა, აქ იჯდა, გვემუქრებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველასთვის, მათთვის, ვინც სომხეთში სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობს. ახსოვდეთ, რაც მოხდა," — თქვა ალიევმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები